არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ქუთაისური გუნდის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ და ამის დამტკიცებას მეორე ეტაპზე შეეცდებიან.
"აიას" სამზადისსა და სამომავლო გეგმებზე გუნდის მენეჯერს, კობა გიორგაძეს ვესაუბრეთ.
- როგორ ემზადება "აია" სეზონის განახლებისთვის?
- 15 იანვრიდან შეკრებაზე დუშეთის ოლიმპიურ ცენტრში ვიმყოფებით, სადაც 24 იანვრამდე დავრჩებით. გუნდი სრული დატვირთვით ემზადება, სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს, ყურადღებას როგორც ტექნიკურ,
- გუნდში რა ცვლილებებია?
- ცვლილებებს რაც შეეხება, ბევრი სიახლე არა გვაქვს. როგორც ყოველთვის, "აიას" ახალგაზრდული გუნდიდან, რომელიც გასულ წელს ჭაბუკთა "ა" ლიგის გამარჯვებული გახდა, რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა დავიმატეთ. ისინი ბოლნისში გუნდთან ერთად იმყოფებიან შეკრებაზე და მალე ოფიციალურ შეხვედრებშიც გამოჩნდებიან. მოგეხსენებათ, შუა სეზონის დროს შიდა ჩემპიონატში კლუბიდან კლუბში გადასვლა არ შეიძლება. თუ კლუბს ვინმეს დამატება უნდა, აუცილებლად უცხოეთიდან უნდა მიიწვიოს ან თავისი ახალგაზრდული გუნდიდან დაიმატოს. ჩვენ აქცენტს ისევ ახალგაზრდებზე ვაკეთებთ.
- ძირითადად, რომელი პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობთ?
- ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დუშეთში ვიახლეთ, არიან უკანა ხაზისა და შერკინების მოთამაშეები, ასევე, 9 ნომერი. პირველ ეტაპზე შერკინებაში შეგვექმნა პრობლემები და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად ვმუშაობთ.
- პირველ ეტაპზე რამდენიმე თამაში ბოლო წუთებზე წააგეთ. ალბათ, ეს არასახარბიელო ფიზიკური მომზადების გამოც მოგივიდათ...
- ჩემპიონატი ისე დავიწყეთ, რომ სეზონის წინ შეკრება საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან მხოლოდ ჩვენ ვერ გავიარეთ. ამან "აიას" თამაშზე უარყოფითად იმოქმედა.
ისედაც გაახალგაზრდავებული შემადგენლობა გვყავდა და მცირე დროში მათი ჯეროვნად შეთამაშება ვერ მოესწრო. ამას ასაკობრივ ნაკრებებში ჩვენი მოთამაშეების მიწვევაც თან დაერთო; იყო შემთხვევები, როცა ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი გვაკლდა, ტექნიკური შეცდომებიც იყო... თუმცა, ახლა თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რომ ყველა ხარვეზი აღმოიფხვრას და გულშემატკივრების წინაშე გაცილებით ძლიერი "აია" წარდგეს.
- გათამაშების ცხრილში ამ ეტაპზე მე-6 საფეხურზე იმყოფებით. ალბათ, ისეთი ამბიციური გუნდი, როგორიც "აიაა", ასეთი შედეგით არ დაკმაყოფილდება...
- პირველ რიგში, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრას ვგეგმავთ, რაც პლეი ოფში თამაშის საშუალებას მოგვცემს, შემდეგ კი საპრიზო ადგილებისთვისაც ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლაა და ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებთ. მეორე-მეოთხე ადგილებზე მყოფ "ბათუმს", "ლელოს" და "ხარებს" 30-30 ქულა აქვთ, ჩვენ და "ლოკომოტივს" კი 24-24. ასე რომ, დარჩენილ ტურებში ყველაფერი შესაძლებელია.
- სეზონს გათამაშების ლიდერ ბოლნისის "ყოჩებთან" მატჩით განაახლებთ. რას იტყვით ამ დაპირისპირებაზე?
- "ყოჩები" რომ ძლიერი გუნდია, ამაზე სატურნირო მდგომარეობაც მეტყველებს, სეზონის წინ საკმაოდ კარგი დაფინანსება მიიღეს, რამაც საშუალება მისცათ, სხვადასხვა კლუბში გაფანტული მორაგბეები დაებრუნებინათ და ძლიერი და შეკრული გუნდი ჩამოაყალიბეს.
თუმცა ჩვენს გუნდზე წინ ვერ დავაყენებ. თუკი მოვინდომებთ და ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, არა მგონია, საქართველოს ჩემპიონატში ჩვენზე ძლიერი გუნდი თამაშობდეს.
აქამდე გამოუცდელობით ვაგებდით თამაშებს, იყო შეცდომები, მაგრამ ვინც "აიას" ასპარეზობას თვალს ადევნებდა, დამეთანხმება, რომ თამაშიდან თამაშამდე გუნდი პროგრესირებდა, ახლა კი შევეცდებით, ეს შეცდომები სრულად აღმოვფხვრათ.
- დაფინანსების საკითხი მოგვარებული გაქვთ?
- სეზონის ბოლომდე ბიუჯეტი გათვლილი გვაქვს და არ გვგონია, პრობლემები შეგვექმნას. რაგბის კავშირის მიერ გამოყოფილ თანხებთან ერთად, ალბათ, ქალაქის მერიაც დაგვეხმარება. "აიას" სპონსორი "კავკასუს ონლაინიც" დაუბრუნდა.
- ქუთაისის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა რა ეტაპზეა?
- როგორც დაგვპირდნენ, თებერვლის ბოლოს სასტუმროს მშენებლობას აუცილებლად დაიწყებენ; სათადარიგო ბუნებრივსაფარიანი მოედანი დასრულებულია, ცოტა დრო სჭირდება და იქ სავარჯიშოდაც შევალთ. ხელოვნურსაფარიან მოედანზე დღესაც მუშაობენ და გვპირდებიან, რომ უამინდობის შემთხვევაში, 31 იანვარს "ყოჩების" წინააღმდეგ მასზე თამაში შესაძლებელი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"