საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
მერაბ კვირიკაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 100 კეპი მოიხვეჭა. ეს გერმანიის ნაკრებთან მატჩში მოხდა, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა 50:6 მოიგო.

მერაბ კვირიკაშვილი 34 წლისაა. მის ზურგს უკან ოთხი მსოფლიოს თასია. ამასთან ერთად, "მეკო" საუკეთესო მექულეცაა. მის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში მოპოვებული 785 ქულაა - 14 ლელო, 140 გარდასახვა, 142 საჯარიმო და 3 არეკნი. ეს, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ფენომენალური მიღწევაა. აღარაფერს ვამბობთ იმ ლელოებსა და მოგებულ მატჩებზე, რომლებშიც მას უშუალოდ აქვს მონაწილეობა მიღებული. აქვს შესანიშნავი ხელის ტექნიკა, ბრწყინვალედ ხედავს მოედანს,
არანაკლებ თამაშობს ფეხით.

საგულისხმოა, რომ კარიერის დიდი ნაწილი მერაბ კვირიკაშვილმა მგეზავის (#10) პოზიციაზე გაატარა. ბოლო ოთხი წელიწადია ნაკრებში ფულბეკად (#15) ირჯება. გერმანიასთან მატჩში კი ასე იყო - ფულბეკად დაიწყო და ცხრა ნომრის პოზიციაზე დაასრულა, რადგან შეცვლაზე შესული ნაკრების დებიუტანტი გელა აფრასიძე დაშავდა.

ესაა შესუსტებული ნაკრები?
ნამატჩევს, სტადიონს რომ ვტოვებდი, ჩემ წინ მიმავალი რამდენიმე გულშემატკივარი ხმამაღლა კამათობდა.

"ესაა შესუსტებული ნაკრები? რა ეტყობათ ამათ, რომ უმრავლესობა ახალგაზრდაა. ნახე, მალე რა მაგარი გუნდი გვეყოლება" - ამტკიცებდა ერთ-ერთი მათგანი.

ძნელია, არ დაეთანხმო. თუმცა, გერმანელებთან ამ გამარჯვებას გადამეტებულ მნიშვნელობასაც ნუ მივანიჭებთ. კარგია, "რაგბი ევროპის" პირველ ორ მატჩში ბევრი ახალგაზრდა რომ გამოიცადა. ხომ გამოჩნდა, რა ძალიან კარგი ყოფილა 20 წლის შუამარბი გიორგი კოშაძე. შესანიშნავად გაართვა თავი ლიდერის ფუნქციას (სწორედ ასეთი უნდა იყოს #8) ბექა გორგაძემ.

ტრადიციულად, შესანიშნავი იყო პირველი ხაზი. და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით კი გერმანელებთან მატჩში გამოჩნდა, რომ ლაშა ლომიძე ძალიან კარგი და სასარგებლო მორაგბეა.

სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ სრულად საქმეში 18 წლის ცხრა ნომერი გელა აფრასიძე. ის მოედანზე ახალი შესული იყო, როცა სახეში მეტოქის მუხლი მოხვდა და შესაცვლელი შეიქნა. გერმანელებთან მატჩში ცუდად არ გამოიყურებოდა მგეზავი რეზო ჯინჭველაშვილიც. რამდენიმე უნებლიე შეცდომას თუ არ ჩავთვლით, მან დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა. პირველი ლელო კი მისი ოსტატობის დამსახურება იყო.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს რვა ლელო გაუტანა. აქედან ოთხი რუსთაველების, გიორგი კოშაძისა და ბექა გორგაძის ანგარიშზეა. ასევე, ორი ლელო მიითვალა გიორგი თხილაიშვილმა, თითო-თითო გიორგი ფრუიძემ და ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მიითვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

თამაში სულ ახალი დასრულებული იყო, როცა americasrugbynews.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რაგბი ევროპა" ოფიციალურად მიმართავს შპს "ექვს ერს", რათა პლეი ოფის სისტემა შემოიღოს. ვნახოთ, როგორი იქნება პასუხი.

მატჩის შემდეგ
კობუს პოთხიტერი, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"დღეს საქართველოს ნაკრები უკეთესი გუნდი იყო. გვინდოდა, ის კომპონენტები, რომლებიც წინა მატჩში კარგად გამოგვივიდა, კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა. ვერ შევძელით. ფაქტობრივად, საკუთარ თავს ვუღალატეთ.

საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. შეტევაში მაქსიმალურად იყენებს საკუთარ პოტენციალს, ძლიერ მხარეებს. არ შემიძლია რუმინეთის ნაკრებთან შედარება. მათთან თამაშში ყველაფერი გამოგვდიოდა, საქართველოსთან - არაფერი. ამიტომ ძნელია შედარება".

შონ არმსტრონგი, გერმანიის ნაკრების კაპიტანი:
"200 მილიონი გერმანულ რაგბიში? არ ვიცი, არ გამიგია. მგონია, რომ ეს ჭორია. თუმცა, იმის თქმა კი შემიძლია, რომ გერმანიაში რაგბისადმი მიდგომა შეიცვალა, უფრო პროფესიული გახდა. ამასთან ერთად, მინდა ვთქვა, რომ მოყვარული მორაგბეებიც მრავლად გვყავს ნაკრებში. ზოგი სტუდენტია, ზოგსაც გარკვეული პროფესია აქვს და მუშაობს".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"იმთავითვე ვთქვით, რომ პირველ ორ მატჩში ბევრ ახალგაზრდას გამოვცდიდით. ახლა დავსხდებით, გავაანალიზებთ განვლილ შეხვედრებს და გადავწყვეტთ, მომავალ მატჩებზე ვინ გამოვიძახოთ და ვინ არა.

კმაყოფილი ვარ პირველი ხაზით. შესანიშნავი იყო თორნიკე მატარაძე, ბექა გორგაძე ორი წელიწადია ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და სულ უფრო და უფრო უმატებს. ძალიან კარგად ითამაშა მშობლიურ ქალაქში, მშობლიურ სტადიონზე გიორგი კოშაძემ. ზოგადად, კმაყოფილი ვარ ახალგაზრდებით. ნელ-ნელა ვაღწევთ იმას, რომ ისინი გამოცდილ მორაგბეებს კონკურენციას უწევენ".

მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ანგარიშით თუ განვსაზღვრავთ, კარგად ვითამაშეთ. ხარისხი კი, უკეთესი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ბევრ შეცდომას ვუშვებდით, რასაც გერმანიაზე უფრო მაღალი კლასის გუნდი არ გვაპატიებს. შეცდომებზე ვსწავლობთ და ვეცდებით, ისინი მომავალში არ გავიმეოროთ".

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. II ტური
19.02. რუსთავის სარაგბო სტადიონი
საქართველო-გერმანია 50:6

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (ხმალაძე 78), ფრუიძე, კოშაძე, შარიქაძე, თოდუა, ჯინჭველაშვილი, ბეგაძე (აფრასიძე 58, მალაღურაძე 77) (1-9) მატარაძე, ალხაზიშვილი (ჭყოიძე 32, თეთრაშვილი 49), ბეკოშვილი (ტაბიძე 53), ნემსაძე (მჭედლიშვილი 69), ჭეიშვილი (შუბითიძე 58), ლომიძე, თხილაიშვილი, გორგაძე.
8ლ: კოშაძე (2), გორგაძე (2), ფრუიძე, თხილაიშვილი (2) შარიქაძე. 5გ: კვირიკაშვილი (4), ჯინჭველაშვილი
სინბინი: მატარაძე
გერმანია (15-9) აუნალა, პეინი, კუცია, მერფი, ლედინგემი (დოკო 50), პარკინსონი, არმსტრონგი. (1-8) ნოშტადტი (შროიდერი 50), ბარბერი (გარნერი 66), ფიუხზელი (დიკინსონი 76), მეი (ფანნიკერკი 61), მარკს, ბერენდტი (ელსი 50), ფერეირა, ფოლენკემპერი.
2ს: პარკინოსნი
მსაჯი: მაქსიმ ბიურლე (ბელგია).

სხვა მატჩები
რუმინეთი-ესპანეთი 13:3
ბელგია-რუსეთი 18:25

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 2 2 0 0 +69 10 2
2. რუმინეთი 2 1 0 1 +7 5 1
3. ესპანეთი 2 1 0 1 0 4 0
4. გერმანია 2 1 0 1 -41 4 0
5. რუსეთი 2 1 0 1 -3 4 0
6. ბელგია 2 0 0 2 -32 1 1

III ტური
4 მარტი
ესპანეთი-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
გერმანია-ბელგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ნაკრები უკვე 4 მარტს გაინაღდებს ჩემპიონობას!!! რუმინეთი გავა მე-3 ადგილზე (წააგებს რუსეთთან)
pele
16:00 20-02-2017
0
რუმინეტს 7 ქულა როგორ დაუგროვდა?
haha
15:50 20-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული