მატჩს, არც მეტი, არც ნაკლები, ირლანდიელი ჯორჯ კლენსი მსაჯობდა, რომელიც ქართველი რაგბის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი არბიტრია. მან 2015 წელს საქართველო-ნამიბიის დაპირისპირებაში გარჯით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ჩვენი ნაკრებისთვის მანამდეც უმსაჯია. კლენსი 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩის არბიტრი იყო.
ერთი სიტყვით, ყველაზე ცნობილი ირლანდიელი არბიტრის
აღსანიშნავია, რომ უკანა ხაზში "ლელოს" მწვრთნელებმა მოთამაშეების განლაგება უცნაურად შეცვალეს. მგეზავად მერაბ კვირიკაშვილი გაამწესეს; მგეზავ ლაშა ხმალაძეს 13-ნომრიანი მაისური კი ეცვა, მაგრამ რეალურად პირველი შუამარბის პოზიციაზე ირჯებოდა. ანუ "ლელომ" ორი მგეზავით თამაში არჩია.
საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ არ გაამართლა. პირველ ტაიმში ლელოელები ბევრს სცოდავდნენ. ბურთი წინ ხშირად უვარდებოდათ, რაც თამაშის ტემპს საგრძნობლად ანელებდა და უფრო მძიმე "ბათუმს" ხელს აძლევდა. შერკინებაშიც მასპინძლები მეტოქეს ჯაბნიდნენ და რამდენჯერმე წესიც დაარღვევინა.
"ბათუმმა" ანგარიშის გათანაბრება მე-18 წუთზე შეძლო. მასპინძელთა მგეზავმა თემურ სოხაძემ საჯარიმო ზუსტად დაარტყა. მანვე რამდენჯერმე არეკნით სცადა კარის დალაშქვრა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ხშირი შეცდომების მიუხედავად, "ლელო" მაინც ფლობდა სათამაშო უპირატესობას. თუმცა, სტუმართა მორიგი შეცდომა მასპინძლებმა ლელოდ აქციეს. სოხაძის მაღალი აბრაგანი ხეცოიძემ ვერ დაიჭირა. შერკინებიდან ბათუმელებმა ჯერ ბურთი მარჯვნივ გაათამაშეს, სადაც ფულბეკი ბახვა კობახიძე და გარემარბი ალექსანდრე ტუჩაშვილი აქტიურობდნენ. მერე წარმოქმნილი რაკიდან შეტევის მიმართულება შეცვალეს. სოხაძემ მოსხეპით ბურთი მარცხნივ, კიდისკენ მესამეხაზელ ვანო ფუტკარაძეს გადააწოდა, რომელიც გარემარბის პოზიციაზე იდგა. მისი შეჩერება ლელოელებმა ვერ შეძლეს. გარდასახვა სოხაძემ ვერ გაიტანა - 8:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ "ლელოს" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. სტუმრები უწინდებურად აღარ ცდებოდნენ და შეტევებიც უფრო მწვავე გამოსდიოდათ. თუმცა, ბათუმელთა სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ თავს თითქმის უშეცდომოდ იცავდნენ.
მიუხედავად ამისა, "ლელომ" ანგარიშში დაწინაურება მაინც შეძლო. ყიასაშვილმა ჯერ 58-ე წუთზე გაიტანა საჯარიმოდან - 6:8. მერე კი, 76-ე წუთზე ასევე საჯარიმოთი წინ გაიყვანა თავისიანები - 9:8.
იქამდე, ორი წუთით ადრე სოხაძემ გაუშვა საჯარიმოს გატანის რეალური შესაძლებლობა. თუმცა, მას მერე, რაც "ლელო" დაწინაურდა, მორიგი შანსი ხელიდან აღარ გაუშვია და თავისიანებს 11:9 მოაგებინა.
დიდი 10. პლეი ოფი
ბათუმი-ლელო 11:9
ბათუმი (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, გოგიტიძე, გაბროშვილი, ბებიაშვილი (ამირანაშვილი 65), სოხაძე, თუთბერიძე. (1-8) ერისთავი, მატკავა (თაგაური 65), პატარაია (ბალიაშვილი 65), ცხადაძე (მიქაძე 42), ფუტკარაძე, კორტავა, ალიქაძე, თხილაიშვილი.
ლ: ფუტკარაძე. 2ს: სოხაძე
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ხეცოიძე, ხმალაძე, თოდუა, სიხარულიძე (ხეცურიანი 78), კვირიკაშვილი, მინდიაშვილი. (1-8) ჯულაყიძე, ჭყოიძე, ქართველიშვილი (მჭედლიძე 52), ჭეიშვილი (ხორბალაძე 52), ქოიავა, ბუბუტეიშვილი (სურგულაძე 52), ბერიაშვილი (ლომთაძე 60), მაისურაძე
3ს: ყიასაშვილი
მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია)
ფინალი
14 მაისი
ჯიქი-ბათუმი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"