გია ნიჟარაძე: შერკინებაში სერიოზული პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
9 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს "ერთა თასის" ბოლო ტურის მატჩი უკრაინაში უნდა ეთამაშა. თუმცა ამ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ბორჯღალოსნებს ურთულესი მატჩი ელით დენვერში, აშშ-ის ნაკრებთან და ამერიკის ისედაც "მიუვალ", ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარე ქალაქამდე ჩასაღწევად "შემოვლითი გზებით" რომ არ ემგზავრათ, უკრაინელებს მატჩის თბილისში გადმოტანა სთხოვეს.

აშშ-იდან ჩვენი გუნდი კანადაში გადაინაცვლებს და მასპინძელთა ნაკრებს გაეჯიბრება.

გარდა ამისა, გასული კვირის მიწურულს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 17 და 24 ნოემბერს თბილისში იაპონიისა და ფიჯის ეროვნულ გუნდებს ვუმასპინძლებთ.

მომავალ მატჩებზე სალაპარაკოდ საქართველოს
რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს შევეხმიანეთ.

- გადაწყვეტილია, რომ დნეპროპეტროვსკის ნაცვლად უკრაინასთან მატჩი თბილისში ჩატარდება. უკრაინული მხარე ადვილად დაითანხმეთ?
- 9 ივნისს უკრაინაში უნდა გვეთამაშა, მერე კი ჩრდილოამერიკულ ტურნეში წავსულიყავით. თუმცა, როდესაც გასამგზავრებლად დავიწყეთ მზადება, აღმოჩნდა, რომ დნეპროპეტროვსკიდან აშშ-ში ჩასაღწევად ძალიან გრძელი გზის გავლა მოგვიწევდა: თბილისიდან სტამბულში უნდა ჩავსულიყავით და მატჩის გასამართ ადგილამდე თურქეთის გავლით ჩაგვეღწია.

დნეპროპეტროვსკი-კიევის ავიარეისის ბილეთები ვეღარ ვიშოვეთ, ამიტომაც თამაშის შემდეგ გუნდს კიევამდე 5-6 საათის განმავლობაში ავტობუსით მოუწევდა მგზავრობა. გამთენიისას კიევიდან გერმანიაში გავფრინდებოდით, იქიდან - ნიუ იორკში, ნიუ იორკიდან კი - დენვერში...

გარდა იმისა, რომ მორაგბეები მგზავრობით დაიქანცებოდნენ, დავიანგარიშეთ, რომ უკრაინელებისთვის მასპინძლობა უფრო იაფი დაგვიჯდება, ვიდრე ასეთი "მოგზაურობა".

რაც შეეხება უკრაინელთა დათანხმებას, ეს არ გაგვჭირვებია. ამ ქვეყნის რაგბის კავშირთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მათთვის არც მატჩის შედეგი წყვეტს რამეს, რადგან დივიზიონიდან გავარდნისგან ვეღარაფერი იხსნით. რაც მთავარია, ფინანსური თვალსაზრისითაც აწყობდათ - მასპინძლების ხარჯზე თბილისში სტუმრობა ცუდი არ უნდა იყოს. თანხმობა "ფირა-აერისგანაც" მივიღეთ. ასე რომ, 9 ივნისს უკრაინის ნაკრებს ავჭალის სტადიონზე ვუმასპინძლებთ.

- საქართველოს ნაკრები შეკრებას როდის დაიწყებს?
- გუნდი 2 ივნისს შეიკრიბება და მზადებას, ტრადიციულად, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დაიწყებს. უკრაინასთან მატჩის შემდეგ კი, გამთენიისას, აშშ-ში გაემგზავრება. რაც შეეხება შემადგენლობას, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვექნება.

- კლუბების მიერ მორაგბეების ნაკრებში გამოშვებას გულისხმობთ?
- არა მხოლოდ ამას. რამდენიმე მორაგბე ტრავმირებულია, ნაკრების წამყვანი მოთამაშეები საფრანგეთის ჩემპიონატის ფლეი-ოფში მონაწილეობენ, ზოგი კლუბის ძიებაშია და ა.შ. დღევანდელი მონაცემებით, შერკინებაში სერიოზული პრობლემები გვაქვს - წამყვანი მოთამაშეების უმეტესობა ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

რაც შეეხება ხაზის მოთამაშეებს, ამ რგოლში გაცილებით კარგად არის საქმე. დღესდღეობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამერიკაში ის გუნდი გაემგზავრება, ვინც უკრაინასთან ითამაშებს.

თუმცა, მინდა გულშემატკივრებს შევახსენო - ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ წლევანდელ წელს გარკვეული ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენებთ. მოთამაშეების გამოსაცდელად მხოლოდ ეს წელი გვაქვს, 2013 წლიდან ამის შესაძლებლობა აღარ გვექნება - გაისიდან ხომ მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლი იწყება.

ექსპერიმენტებმა შეიძლება რეიტინგში დაგვაქვეითოს, მაგრამ არც რეიტინგის გამოსწორებაა პრობლემა.

ჩრდილოეთ ამერიკაში წასაგებად ნამდვილად არ მივდივართ, პირიქით - ბოლო წუთამდე ვიომებთ, მაგრამ მინდა, გულშემატკივარს ვთხოვო, ყველაფერს გაგებით შეხვდეს. ივნისის თვეში ყოველთვის ვაწყდებით ასეთ პრობლემებს, მაგრამ იმის გამო, რომ წამყვანი მოთამაშეები გვაკლია, უარს ვერ ვიტყოდით - აშშ და კანადა შარშან ნოემბერში გვეთამაშნენ და ვალდებულნი ვართ, "ვალი" ივნისში დავუბრუნოთ.

იხილეთ სრულად

რატი შელეგია
www.kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ
მილტონ ჰეიგმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

ერთა თასი: უკრაინის ნაკრების დამარცხება ნებისმიერი ანგარიშით გვაწყობს
მკითხველის კომენტარები / 2 /
რ ა გ ბ ი იდეოლოგიის დონეზე უნდა ავიყვანოთ საქართველოში ,რომ მამაცი,გულწრფელი,პირდაპირი,კეთილშობილი და ჯანსაღი თაობები წამოვიდეს მომავალში,ერთ-ერთი მძლავრი საშუალება,რომ შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა,ეროვნული ღ ი რ ს ე ბ ა ამ გლობალიზირებულ თანამედროვე,უსახურ სამყაროში...ეროვნული ჩემპიონატის კლუბები ფინანსურად ისე უნდა გაძლიერდნენ,რომ მოთამაშეებს მინისტრებზე ნაკლები ხელფასები არ ქონდეთ...საერთოდ ვოცნებობ,რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ჩემპიონატი თავისი ინტერესითა და ავტორიტეტით არ ჩამოუვარდებოდეს საფრანგეთის,ინგლისისა ზელანდიის ჩემპიონატს!!!--მიდით ბიჯებო შემართებით! ერი აღტაცებით გიყურებთ...
glaxuna
14:54 01-06-2012
0
არაუშავს, მოვიცდით. ახალგაზრდები გამოცადეთ.
ramo
15:02 01-06-2012
0

სიახლეები პოპულარული