აია-არმაზი 28:3 - "აიას" დამაჯერებელი გამარჯვება

AutoSharing Option
მე-5 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება ქუთაისში, "დინამოს" სტადიონზე გაიმართა.

"აიასა" და "არმაზის" წყვილს შორის ფავორიტის დასახელება ძალიან რთული იყო, ორივე გუნდმა ჩემპიონატი კარგად დაიწყო და სატურნირო ცხრილშიც თანაბარი ქულებით ერთმანეთის გვერდიგვერდ მეორე-მესამე ადგილებზე იმყოფებოდნენ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მათ შორის უშეღავათო ბრძოლა უნდა გამართულიყო, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

სტუმრებმა შესანიშნავად მოთამაშე ქუთათურებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველი ტაიმის საწყის 20 წუთში გაუწიეს, შემდეგ კი მეტოქეს ყველა კომპონენტში დააჩაგვრინეს თავი.

"აიამ" ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა, მეტოქეს შერკინებაშიც აჯობა და ხელდახელ თამაშშიც. თავდაპირველად
ქუთათურებსაც მოსდიოდათ შეცდომები, მაგრამ თამაში მალევე დაალაგეს და სანახაობრივი რაგბი შემოგვთავაზეს.

შეხვედრა მასპინძლების შეტევებით დაიწყო. საკუთარი 22-მეტრიანი ზონის სიახლოვეს შერკინებიდან ბურთის არასწორად გამოტანისთვის ირლანდიელმა არბიტრმა ირაკლი აბუსერიძე დააჯარიმა. ქუთაისელთა მგეზავ გაგა სინაურიძეს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ მისი საჯარიმო დარტყმა ძელს მოხვდა.

მასპინძლები ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, სამჯერ მივიდნენ ჩათვლის მოედნამდე, მაგრამ დავით ვართანიანის შეგირდებმა თავი კარგად დაიცვეს, საპასუხო შეტევაში კი საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა დავით კიკნაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

23-ე წუთზე ანგარიში საჯარიმო დარტყმით გაგა სინაურიძემ გახსნა და აქედან მოყოლებული, "აია" სრულ უპირატესობას დაეუფლა.

ცოტა ხანში სინაურიძემ მეორე ჯარიმაც გაიტანა და ქუთათურები 6:0 დაწინაურდნენ. ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის შეგირდები შეტევებს განაგრძობდნენ და მალე პირველი ლელოც მიითვალეს.

ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა ქუთაისელთა ფულბეკმა ზურაბ ძნელაძემ. მან საკუთარ ნახევარზე იგდო ხელთ ბურთი, ცრუ მოძრაობებით ხუთ მეტოქეს დაუსხლტა და შუამარბ გიორგი ფრუიძეს გააჭრევინა ხაზი, რომელმაც ჩათვლის მოედნამდე შეუჩერებლივ ირბინა. სინაურიძემ გარდასახა - 13:0.

ტაიმის ბოლოს სტუმრებმა გაიბრძოლეს და საბა ნიკოლავამ საჯარიმო დარტყმით სამი ქულა გაქვითა.

მატჩის მეორე ნახევარი ქუთაისელთა კოლოსალური უპირატესობით წარიმართა. აბუსერიძის არაზუსტ გადაცემას "აიას" მწვავე შეტევა მოჰყვა, რომელიც სინაურიძემ ახლო მანძილიდან არეკნით დააგვირგვინა - 16:3.

ქუთაისელები შეტევებს განაგრძობდნენ და უმეტესად მეტოქის ლელოს ხაზთან ახლოს ტრიალებდნენ.

მალე მარცხენაფლანგელმა გიორგი აბრამიძემ სერგო კვერნაძეს მარჯვენა ფლანგზე გადაუკიდა ბურთი. კვერნაძემ მარჯვედ იმოქმედა, "არმაზის" ბეკებმა მისი შეჩერება ვერ შეძლეს და ბურთი ლელოში დაამიწა.

დარჩენილ დროში "აიამ" პრემიალური ლელოც გაიტანა. დერეფნის მოგების შემდეგ მძლავრი ბიძგით სტუმრები ჩათვლის მოედანთან ახლოს მიიყვანეს. ბოლო ფაზაში შეცვლაზე შესული მორაგბეები დავით ლოსაბერიძე და თორნიკე ძაგნიძე ლელოს ხაზთან ახლოს მძლავრად ეკვეთნენ მეტოქეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ჰავბეკმა თემურ თუთბერიძემ შეტევა ლოგიკურად დააგვირგვინა. შეცვლაზე შესულმა რეზო ჯინჭველაშვილმა გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 28:3.

საქართველოს ჩემპიონატი რაგბიში. V ტური
აია-არმაზი 28:3
აია (15-9) ძნელაძე, კვერნაძე, ფრუიძე, ირემაძე (ლოსაბერიძე 46), აბრამიძე, სინაურიძე (ჯინჭველაშვილი 54), თუთბერიძე; (1-8) რატიაშვილი, მატკავა (ტორაძე 66), ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე 63), შალამბერიძე, ჩიტეიშვილი (ძაგნიძე 72), რევიშვილი, დანგაძე (ცირეკიძე 70), ყურაშვილი.
3ლ: ფრუიძე, კვერნაძე, თუთბერიძე. 2გ: სინაურიძე, ჯინჭველაშვილი
2ს,ა: სინაურიძე
არმაზი (15-9) ნიკოლავა, ლიპარტელიანი (პინაიშვილი 64), მაჩხანელი, ბროძელი (ჩხაიძე 59), ხუციშვილი, კიკნაძე, აბუსერიძე (მისრიაშვილი 72); (1-8) ბეჟუაშვილი (ჯიბლაძე 60), თაგაური, მარგველანი (ბუკია 55), ბარბაქაძე (ესართია 61), არჩუაშვილი, გიგაური, მინაშვილი, სოსელია (კანდელაკი 46)
ს: ნიკოლავა
მსაჯი: კენ ინბუჩი (ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული