მილტონ ჰეიგმა ირაკლი აბუსერიძის გამოუძახებლობის მიზეზები ახსნა

AutoSharing Option
24 თებერვალს ავჭალის სტადიონის საპრესკონფრენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი წარსდგა, რომელმაც ევროპის ერთა თასის გათამაშებაში, პორტუგალიის ნაკრებთან 25 თებერვალს გასამართ მატჩის წინ "ბორჯღალოსნების" სამზადისზე ისაუბრა.

მილტონ ჰეიგი: "პორუგალიასთან მატჩისთვის უფრო მაღალი დონის მორაგბეები გამოვიძახეთ, ვიდრე ესპანეთან შეხვედრაში. რაც მთავარია, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი სისტემით თამაშის ათვისებას.

ესპანელებთან დაპირისპირების შემდეგ ორი კვირა გავიდა და ნაკრების ძირითადმა ბირთვმა ახალი სათამაშო სისტემა კარგად აითვისა.

რაც შეეხება ირაკლი აბუსერიძის საკითხს, ეროვნულ გუნდში მის არყოფნას ორი მიზეზი აქვს. პირველი -
გვინდა "აბუს" დასვენების შესაძლებლობა მივცეთ და მეორეც, მის პოზიციაზე სხვა მორაგბეების შემოწმება გვსურს, რათა ვიცოდეთ, ვინ შეიძლება მომავალში ეროვნულ გუნდში 9 ნომრის პოზიცია დაიკავოს.

პორტუგალიასთან მატჩისთვის შევცდებით მამუკა გორგოძეს ხშირად გადავაწოდოთ ბურთი, რათა მან გამოიყენოს მეტოქის თავისუფალი ზონები და რაც შეიძლება ბევრი ლელო დავდოთ.

ყველამ ნახეთ ესპანეთთან შეხვედრა, სადაც გიორგი შკინინმა კარგად ითამაშა და ამიტომ ის პორტუგალიასთანაც მოედანზე იქნება".

პრესკონფერენციაზე გაცხადდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორი კომპანია "გალფი" გახდა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და კომპანია "გალფის" ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ქათამაძემ 100 ათასი ლარის ოდენობის სპონსორულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ამიერიდან საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამშეების მკლავზე "გალფის" ლოგო იქნება გამოსახული.

გიორგი ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): "ამ ოთხწლეულში ძალიან სერიოზული ამოცანები გვაქვს. ჩვენი მიზანია სარაგბო ელიტის გუნდებში მოხვედრა და ამისთვის შესაბამისი პროგრამები არსებობს. გვაქვს გეგმა, რომელსაც სჭირდება სერიოზული სახსრები. ასევე არის სამთავრო პროგრამა, რომლითაც ჩვენი მიზნისკენ მივიწევთ.

სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობა და რაგბის საერთაშორისო ფედერაცია მხარში გვიდგას.

მიზნის მისაღწევად კი უფრო მეტი სპონსორია საჭირო. "გალფმა" გამოიჩინა კეთილი ნება და ქართულ რაგბს მხარში ამოუდგა.

შეიძლება ითქვას "გალფმა" სულზე მოგვისწრო. იმედია, რომ მას სხვა კომპანიებიც მიბაძავენ. პირველ რიგში დაფინანსება ქართულ კლუბებს სჭირდება".

ოთარ ქათამაძე ("გალფის" ვიცე-პრეზიდენტი): ძალიან დიდი პატივია, რომ შეგიძლია შენი ქვეყნის საამაყო გუნდს ფინანსური დახმარება გაუწიო. კომპანია "გალფი" რაგბს საქართველოში დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტად მიიჩნევს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა 25 თებერვალს ავჭალის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები მატჩის დღეს ავჭალის სტადიონის სალაროებში გაიყიდება და მისი ფასი 10 ლარი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული