დიდი 10. X ტური: სამხელისუფლებიანობა ნამეტანია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. მე-10 ტურის მატჩების შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფმა სამმა გუნდმა: "ლელომ", "ლოკომოტივმა" და "ჯიქმა" თანაბარი, 32-32 ქულა დააგროვა.

"ლელო არენაზე" ქვეყნის ჩემპიონმა წლეულს საუკეთესო მატჩი გამართა. ლელოელებმა ჩემპიონატის დებიუტანტ ქუთაისის "ბაგრატს" რვა ლელო გაუტანეს და 50:17 მოუგეს. მასპინძლებს ტრავმირებული მგეზავი ლაშა ხმალაძე აკლდათ. მისი ადგილი მერაბ კვირიკაშვილმა დაიკავა. ისევ ფულბეკის პოზიციას დაუბრუნდა ირაკლი ყიასაშვილი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

"ლელო" შესანიშნავად შლიდა თამაშს, ბევრს კომბინირებდა, ხელდახელ თამამად ბურთაობდა და ძალიან ლამაზად ითამაშა. ცხადია, გამარჯვებაში
ყველას თანაბრად მიუძღვის წვლილი, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, აუცილებლად უნდა გამოვყოთ ახალგაზრდა მოთამაშეები, ცხრა ნომერი გელა აფრასიძე, გარემარბი აკაკი ტაბუცაძე და მეორეხაზელი ჯაბა სიხარულიძე.

"ბაგრატმა" მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. თუმცა, საწყის 12 წუთში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლელომ" მეტოქეს ბურთი "არ დაანახვა". მასპინძლების პირველივე შეტევა მარჯვენა ფრთაზე განვითარდა და ხელდახელ გათამაშებული კომბინაცია გარემარბმა ალექსანდრე ხეცოიძემ კიდესთან ახლოს ლელოთი დაასრულა. ყიასაშვილმა ვერ გარდასახა - 5:0.

მე-12 წუთზე "ლელომ" კიდევ ერთი მასირებული იერიში წამოიწყო. აფრასიძემ მეტოქეს შესანიშნავი ბოჭვით ბურთი დააკარგვინა. მერე ბაგრატელები დაჯარიმდნენ. აქაც აფრასიძემ სწრაფად გაათამაშა და ზედ კარის წინ კვირიკაშვილმა ცრუ მანევრით ორი მეტოქე უსაქმოდ დატოვა. გარდასახვა აფრასიძემ გაიტანა - 12:0.

ხუთ წუთში ქუთაისურმა გუნდმა ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. რეზო ჯინჭველაშვილმა ჯერ თემურ ჩიქვინიძის ლელო გარდასახა, მერე 25 მეტრიდან არეკნით დალაშქრა ლელოელთა კარი - 10:12.

"ლელომ" უმალვე მოაწყო შედეგიანი იერიში. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ მეტოქის ლელოში მესამეხაზელმა ელგუჯა სურგულაძემ შეიტანა ბურთი. აფრასიძემ გარდასახა - 19:10. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლელოს" უპირატესობა კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. ორ-ორი ლელო ტაბუცაძემ და მის ნაცვლად შემოსულმა ახობაძემ გაიტანეს. აფრასიძემ ჯამში ხუთი ლელოს გარდასახვა შეძლო.

საგულისხმოა, რომ "ბაგრატი" შერკინებაში ოდნავ უპირატესობას ფლობდა. მეტოქეს რამდენჯერმე აიძულა წესის დარღვევა, მაგრამ უფრო სწრაფად და შემოქმედებითად მოთამაშე მეტოქესთან ვერაფერს გახდა.

დიდი 10. X ტური
ლელო-ბაგრატი 50:17
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ხეცოიძე, თოდუა, გავაშელიშვილი (მინდიაშვილი 67), ტაბუცაძე (ახობაძე 57), კვირიკაშვილი (ხეცურიანი 72), აფრასიძე. (1-8) მარგალიტაძე (მამისაშვილი 41), ლომთაძე (ჭყოიძე 53), მჭედლიძე (ქართველიშვილი 53), სიხარულიძე, ქოიავა, ბუბუტეიშვილი (ბერიაშვილი 69), სურგულაძე, მაისურაძე.
ლ: ხეცოიძე, კვირიკაშვილი, სურგულაძე, ტაბუცაძე (2), მამისაშვილი, ახობაძე (2). 5გ: აფრასიძე.
ბაგრატი (15-9) კვერნაძე, საკანდელიძე, ტორაძე (ჯ.ბალანჩივაძე 50), კუხიანიძე, ფრუიძე (ჯ.ბალანჩივაძე 28), ჯინჭველაშვილი, ლოსაბერიძე. (1-8) ასათიანი, კობახიძე (ქარჩხაძე 45), ნ. ბალანჩივაძე (ტორაძე 30), კიკვაძე, ხელაძე, არჩვაძე, ჩიქვინიძე (შაშიაშვილი 30), თხელიძე
3ლ: ჩიქვინიძე, ჯ. ბალანჩივაძე. 2გ.ა: ჯინჭველაშვილი
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი.

სხვა მატჩები
ყოჩები-აკადემია 10:19
ბათუმი-აია 15:0
ლოკომოტივი-არმაზი 14:13
ჯიქი-არმია 26:8

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლოკომოტივი 10 7 1 2 +46 32 2
2. ლელო 10 6 2 2 +56 32 4
3. ჯიქი 10 6 1 3 +95 32 6
4. აია 10 7 0 3 +33 31 3
5. ბათუმი 10 7 0 3 +39 30 2
6. არმია 10 5 0 5 -13 22 2
7. აკადემია 10 4 0 6 -8 20 4
8. ბაგრატი 10 3 0 7 -45 17 5
9. არმაზი 10 2 0 8 -96 10 2
10. ყოჩები 10 1 0 9 -97 7 3

XI ტური
ბათუმი-ბაგრატი
აია-ყოჩები
აკადემია-ჯიქი
არმია-ლოკომოტივი
არმაზი-ლელო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული