ლელო-ლოკომოტივი 17:15 - "ლელო" ზედიზედ მეოთხედ გაჩემპიონდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ თბილისის "ლელო" გახდა. ვაკის სტადიონზე გამართულ დრამატულ ფინალში ლელოელებმა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" 17:15 დაამარცხეს და კიდევ ერთხელ აღმართეს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი.

"ლელოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება, განსაკუთრებით კი, ჩემპიონატის ფინალში ერთგვარ დერბიდ იქცა. რკინიგზელები არცთუ დიდი ხნის წინათ ჰეგემონიას ფლობდნენ. "ლელო" მისთვის სერიოზული კონკურენტი აღმოჩნდა, რომელმაც "ლოკომოტივს" პოზიციები დაათმობინა.

"ლელო" რეკორდსმენია. აქამდე ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა არავის უზეიმია. არადა, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, რკინიგზელებიც ახლოს იყვნენ წარმატებასთან.

შეგახსენებთ, რომ "ლელომ" რეგულარული გათამაშება დამაჯერებლად მოიგო. მან მეორეადგილოსან "ლოკომოტივს"
ცხრა ქულით გაუსწრო. მერე რკინიგზელებს შესარჩევ ფინალშიც სძლია და ახლა დიდ ფინალში გამარჯვებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესო კლუბია საქართველოში.

თამაში "ლელომ" აქტიურად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა. რკინიგზელთა 22-მეტრიან ზონასთან ფულბეკი ბექა წიკლაური ბურთის ფეხით გამოტანას შეეცადა. მას "ლელოს" მესამეხაზელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა დაუფარა. ბურთს დაეუფლა, მიჰყვა და ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს.

წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ფლანკერმა ელგუჯა სურგულაძემ აიტაცა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ირაკლი ყიასაშვილმა ვერ გარდასახა - 5:0.

ამის მერე, მთელი 20 წუთის განმავლობაში, უპირატესობას "ლოკომოტივი" დაეუფლა. რკინიგზელთა შერკინება უფრო სწრაფად და სახიფათოდ ირჯებოდა. მათმა ძალისხმევამ ნაყოფი მე-20 წუთზე გამოიღო. მრავალფაზიანი შეტევის შედეგად "ლელოს" დაცვაში რამდენიმე დაუცველი სივრცე დარჩა, რაც შეტევის მარცხენა ფრთაზე კარგად გამოიყენა გარემარბმა დიტო კალანდაძემ. ის ოსტატურად დაუსხლტა ხელიდან მეტოქის მცველებს და ლელო გაიტანა. წიკლაურმა ზუსტად გარდასახა - 7:5.

ტაიმის მიწურულამდე ორივე გუნდის მცდელობას, ანგარიში შეეცვალათ, შედეგი არ მოჰყოლია. ორქულიანი უპირატესობით პირველი ნახევარი ლოკომოტივმა მოიგო.

შესვენების შემდეგ ისევ "ლელო" გააქტიურდა და 49-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურდა. მარცხენა ფრთაზე ლელოელები მეტოქეს მოლით მიეძალნენ. უკან გვარიანად დაახევინეს, მაგრამ თამაში რაკში გადავიდა. მერე ბურთი ხაზზე მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს, სადაც ყიასაშვილი შესანიშნავად გაისარჯა და ლელო მიითვალა. გარდასახვა თვითონვე დაარტყა, მაგრამ არაზუსტად - 10:7.

ორი წუთიც არ იყო გასული, "ლოკომოტივმა" საჯარიმოს დარტყმის უფლება რომ მოიპოვა და წიკლაურმა საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 10:10.

თამაში გუნდების ცვალებადი უპირატესობით გაგრძელდა. 68-ე წუთზე "ლოკომოტივმა" მორიგი ხანგრძლივი იერიში მოაწყო. შეტევის მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლოს მარცხენა ფრთაზე ბურთი გარემარბის პოზიციაზე მყოფ შერკინების პირველხაზელს, ხვთისო ელოშვილს გაუტანეს, რომლის შეჩერებაც ლელოელებმა ვეღარ შეძლეს. წიკლაურმა გარდასახვა რთული პოზიციიდან ვერ გაიტანა - 15:10.

თამაშის დასრულებამდე 12 წუთი იყო დარჩენილი, რაც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ "ლელოს" საპასუხო ლელო გაეტანა და მატჩის ბედი სათავისოდ გადაეწყვიტა.

შეტევა ქვეყნის ჩემპიონებმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან დაიწყეს, ფაზები აკინძეს, მერე, 74-ე წუთზე, ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაათამაშეს. იქ რკინიგზელებმა ალექსანდრე თოდუა მალევე შებოჭეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა სანდრო მინდიაშვილმა აიტაცა, მოძრაობით აჩვენა, რომ მარცხნივ აპირებდა გადაცემის გაკეთებას, თვითონ კი დაუცველ სივრცეში შეიჭრა და გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა, რომელიც ყიასაშვილმა ზუსტად გარდასახა - 17:15.

დიდი 10. დიდი ფინალი
ლელო-ლოკომოტივი 17:15
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჩიტიძე, თოდუა, ტალახაძე, ხეცოიძე, ხმალაძე, მინდიაშვილი. (1-8) მაჭარაშვილი (მარგალიტაძე 67), ჭყოიძე, პატარაია (მჭედლიძე 78), ჭეიშვილი (მაისურაძე 58), ქოიავა, კოპაძე (ხორბალაძე 59), სურგულაძე, ბუბუტეიშვილი (კვაჭაძე 60).
3ლ: სურგულაძე, ყიასაშვილი, მინდიაშვილი. გ: ყიასაშვილი
სინბინი: ჩიტიძე
ლოკომოტივი (15-9) ნიკოლავა, კალანდაძე, ძნელაძე, კავთიძე, შკინინი, წიკლაური, ხუციშვილი. (1-8) ქვათაძე, გენებაშვილი (ელოშვილი 48), ბურდული, გეგია, მახარაძე (მიქაძე 64), ფოფხაძე (ტურაშვილი 65), ბერიშვილი, გასვიანი.
2ლ: კალანდაძე, ელოშვილი. ს,გ: წიკლაური
სინბინი: ბერიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფრაგმენტებიდან გამომდინარე კაი ტემპი ყოფილა.
ზოგადად რაგბის მენეჯმენტი ყველგან მოიკოჭლებს მასობრიობის თვალსაზრისით, სადაც ევროპის ჩემპიონატი ვერ ჩაუტარებიათ და წლებია ლაყბობენ 6 ერი უნდა გაფართოვდეს თუ არა...
Irakli apkhaidze
12:33 16-05-2016
0
ჯორდანო უბრუნებელი
მე ვფიქრობ რომ თბილისშია პრობლემა, რადგან მარტო რაგბზე არ არის პრობლემა, საერთოდ ზოგადად არცერთი სპორტი არ აინტერესებთ თბილისში მგონი. რეგიონებში უფრო დადის ხალხი ვიდრე თბილისში. მაგალითად გეტყვი, ქუთაისში ფეხბურთზე დადიან, ამ ბოლო დროს ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ეს გუნდის შედეგებიდან გამომდინარეა ალბათ, რადგან ბოლო წლებია ცუდი დროება აქვს ტორპედოს. კალათბურთზე სპორტის სასახლე ყოველთვის ივსება ქუთაისში და მაყურებელი დარბაზს გარეთ რჩება, რაგბზეც დადის გულშემატკივარი. სხვა რეგიონებშიც დადიან ფეხბურთზე, სხვა სპორტის სახეობებში რა ხდება ვერ გეტყვით, მაგრამ თბილისში რომ სერიოზული პრობლემაა ამ კუთხით ფაქტია.
anti
11:45 16-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული