დიდი 10. X ტურის წინ: პირველი წრე "აიასია", მეორე?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა. წლეულს გუნდები კიდევ ორი ტურის მატჩებს გამართავენ. პირველი წრე კი, ალბათ, ყველასთვის მოულოდნელად ქუთაისის "აიამ" დაასრულა პირველ ადგილზე.

რატომ შეიძლება იყოს "აიას" პირველობა მოულოდნელი? ქუთაისს შესანიშნავი სარაგბო ბაზა აქვს, ყველა ასაკში, ჭაბუკთა A და B ლიგებში ოთხ-ოთხი გუნდით მონაწილეობს. შესაბამისად, ცვლაც კარგი მოსდის. მოულოდნელი კი, იმიტომ არის, რომ გუნდში სეზონის დაწყების წინ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. მოვიდა ახალი მწვრთნელი. ამავე კლუბის გაზრდილი ბექა ყურაშვილი, ყოფილმა კი, ბესიკ ხამაშურიძემ სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

სეზონის წინ გუნდი რამდენიმე
წამყვანმა მორაგბემ დატოვა, მათ შორის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა. ისინი მეორე ქუთაისურ კლუბში, "ბაგრატში" გადაბარგდნენ. სამაგიეროდ, "აიას" მისი აღზრდილები დაუბრუნდნენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კლუბებში იყვნენ მიმოფანტული.

ფაქტია, რომ ბექა ყურაშვილმა მოკლე დროში ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი და ამბიციური გუნდი შექმნა. ბოლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ "აია" მუდამ ლიდერებშია, ასე დამაჯერებლად ის არ ან რაღაც მიზეზების გამო ვერ გამოიყურებოდა.

გასულ უქმეებზე "აია არენაზე" ქუთაისური დერბი შედგა. აიელებმა "ბაგრატს" 12:9 სძლიეს და მატჩის შემდეგ ძალზე მეგობრულად, რაგბის ფასეულობებს რომ შეშვენის, ისე დაშორდნენ.

მომდევნო მატჩს "აია" სტუმრად გამართავს "ბათუმთან", რომელიც მართალია, მე-5 ადგილზეა, მაგრამ ქუთათურებს მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება და საპრემიო ქულით გამარჯვების შემთხვევაში დაეწევა კიდეც.

ბათუმური კლუბი ფინანსურად უმაღლეს ლიგაში ყველაზე წელგამართულია და ამიტომ, უცნაურია, რატომ არის ის მე-5 ადგილზე. პოტენციალი "ბათუმს" კარგი აქვს, ახალი სტადიონიც უკვე მწყობრშია. მეტ-ნაკლებად ყველა პირობა აქვს შემოქმედებითი შრომისთვის. ვნახოთ, იქნებ მეორე წრეში გუნდმა კიდევ უფრო მოუმატოს. ლიდერთან ხვალინდელი მატჩი ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.

"აიას" კვალში თბილისის "ლოკომოტივი" და გორის "ჯიქი" უდგას, რომლებსაც 28-28 ქულა დაუგროვდათ. რკინიგზელები, როგორც ყოველთვის, წლეულსაც ჩემპიონობისთვის იბრძვიან. "ლოკომოტივს" პირველი წრის პირველ ადგილზე დასრულებაც შეეძლო, რომ არა ქვეყნის ჩემპიონთან, თბილისის "ლელოსთან" გასულ უქმეებზე ფრედ დასრულებული შეხვედრა - 25:25.

პირველ ადგილზე გადასვლის შანსი "რკინიგზელებს" მომდევნო ტურში მიეცემა. ისინი ერთ-ერთ აუტსაიდერ "არმაზს" ხვდებიან და წესით, უნდა დაამარცხონ კიდეც.

უფრო "მძიმე" მეტოქე ჰყავს "ჯიქს", თუმცა ეს გუნდი "არმიას" შინ, გორის შესანიშნავ სარაგბო სტადიონზე ეთამაშება. "ჯიქმა" სეზონი კარგად დაიწყო. სტარტზე სწორედ "არმიას" სძლია და დღეს გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია.

"ლოკომოტივსა" და "ჯიქს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა ქუთაისის ბოლო ოთხი სეზონის ტრიუმფატორი თბილისის "ლელო". ამ გუნდმა ოდნავ დათმო პოზიციები. რამდენჯერმე თითქმის წაგებული თამაშის შემობრუნებამაც მოუწია. ტრავმებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო "ლელო" შარშანდელი თამაშის დონეს წლეულს ვერაფრით აჩვენებს. ახლა, კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. ეროვნულ ნაკრებში იაპონიასთან მატჩში დაშავდა მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომლის არყოფნაც, სავარაუდოდ, გუნდს საგრძნობლად დააკლდება.

"ლელო" მე-10 ტურში უმაღლესი ლიგის დებიუტანტს, ქუთაისის "ბაგრატს" მასპინძლობს, რომელმაც ყველას გასაოცრად მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და მოლოდინის საწინააღმდეგოდ სულაც არ არის აუტსაიდერი. გუნდს ერთი უცნაურობა სჭირს. თამაშს მხოლოდ სტუმრად იგებს. თუ მეორე წრეში "ბაგრატმა" თამაშს უმატა, გამორიცხული არ არის, ხელი პლეი ოფსაც გამოჰკრას. ამ ქუთაისურ გუნდს ახლა 17 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.

საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს ბოლნისის "ყოჩებსა" და თბილისის "აკადემიას" შორის. ბოლნისური გუნდი, რაც უნდა საკვირველი იყოს, აუტსაიდერია და ყველა ძალით ეცდება ამ მდგომარეობას თავი დააღწიოს. მათგან "აკადემია" არც ისე შორსაა და ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის ოქროს ფასი აქვს.

საუკეთესო მექულეები
1. ბექა ურჯუკაშვილი (არმია) - 84 ქულა, 2. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) - 77, 3. სოსო მათიაშვილი (აკადემია) - 66, 4. გიორგი ბაბუნაშვილი (აია) - 61, 5. რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი) - 61

საუკეთესო მელელოვე
1. გიორგი აბრამიძე (აია) - 7 ლელო, 2. ნიკა ბიწაძე (ჯიქი) - 6, 3. დავით მესხი (არმია) - 4, 4. ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი) - 4

დიდი 10. X ტური
3 დეკემბერი
ყოჩები-აკადემია, ბათუმი-აია, ლელო-ბაგრატი, ლოკომოტივი-არმაზი, ჯიქი-არმია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. აია 9 7 0 2 +48 31 3
2. ლოკომოტივი 9 6 1 2 +45 28 2
3. ჯიქი 9 5 1 3 +67 28 6
4. ლელო 9 5 2 2 +23 27 3
5. ბათუმი 9 6 0 3 +124 26 2
6. არმია 9 5 0 4 +5 22 2
7. ბაგრატი 9 3 0 6 -12 17 5
8. აკადემია 9 3 0 6 -17 16 4
9. არმაზი 9 2 0 7 -95 9 1
10. ყოჩები 9 1 0 8 -99 7 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული