საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატი: საუკეთესო შვიდეული

AutoSharing Option
სანაკრებო თამაშებით გამოწვეული ერთთვიანი პაუზა დასრულდა და ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩებს თბილისის, რუსთავის და ბათუმის სტადიონებმა უმასპინძლეს.

მეცხრე ტური სრულყოფილი გამოდგა და უკლებლივ ყველა მატჩი ჩატარდა, რითაც დასრულდა კიდეც რეგულარული გათამაშების პირველი წრე, რამაც საშუალება მოგვცა, შეგვეჯამებინა როგორც განვლილი ტურის, ასევე პირველი ეტაპის საერთო შედეგები.

0:0
მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩში, ავჭალის სარაგბო ბაზაზე ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, "არმია" და "ლელო" დაუპირისპირდნენ.

მოლოდინისამებრ, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველივე წუთებიდან უპირატესობას ნიკო ჭავჭავაძის მიერ გაწვრთნილი არმიელები დაეუფლნენ და ანგარიშის გახსნის შანსი არაერთხელ
მიეცათ, თუმცა მათი მგეზავი ხელსაყრელი პოზიციებიდან უარს ამბობდა საჯარიმოს კარში დარტყმაზე, ვინაიდან საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა ავჭალაში.

დერეფნში ბურთის სწორად აგდებაც ჭირდა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო და ტექნიკური წუნი საკმაოდ დიდი იყო ორივე გუნდის მხრიდან. მოგვიანებით "არმიამ" ვერც რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა, როდესაც მსაჯმა სინბინში გაუშვა "ლელოს" ცხრა ნომერი გიორგი კაჭარავა და საბოლოოდ მატჩის პირველი ნახევარი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით, 0:0 დასრულდა.

ვეტერანი სათადარიგოთა სკამზე
"ყოჩებისა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებამ, მოლოდინისამებრ, თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და არაერთხელ შეიცვალა მატჩში ლიდერი. უშეღავათო ბრძოლაში ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.

რკინიგზელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ბენდიაშვილმა მატჩის წინ დაგეგმილი ტაქტიკური ჩანაფიქრი განახორციელა.

სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა ყოფილი "ბორჯღალოსანი" და უაღესად გამოცდილი ბურჯი დავით გასვიანი, რომელიც უკანასკნელი 15 წუთისთვის შემოინახა.

ცვლილებამ გაამართლა. მატჩში ჩართულმა გასვიანმა საკმაოდ გაამწვავა "ლოკომოტივის" თამაში და მათმა შერკინებამ აშკარად დაჯაბნა მეტოქე, როგორც სტატიკურ, ასევე ღია თამაშში, რამაც შედეგი მალევე მოიტანა.

"ყოჩების" ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში რკინიგზელებმა მეტოქის შერკინება წამოშალეს, რითაც ცხრა ნომერმა ალეკო ზაბახიძემ ისარგებლა და გადამწყვეტი ლელო გაუტანა ბოლნისელებს - 20:19.

ვაჟა ხუციშვილი
20 წლის ვაჟა ხუციშვილი რუსთავის "ხარების" ლიდერია და, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მან უკვე მოასწრო "ბორჯღალოსანთა" რიგებში არაერთი მატჩის ჩატარება.

გასულ უქმეებზე "ხარები" საკუთარ მოედანზე ტრავმებისგან დასუსტებულ "არმაზს" მასპინძლობდნენ და თამაშის მოგების მშვენიერი შანსიც ჰქონდათ, თუმცა დრამატულ მატჩში ორქულიანი სხვაობით დამარცხდნენ - 10:12.

რუსთაველთა ყველა შეტევის სულის ჩამდგმელი სწორედ მათი ახალგაზრდა ცხრა ნომერი გახლდათ, რომელიც მოედანზე აშკარად საუკეთესო იყო. ხუციშვილმა მე-12 წუთზე ლელოც გაიტანა და შემდეგაც არ დაუკლია ცდა, თუმცა შრომა მხოლოდ ერთი პრემიალური ქულით დაუფასდა.

ყოჩები ექვსეულს მიღმა
ძალიან ძვირად დაუჯდათ "ყოჩებს" გასულ ტურში "ლოკომოტივთან" ნაწვნევი მარცხი, ვინაიდან მათმა უშუალო კონკურენტებმა: "არმაზმა", "არმიამ" და "ჯიქებმა" თავიანთი შეხვედრები მოიგეს და ბოლნისელები მიმდინარე ჩემპიონატში პირველად აღმოჩნდნენ საპლეიოფო ექვსეულს მიღმა.
სატურნირო ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა.

მეშვიდე და მეოთხე საფეხურებზე მყოფ გუნდთა შორის სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა. ასე რომ, რეგულარული გათამაშების მეორე ეტაპზე თითოეულ ქულას ოქროს ფასი მიეცემა, რაც უფრო მეტ ხიბლს და დაძაბულობას შესძენს ეროვნულ ჩემპიონატს.

უქულოდ არავინ დარჩა
გასული ტური იმ მხრივაც გახლდათ გამორჩეული, რომ უმაღლესი ლიგის ათივე მონაწილემ მოახერხა და თუნდაც ერთი ქულა აიღო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გასულ სეზონთან შედარებით, კლუბები სიძლიერით მეტ-ნაკლებად გათანაბრდნენ.

აუტსაიდერთა სამეულმა ("ბათუმი", "აკადემია", "რუსთავი") გასულ ტურში თავგანწირვით იბრძოლა და თითოეული მათგანი ახლოს გახლდათ გამარჯვებასთან, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფორტუნამ აქცია ზურგი და მხოლოდ პრემიალურ ქულებს დასჯერდნენ.

ბომბარდირთა დავა
რეგულარული გათამაშების პირველი წრის დასრულების შემდეგ ბომბარდირთა დავას 114 ქულით სათავეში უდგას ბოლნისის "ყოჩების" ფეხჩუბინი მგეზავი თემურ სოხაძე, რომლის ანგარიშზეც 2 ლელო, 16 გარდასახვა, 21 საჯარიმო და 3 არეკნია. მეორე საფეხურზე იმყოფება "ლელოს" ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი, რომელიც ლიდერს 13 ქულით ჩამორჩება; ხოლო მესამე ადგილს 77 ქულით "არმაზის" მგეზავი დავით კიკნაძე იკავებს.

წითელ-ყვითელი ბარათები
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველაზე არადისციპლინირებული გუნდები გასული სეზონის ფინალისტი "არმია" და მოქმედი ჩემპიონი "ლელო" არიან.

ლევან მაისაშვილის მიერ გაწვრთნილმა "ლელომ" გასულ 9 ტურში 13 ყვითელი ბარათი დასტყუა მთავარ მსაჯს, რაც ნამდვილად ყურადღების მისაქცევი ფაქტია. 12 ყვითელი ბარათი უჩვენეს "არმიას" მორაგბეებს, რაც ასევე საკმაოდ ბევრია. უდისციპლინოთა სამეულს კი ასრულებს "აკადემია", რომლის "მონაგარიც" 11 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათია.

ყველაზე მოწესრიგებული გუნდი თემურ ბენდიაშვილის მიერ გაწვრთნილი "ლოკომოტივია". რკინიგზელებს 9 მატჩში 4 ყვითელი ბარათი უჩვენეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული