ცხადია, საინტერესოა, გუნდის სახელიდან გამომდინარე, რა მისია აკისრია ახალ კლუბს.
"მისიონერების" დაარსების იდეის ავტორი და განმხორციელებელი ყოფილი ლელოელი დავით კობეშავიძეა, რომელიც კლუბის პრეზიდენტი და ერთდროულად გუნდის კაპიტანიც გახლავთ.
"ჩვენი კლუბის მოთამაშეთა უმრავლესობა თბილისის "ლელოს" ყოფილი მოთამაშეა. გვინდა ამ წამოწყებით რაგბის პოპულარიზაციას გავუწიოთ სამსახური და, ამასთან ერთად, ქველმოქმედებითაც
"მისიონერების" მიზანია, რეგიონებში, განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთ საქართველოში საქველმოქმედო მატჩების გამართვა და ამ გზით იქ რაგბის პოპულარიზაცია.
ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ პოლონურ, უკრაინულ და რუმინულ გუნდებთან. გვინდა თბილისში საერთაშორისო ტურნირი მოვაწყოთ. დავაწესებთ სიმბოლურ ფასს მატჩებზე დასასწრებად და შემოსულ თანხას საჭიროების მიხედვით გადავურიცხავთ უპატრონო ბავშვთა სახლებს ან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.
ამასთან ერთად, კონტაქტებს ვამყარებთ ჩვენს მეზობლებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთსა და სომხებთან. გვინდა ისინიც მოვიწვიოთ საქართველოში სათამაშოდ და ჩვენი ქვეყანა გახდეს რეგიონული ცენტრი რაგბის განვითარების საქმეში.
ცხადია, ყოველივე ამას გარკვეული სახსრები სჭირდება. დახმარებას "შპს იმედის კლინიკა" გვიწევს. კარგი იქნება, თუ სხვა სპონსორებიც გამოგვიჩნდება ამ საშურ საქმეში. ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ და ამ ყოველივეში ანაზღაურებას არ ვითხოვთ.
მთავარია, რაგბი გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს", - თქვა დავით კობეშავიძემ.
"მისიონერებმა", რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი თამაშობს, პირველი მატჩი გამართა სამოყვარულო კლუბ თბილისის "დევებთან" და 17:5 დაამარცხა.
ლელოები გაიტანეს: რეზო ჭანკვეტაძემ, თემურ ქობელაშვილმა და შახინ აივაზოვმა. ერთი გარდასახვა ირაკლი ჯალაღონიას ანგარიშზეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"