"ბაგრატი" სიურპრიზებს გვპირდება - ინტერვიუ ბექა სხულუხიასთან

AutoSharing Option
გასულ სარაგბო სეზონში ქუთაისის "ბაგრატი" პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

ქუთაისელებმა ეს დიდი ენთუზიაზმისა და თავდადების ხარჯზე მოახერხეს. "ბაგრატს" არ ჰქონდა დაფინანსება, ურთულეს პირობებში უხდებოდა მომზადება, ჰქონდა სტადიონის პრობლემა, თუმცა, საუკეთესოთა შორის თამაშის სურვილმა ყველაფერი გადაწონა და უამრავი სირთულის მიუხედავად, რიონისპირელებმა დიდი ხნის საწადელს მიაღწიეს.

"ბაგრატის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ახალგაზრდა მწვრთნელი ბექა სხულუხია გახლავთ.

როგორ ემზადება "ბაგრატი" ახალი სარაგბო სეზონისთვის, რა სიახლეებია გუნდში და რა მიზნებისთვის იბრძოლებს ქუთაისური გუნდი, ამის თაობაზე ბექა სხულუხიას "აია არენაზე"
სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ.

- უამრავი სირთულის მიუხედავად, უმაღლეს ლიგაში გადასვლა მოახერხეთ და ახლა გაცილებით მაღალი კლასის გუნდებთან მოგიწევთ თამაში. მზად თუ ხართ ამ გამოწვევისთვის?
- განვლილი სეზონი ძალიან რთული იყო ჩვენი გუნდისთვის. "ბაგრატი" არსებობისთვის იბრძოდა. უხელფასობა, სავარჯიშო პირობების არქონა ცუდ მდგომარეობაში გვაგდებდა, მაგრამ რაგბის სიყვარულით სირთულეები გადავლახეთ და მიზანს მივაღწიეთ.

უმაღლეს ლიგაში ჩვენი გადასვლა მხოლოდ "ბაგრატისა" და მისი გულშემატკივრებისთვის კი არა, მთელი ქალაქისთვის სასიხარულო და საამაყოა, რადგანაც ქუთაისს აქამდე უმაღლეს ლიგაში არც ერთ სახეობაში არ ჰყოლია ერთბაშად ორი გუნდი.

"ბაგრატის" წინაშე ახლა დიდი გამოწვევაა და ამისთვის თავდაუზოგავად ვემზადებით. მეგობრული გუნდი შევკარით, მორაგბეები ერთმანეთთან ოჯახებით მეგობრობენ, ერთმანეთის ეიმედებათ, რაც გუნდის თამაშზეც დადებითად მოქმედებს.

- როდის დაიწყეთ ახალი სარაგბო სეზონისთვის მზადება და ამჟამად რა ეტაპზე ხართ?
- რადგანაც დებიუტანტი გუნდი ვართ და ჩვენი მოთამაშეების უმეტესობას უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვს, ჩემპიონატისთვის მზადება ცოტა ადრე, 1-ლი ივნისიდან დავიწყეთ. ბევრს ვმუშაობთ, რომ უმაღლესი ლიგის დონის შესაბამისი გუნდი შევქმნათ. პირველ ეტაპზე იყო ფიზიკური მომზადება, შემდეგ ბურთით თამაშის დახვეწაზე გადავედით. ეს ეტაპები მეტ-ნაკლებად წარმატებით გავიარეთ, რაღაც ნიუანსები დასახვეწია, თუმცა, უკმაყოფილო არა ვარ.

მესამე ეტაპის დაწყებამდე ერთკვირიანი შესვენება გვქონდა. ამჟამად, ინტენსიურად ვემზადებით, დაგეგმილი გვაქვს საწვრთნელი მატჩები. 11 აგვისტოს მარტყოფში ვეთამაშებით თბილისის "ლოკომოტივს", 24 აგვისტოს კი ონში "არმიას" შევხვდებით. ეს მატჩები საშუალებას მოგვცემს, საქმეში ვნახოთ ჩვენი მოთამაშეები, დავხვეწოთ სათამაშო ნიუანსები და ვიმუშაოთ შეცდომების გამოსწორებაზე. აგვისტოს ბოლოს ერთკვირიანი შეკრება გვექნება ურეკში და იქ ის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და დაკომპლექტებული შემადგენლობით წავალთ.

ამჟამად "ბაგრატში" 46 კაცი ვარჯიშობს და აქედან ჩემპიონატისთვის 35 მოთამაშე უნდა ავარჩიოთ. თუმცა, ის ბიჭები, რომლებმაც "ბაგრატი" "ჭაობიდან" ამოიყვანეს და დღემდე მოიყვანეს, აუცილებლად უნდა დავაფასოთ, დიდი სურვილი მაქვს, ეს ბიჭები სხვადასხვა კუთხითა და პროფილით ჩავრთოთ "ბაგრატის" სამსახურში.

- სეზონის წინ "ბაგრატი" საკმაოდ გაძლიერდა, ახალი მორაგბეები დაიმატეთ, მათ შორის, საქართველოს ნაკრების წევრები. ალბათ, ტრანსფერებით უკმაყოფილო არ იქნებით... 
- ახალი მოთამაშეები მრავლად შეემატა "ბაგრატის" რიგებს. ძირითადად, ისინი ქუთაისელები არიან. ახალწვეულების უმეტესობა "აიადან" დავიმატეთ. ქუთაისური გუნდიდან წამოვიყვანეთ ეროვნული ნაკრების წევრები გიორგი ფრუიძე და რეზი ჯინჭველაშვილი, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. ვფიქრობთ, მათი გამოცდილება ძალიან დიდ სამსახურს გაგვიწევს. ასევე, "აიადან" გადმოვიყვანეთ ახალგაზრდა ჰავბეკი გივი ლოსაბერიძე, ძმები გიორგი და ბექა ტორაძეები, "ბათუმიდან" დავიმატეთ ერეკლე ხელაძე, გორის "ჯიქებიდან" მოვიწვიეთ ლევან თხელიძე, საფრანგეთიდან დავიმატეთ გიორგი კიკვიძე, მეტსახელად "რაჭა", ცოტა ასაკოვანი მორაგბეა, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვს და მისი გვეიმედება. ასევე, რუსეთიდან ჩამოვიყვანეთ გიგა ცირეკიძე.

ყველა მათგანი დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეა და ჩვენს გუნდს გააძლიერებენ. ამათ გარდა,  ისეთი ბიჭები დავიმატეთ, რომლებსაც გარკვეული ხანი რაგბისთვის თავი ჰქონდათ დანებებული. ახლა, როცა მათ მაღალ დონეზე თამაშის საშუალება ეძლევათ, თავს არ ზოგავენ, რომ გუნდს სარგებელი მოუტანონ.

ყველაზე კარგი და გასახარი ის არის, რომ ახალწვეულები კარგად მოერგნენ ჩვენს გუნდს. ჩვენთვის მთავარი იყო "ბაგრატში" კონკურენციის შექმნა და ამას გარკვეულწილად მივაღწიეთ. ბიჭები სულ მზადყოფნაში არიან და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ. სავარჯიშო პირობები კი ახლა ისეთი გვაქვს, რომ ყველას მაქსიმალურად შეუძლია გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.

- "აიადან" ამდენი მაღალი დონის მორაგბის გადმოყვანამ კონკურენტ გუნდში რაიმე უკმაყოფილება ხომ არ გამოიწვია?
- არა, პირიქით, ჩვენ გვქონდა შეხვედრა "აიას" პრეზიდენტთან და ძალიან დადებითად ჩაიარა ამ მოლაპარაკებამ. ორივე გუნდი მოწადინებულია, რომ რაგბი კიდევ უფრო განვითარდეს ქუთაისში. ჯანსაღი კონკურენციის შესაქმნელად ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, ერთმანეთის გამოცდილება გავიზიაროთ... ჯანსაღი კონკურენციით იზრდება რაგბის დონე. ჩვენს ქალაქში დღითიდღე იზრდება რაგბისადმი ინტერესი, მოიმატა გულშემატკივართა რაოდენობამ. ფაქტობრივად, რაგბით ცოცხლობს ჩვენი ქალაქი და, თუკი უმაღლეს ლიგაში ქუთაისიდან ორი კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება, ეს ჩვენს ქალაქს წინ წამოსწევს.

- "ბაგრატი" ვინმეს ხომ არ დაუტოვებია?
- არა, საბედნიეროდ, გუნდი არავის დაუტოვებია. ამდენი ხანი ვიწვალეთ, ვიომეთ, უმაღლეს ლიგაში გადავედით და ასეთ ვითარებაში ვინ წავიდოდა გუნდიდან? ყველას უნდა, საკუთარი ძალები უმაღლეს ლიგაში მოსინჯოს და ამაში ჩვენ ხელს შევუწყობთ.

Sportall.Ge

- სამწვრთნელო შტაბი როგორაა დაკომპლექტებული, ვინ იქნებიან თქვენი ასისტენტები?
- საქართველოში ჭირს ფიზმომზადების მწვრთნელები, გუნდის ექიმები. ახლახან ამოვედით პირველი ლიგიდან და ეს ყველაფერი ჩვენთვის სიახლეა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ასისტენტი მყავს, მოთამაშე-მწვრთნელი ბაკურ გოშაძე, რომელიც ხაზის მოთამაშეებს ავარჯიშებს. ჩვენ ორნი ვმუშაობთ, რაც ძალიან რთულია.

- როგორც ჩანს, უმაღლეს ლიგაში გადასვლამ ფინანსური და სავარჯიშო პირობების პრობლემები მოგიხსნათ...
- "ბაგრატს" უკვე მყარი ბიუჯეტი აქვს. როგორც იცით, საქართველოს რაგბის კავშირმა უმაღლესი ლიგის თითოეულ გუნდს 400 ათასი ლარი გამოუყო. ასევე, ჩვენ გვეხმარება საფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი", რომელიც სწორედ მაშინ დაგვიდგა გვერდით, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. მეტწილად, მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ უმაღლესი ლიგის წევრები ვართ. ჩვენი ურთიერთობა ისევ გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ მარტო "კრისტალი" კი არა, სხვა კომპანიებიც დაინტერესდებიან. სტადიონის პრობლემა მოგვეხსნა.

"ქართუ ჯგუფთან" გავაფორმებთ ხელშეკრულებას და "აია არენაზე" ვვარჯიშობთ. გვინდა, რომ ბიჭებს მაქსიმალურად შევუქმნათ კარგი პირობები.

- რა მიზნებისთვის იბრძოლებს "ბაგრატი" მომავალ ჩემპიონატში?
- წინ ძალიან რთული სეზონი გველოდება. განსაკუთრებით მძიმე მატჩი პირველ ტურში, საკუთარ მოედანზე მოქმედ ჩემპიონ "ლელოსთან" გვექნება. ძლიერი და გამოცდილი გუნდია, მაგრამ ბიჭები ისეთი ჟინით უდგებიან საქმეს, რომ ვფიქრობთ, გულშემატკივრებს "აია არენიდან" გაწბილებულს არ გავუშვებთ.

ჩვენი მიზანი, მინიმუმ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრებს უფრო დიდი და სასიხარულო სიურპრიზები შევთავაზოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალეთ ჯიგარში...

2 გუნდი გვეყოლება უმაღლესში და მთელი ქუთაისი მთელი გულით და სულით გიქომაგებთ ორივე გუნდს

აბა თქვენ იცით წარმატებები...

და კიდევ წელს არა და გაისად, ან თუნდაც 2 წლის მერე, მაგრამ ქუთაისში ჩემპიონობა უნდა დაბრუნდეს :) წარმატებები...
ქუთათური
17:25 30-08-2016
0
წარმატებები ბიჭებო!
მთა
10:37 11-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული