დიდი 10. III ტურის წინ: სამი ჯერაც დაუმარცხებელია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი ლოგიკურად, რაიმე სენსაციების გარეშე დაიწყო. გასული სეზონის მედალოსნები ისევ ლიდერებში არიან. თუმცა, ორი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი სამი გუნდი დარჩა. ესენია: გორის "ჯიქი", თბილისის "ლელო" და ქუთაისის "აია.

მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართება, სადაც მესამეადგილოსანი "აია" გათამაშების ლიდერ გორის "ჯიქს" უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ქუთათურებმა სეზონის წინ რამდენიმე წამყვანი მორაგბე დაკარგეს, სეზონში წარმატებული სტარტი აიღეს.

ორივე შეხვედრაში, ამბიციურ გუნდებთან, შინ "ბათუმთან" და სტუმრად "ყოჩებთან", "აიამ" მძიმე ბრძოლა გადაიტანა და გამარჯვებას ბოლომდე თავდადებული ბრძოლით მიაღწია, რაც ამ გუნდის ერთ-ერთი
ყევლაზე გამორჩეული დადებითი მახასიათებელი იყო ყოველთვის.

ქუთაისურ გუნდს ამჯერად კიდევ უფრო მკაცრი გამომცდელი ჰყავთ. გორის "ჯიქმა" განვლილ ორ ტურში თავისი მატჩები დამაჯერებლად მოიგო და საკმაოდ გამართულ, სწორ რაგბის თამაშობს. აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში "ჯიქმა" გორში, ახალ სტადიონზე ითამაშა და ამიერიდან მისი საასპარეზო არენა სწორედ ეს სტადიონი იქნება.

ვფიქრობთ, ქუთაისში, "აიასთან" მატჩში გაირკვევა, რამდენად საფუძვლიანია "ჯიქის" საჩემპიონო ამბიცია.

საქართველოს ჩემპიონი კი, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" "არმიას" ესტუმრება. "ლელომ" ჩემპიონატის დებიუტანტის დამარცხების შემდეგ, "ლელო არენაზე" დამაჯერებლად სძლია თბილისის "არმაზს", რომელიც ამჟამად აუტსაიდერია. არმაზელებს მეტოქის იერიშების მოგერიება მეორე ტაიმში განსაკუთრებით გაუჭირდათ, რაც "არმიამ", თუ გამარჯვების მიღწევა უნდა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

არმიელებმა განვლილ ტურში მინი-სენსაცია გამოაცხვეს. პირველ ტურში "ჯიქთან" უშანსოდ დამარცხების შემდეგ, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებას შეძლებდნენ. ამ გამარჯვებით "არმიამ" დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია და წარმატების მიღწევას, ცხადია, "ლელოსთან" დაპირისპირებაშიც შეეცდება.

წლევანდელი სეზონის დასაწყისის ერთადერთი მოულოდნელობა ბოლნისის "ყოჩების" ცუდი თამაშია. გუნდმა ორი თამაშიდან ორივე წააგო. ვერ ვიტყვით, რომ არ უბრძოლია, მაგრამ გუნდს რაღაც აშკარად აკლია. რა? ამას, სავარაუდოდ, "ყოჩების" თავკაცები უკეთ გააანალიზებენ და შესაბამის დასკვნასაც გამოიტანენ.

იქამდე კი, "ყოჩებს" ურთულესი გასვლითი მატჩი ელით "ბათუმში", რომელიც შინ წლეულს პირველად ითამაშებს. ცნობილია, ასევე ბათუმელთა საჩემპიონო ამბიციებიც. გუნდმა ორი ურთულესი გასვლითი მატჩი გამართა ქუთაისში ადგილობრივ გუნდებთან და ერთი მოიგო. ძნელი სათქმელია, ასეთი შედეგით ქუთაისიდან შინ სხვა ვინმე თუ დაბრუნდება.

მძაფრი ბრძოლაა მოსალოდნელი თბილისის "ლოკომოტივსა" და "აკადემიას" შორის. ორივე გუნდმა სტარტი წარმატებით აიღო, თუმცა, მერე, მეორე ტურში ორივემ მოულოდნელი შედეგით წააგო.

კიდევ უფრო მძაფრი ბრძოლაა მოსალოდნელი აუტსაიდერთა შორის. თბილისის "არმაზი" შინ მიიღებს ქუთაისის "ბაგრატს". ამ უკანასკნელისთვის ეს პირველი გასვლითი მატჩი იქნება მიმდინარე ჩემპიონატში.

დიდი 10. III ტური
17 სექტემბერი
ბათუმი-ყოჩები
არმია-ლელო

18 სექტემბერი
არმაზი-ბაგრატი
აია-ჯიქი
აკადემია-ლოკომოტივი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ჯიქი 2 2 0 0 +48 10 2
2. ლელო 2 2 0 0 +27 10 2
3. აია 2 2 0 0 +12 8 0
4. ლოკომოტივი 2 1 0 1 +12 5 1
5. ბათუმი 2 1 0 1 -2 5 1
6. აკადემია 2 1 0 1 -11 4 0
7. არმია 2 1 0 1 -13 4 0
8. ბაგრატი 2 0 0 2 -11 2 2
9. ყოჩები 2 0 0 2 -23 1 1
10. არმაზი 2 0 0 2 -39 0 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული