აია-ბათუმი 9:3 - ლელოს გარეშე

AutoSharing Option
ქულები ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა და შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ბათუმელები თავიდან მცირეოდენ უპირატესობას ფლობდნენ და შერკინებაშიც ყოჩაღობდნენ, მაგრამ მე-10 წუთიდან მასპინძლები უფრო თამამად ათამაშდნენ და დაწინაურება მოახერხეს.

თავდაპირველად რეზო ჯინჭველაშვილმა არეკნით სცადა ზღვისპირელთა დამწუხრება, მაგრამ მიზანს ააცილა. იქვე "აიამ" საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა და ჯინჭველაშვილმა ამჯერად ბურთი ძელებს შორის გაატარა - 3:0.

ამის შემდეგ ქუთაისელებმა ორი ძალზე სახიფათო შეტევა განახორციელეს, თუმცა სტუმრებმა ჯერ იოსებ კიკვაძე შებოჭეს ლელოს ხაზთან ახლოს, მერე კი გიორგი აბრამიძის შეჩერებაც მოახერხეს. 25-ე წუთზე ქუთაისელები
დაჯარიმდნენ და სტუმართა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. "ბათუმმა" მეტოქეს რამდენიმე აუტი მოუგო, მაგრამ შეტევები სათანადოდ ვერ განავითარა. 37-ე წუთზე კიკვაძემ საკმაოდ შორიდან, 56 მეტრიდან გადაწყვიტა საჯარიმოს კარში დარტყმა და მასპინძელთა სასიხარულოდ, ზუსტად გაისროლა - 6:3.

ტაიმის ბოლოს კობახიძემ და კიკვაძემ საჯარიმო დარტყმები გაცვალეს, მაგრამ ორივემ ააცილა. მატჩის მეორე ნახევარში კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა გაჩაღდა, რადგანაც გუნდებს ლელოს ხაზთან მიახლოება უჭირდათ. თუკი ჯარიმის დარტყმის უფლებას მოიპოვებდნენ, რთული დისტანციის მიუხედავად, თამაშის გაგრძელებას კარში დარტყმას ამჯობინებდნენ.

თამაშის განახლებისთანავე ჯინჭველაშვილმა ძელს გაარტყა ბურთი, შემდეგ კობახიძეს გაუცუდდა დარტყმა, 72-ე წუთზე კი ისევ ჯინჭველაშვილმა ააცილა. 73-ე წუთზე უჩა ნარიმანიძემ ზურაბ ერისთავი გაასინბინა და "ბათუმი" ბოლო წუთებზე 14 კაცის ამარა დარჩა.

მასპინძლებმა კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს და ამჯერად ჯინჭველაშვილმა ზუსტად დაარტყა - 9:3. დარჩენილ დროში სტუმრები ლელოს გატანას შეეცადნენ, თუმცა ქუთაისელებმა უშეცდომოდ ითამაშეს და რთული შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.

დიდი 10. XI ტური
აია-ბათუმი 9:3
აია (15-9) მოდებაძე, კიკვაძე, მანაგაძე, გ. სინაურიძე (ბ. ტორაძე 41), აბრამიძე, ჯინჭველაშვილი, თუთბერიძე (ე. კიკვაძე 66) (1-8) რატიაშვილი (მატარაძე 66), მატკავა (გ. უმც. ტორაძე 66), გ. უფრ. ტორაძე (წაქაძე 51), ა. ჩიტეიშვილი, გ. ჩიტეიშვილი, შალამბერიძე (სალდაძე 31), დ. ლოსაბერიძე, არეშიძე (რევიშვილი 51)
3ს: ჯინჭველაშვილი (2), კიკვაძე
ბათუმი (15-9) კობახიძე, ევგენიძე (გოგიტიძე 70), ჯიმშელაძე, დონაძე, მიმინოშვილი (ნინიძე 51), ჭინჭარაული, თუთბერიძე; (1-8) ერისთავი, კვანტიძე (თედორაძე 78), ბალიაშვილი (ბერიძე 57), აზალაძე, ნიუვენჰოიზენი (ხელაძე 70), ფუტკარაძე, შაშიაშვილი (ალიქაძე 45), თხილაიშვილი
ს: კობახიძე
სინბინი: ერისთავი (73)
მსაჯი: უჩა ნარიმანიძე

არმია-ლელო 9:15
არმაზი-ყოჩები 12:15
ჯიქი-ლოკომოტივი 13:25
ხარები-აკადემია 3:8


სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 11 8 1 2 +46 37
2. ჯიქი 11 7 1 3 +68 35
3. ბათუმი 11 7 1 3 +38 34
4. ლოკომოტივი 11 7 0 4 +51 33
5. აია 11 7 1 3 +35 32
6. ყოჩები 10 5 0 5 0 24
7. აკადემია 11 4 0 7 -57 19
8. ხარები 11 4 0 7 -51 19
9. არმია 11 2 1 8 -70 15
10. არმაზი 10 0 1 9 -60 8

XII ტური
აკადემია-არმია, ბათუმი-ხარები, ყოჩები-აია, ლოკომოტივი-არმაზი, ლელო-ჯიქი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული