მსოფლიოს თასის წილისყრა: დღეს "ბორჯღალოსნების" მეტოქეებს შევიტყობთ

AutoSharing Option
დღეს, იაპონიის ძველ დედაქალაქ კიოტოში 2019 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. უკვე ცნობილია 12 გუნდი, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის შედეგების მიხედვით, პირდაპირ მოხვდა იაპონიაში გასამართ ტურნირზე. მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.

წილისყრა თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნებმა" იაპონიაში თამაშის უფლება 2015 წელს ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე მოიპოვეს. ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ეს საკმარისი გამოდგა მომდევნო მსოფლიოს თასზე ადგილის დასაბევებლად.

საქართველოს ნაკრები წილისყრისას მესამე კალათაში იქნება. მასთან ერთად ამავე კალათაში არიან
მასპინძელი იაპონია, არგენტინა და იტალია. ეს ის გუნდებია, რომლებიც მსოფლიოს თასზე ჩვენს ჯგუფში ვერ მოხვდებიან.

წილისყრის სავარაუდო შედეგების სხვადასხვა საინტერესო ვერსია შემოგვთავაზა ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა". ამ გამოცემამ საფრანგეთის ნაკრებისთვის ყველაზე არასასურველ და სასურველთან ერთად, "ნოსტალგიური", "სახიფათო" და "დიდი პრემიერა" ჯგუფები შემოგვთავაზა. საქართველოს ნაკრები ფრანგებმა სწორედ ამ უკანასკნელში მოახვედრეს.

ჯგუფი "დიდი პრემიერა" ასე გამოიყურება: ავსტრალია, საფრანგეთი, საქართველო, სამოა და ევროპა 2, სავარაუდოდ, ესპანეთი. ამ გუნდებიდან ჯგუფურ ეტაპზე "ლე ბლომ" მხოლოდ ერთხელ ითამაშა საქართველოსთან, სხვა გუნდებთან კი, ერთად ჯგუფში არასდროს ყოფილა.

წილისყრას იაპონიაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დაესწრება. მასთან ბოლო ინტერვიუს წინ, ცხადია, პრივატულად ამ თემაზეც ვისაუბრეთ. მან ჩვენი ნაკრებისთვის სასურველი ვერსია შემოგვთავაზა: ინგლისი, შოტლანდია, საქართველო, აფრიკა 1 (სავარაუდოდ, ნამიბია) და რეპეშაჟში გამარჯვებული (სავარაუდოდ, ურუგვაი).

- მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთა

ჩვენი პროგნოზი კი ასეთია: ახალი ზელანდია, შოტლანდია, საქართველო, ევროპა 1 (სავარაუდოდ, რუმინეთი) და ამერიკა 1 (სავარაუდოდ, კანადა).

აღსანიშნავია, რომ წილისყრის შედეგად, შესაძლოა, ერთ ჯგუფში მოხვდნენ 2015 წლის მსოფლიოს თასის ოთხი ნახევარფინალისტიდან სამი. მაგალითად, პირველი კალათიდან ახალ ზელანდიასთან ან ავსტრალიასთან, შესაძლოა, ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ სამხრეთი აფრიკა მეორე კალათიდან და არგენტინა მესამე კალათიდან. თუ ამათ ოკეანეთის პირველი ნომერიც დაემატა, ეს იქნება ყველაზე რთული ჯგუფი, რომელიც აქამდე მსოფლიოს თასის გათამაშებაში შექმნილა.

2015 წლის მსოფლიოს თასზე ეგრეთ წოდებული "სიკვდილის ჯგუფში" მასპინძელი ინგლისი მოხვდა. მისი მეტოქეები ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებები იყვნენ. ინგლისის ეროვნული გუნდი მაშინ ჯგუფში ჩარჩა. ეს იყო პირველი შემთხვევა მსოფლიოს თასის ისტორიაში, როცა მასპინძელმა ჯგუფიდან ვერ გააღწია.

2011 წლის მსოფლიოს თასზე კი, "სიკვდილის ჯგუფში" საქართველოს ნაკრები მოხვდა. მაშინ ჩვენი მეტოქეები ინგლისის, არგენტინის, შოტლანდიისა და რუმინეთის ეროვნული გუნდები იყვნენ. ფავორიტებიდან ჯგუფში შოტლანდია ჩარჩა. საინტერესო იყო D ჯგუფიც, სადაც სამხრეთ აფრიკას კონკურენციას უელსის, ფიჯისა და სამოას ნაკრებები უწევდნენ.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნები" "სიკვდილის ჯგუფში" იყვნენ 2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზეც. ჩვენი მეტოქეები მაშინ საფრანგეთის, ირლანდიის, არგენტინისა და ნამიბიის ნაკრებები იყვნენ. საქართველოს ნაკრებმა ამ უკანასკნელს 30:0 მოუგო და ეს იყო ჩვენი პირველი გამარჯვება მსოფლიოს თასზე.

დღეს გასამართ წილისყრაზე ჩვენთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია: ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა, საქართველო, ოკეანეთი 1 (სავარაუდოდ, ფიჯი ან სამოა) და ამერიკა 2 (სავარაუდოდ, კანადა ან აშშ).

მსოფლიოს თასი 2019. წილისყრა
I კალათა: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია
II კალათა: შოტლანდია, უელსი, სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი
III კალათა: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია
IV კალათა: ოკეანეთი 1, ამერიკა 1, ევროპა 1, აფრიკა 1
V კალათა: ოკეანეთი 2, ამერიკა 2, პლეი ოფი (ევროპა 2/ოკეანეთი 3), რეპეშაჟი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი იქნება: ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, საქართველო, ევროპა 1, რეპეშაჟი ))
ევროპა ერთი იმიტომ, რომ სავარაუდოდ რუმინეთი იქნება და იქ უნდა ავუღოთ რევანში ბოლო დამარცხებაზე. ისე მანამდეც მოგვიწევს თბილისში რუმინეთის დამარცხება)) ავსტრალია იმიტომ, რომ არასოდეს გვითამაშია მათთან.
შოთა
12:01 10-05-2017
0
ჩემის აზრით ინგლისი,უელსი,ამერიკა 1,ოკეანეთი2
დუნკერი
11:29 10-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული