მომავალ უქმეებზე გამართული მატჩების შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში შესვენება მარტამდე გამოცხადდება.
მანამდე კი სატურნირო ცხრილს სათავეში ისევ მოქმედი ჩემპიონი, თბილისის "ლელო" ჩაუდგა. თუმცა პოტენციური ლიდერი ქუთაისის "აიაა", რომელმაც მე-11 ტურის შეხვედრა "ბათუმთან" უამინდობის გამო გამოტოვა.
"ლელომ" კი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ერთ-ერთ აუტსაიდერს, თბილისის "აკადემიას" დამაჯერებლად სძლია - 32:0.
ამ მატჩში კიდევ
"ლელომ" კი ზედიზედ ორი წაგებული თამაშის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა. მომდევნო ტურში ლელოელები სტუმრად ითამაშებენ კიდევ ერთ აუტსაიდერ რუსთავის "ხარებთან".
ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება, სადაც მეორეადგილოსანი თბილისის "ლოკომოტივი" ქუთაისის "აიას" დაუპირისპირდება.
დღესდღეობით ორივე გუნდს 36-36 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. რკინიგზელები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სეზონის წინ წამყვან მოთამაშეებს კარგავენ, მაინც ინარჩუნებენ ადგილს ლიდერთა მარაქაში და ამჯერადაც ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტები არიან.
"ლოკომოტივმა" წინა ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა თბილისის "არმაზთან", რითაც თავისი ამბიციების საფუძვლიანობა დაამტკიცა.
ამ შეხვედრაში პირველად გაიბრწყინა რკინიგზელთა ახალწვეულმა, მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა, რომელიც გუნდში "ლელოდან" გადაბარგდა. ცხადია, მას მხარი საქართველოს ნაკრების ფულბეკმა ბექა წიკლაურმაც აუბა, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
"აიას" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ქუთათურებს, ტრადიციულად, უჭირთ რკინიგზელთა გუნდთან თამაში. აკი პირველ წრეში "აიამ" შინ მეტოქეს ვერაფერი დააკლო და ჩემპიონატში პირველი მარცხი იგემა. ცხადია, ქუთაისელი მორაგბეები რევანშის აღებას შეეცდებიან. მით უფრო, რომ განვლილ ტურში არ უთამაშიათ და ძალების დაზოგვას შეძლებდნენ.
მე-12 ტურში გამორჩეული იქნება, ასევე, "ჯიქებისა" და "არმაზის" დაპირისპირება. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვიან. "არმაზის" მარცხის შესახებ "ლოკომოტივთან" უკვე ვთქვით. ისიც არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ "ჯიქები" ახალგაზრდული და ბოლომდე მებრძოლი გუნდია.
გიორგი ამირხანაშვილის სამწყსომ მეორე წრე "ლოკომოტივთან" ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო და მისი წინსვლა განვლილ ტურში ბოლნისის "ყოჩებმა" დაამუხრუჭეს.
"ჯიქებს" შესანიშნავი შანსი აქვს, გამარჯვების შემთხვევაში მოწინავე ექვსეულში პოზიცია გაიმყაროს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ "არმაზს" ერთი მატჩი აუტსაიდერ "ბათუმთან" თადარიგში აქვს.
ერთი სიტყვით, ამ ორი, თითქმის ტოლ-სწორი გუნდის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს და ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.
მეორე წრეში მწყობრში ჩადგა "არმია", რომლის სათვალავიდან ამოღება არაფრით არ შეიძლება.
არმიელებმა, "ლოკომოტივისა" და "აიას" მსგავსად, 36 ქულა დააგროვეს და ახლა მე-4 ადგილზე არიან. მათი მეტოქე სტუმრად აუტსაიდერი "ბათუმი" იქნება, რომელთანაც, სავარაუდოდ, მორიგი გამარჯვების მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ და ჩემპიონატის პირველ ეტაპს მოწინავე სამეულში დაამთავრებენ. თუმცა, თეორიულად იმის შანსიც არსებობს, რომ სულაც ლიდერები გახდნენ.
საინტერესო ბრძოლა შედგება თბილისის "აკადემიასა" და ბოლნისის "ყოჩებს" შორის. ეს უკანასკნელი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და შეჯიბრების ბოლოს, ვფიქრობთ, ერთ-ერთ ფავორიტად მოგვევლინება.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 11 8 0 3 +141 39
2. ლოკომოტივი 11 8 0 3 +63 36
3. აია 10 8 0 2 +86 36
4. არმია 11 7 1 3 +102 36
5. ყოჩები 11 6 1 4 +34 30
6. ჯიქები 11 5 2 4 +57 29
7. არმაზი 10 6 0 4 -16 26
8. ხარები 11 1 0 10 -142 7
9. აკადემია 11 1 0 10 -177 7
10. ბათუმი 9 1 0 8 -148 6
XII ტური
ბათუმი-არმია, ხარები-ლელო, აკადემია-ყოჩები, ლოკომოტივი-აია, ჯიქები-არმაზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"