"ბორჯღალოსნები" ამ ურთულესი შეხვედრისთვის "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ორჯერად წვრთნებს გადიან.
ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან საბრძოლო რაზმი დაასახელა.
გუნდში, იაპონიასთან დაპირისპირებისგან განსხვავებით, რამდენიმე ცვლილებაა. შერკინების პირველ ხაზში დავით ზირაქაშვილის (კლერმონი) ნაცვლად, დავით ქუბრიაშვილი (ტულონი) ითამაშებს.
ზირაქაშვილმა იაპონიასთან მატჩში ფეხი დაიშავა და წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ჰეიგმა ის თადარიგში შეიყვანა.
სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმაც
მეორე ხაზში ლევან დათუნაშვილს (ორიაკი) ამჯერად კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) შეუწყვილდება.
თადარიგში ვახტანგ მაისურაძე (ალბი) იქნება. გიორგი ნემსაძე (ტარბი) კი, რომელმაც იაპონელებთან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, განაცხადში არ არის.
უცვლელია მესამე ხაზი. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ შალვა სუთიაშვილი (მასი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) და მამუკა გორგოძე (მონპელიე). თადარიგში იაპონიასთან შეხვედრაში გიორგი თხილაიშვილი (არმია) იყო. ამჯერად მის ადგილს ბექა ბიწაძე (არმია) დაიკავებს.
აბსოლუტურად უცვლელია უკანა ხაზი. ძირითად და სათადარიგო შემადგენლობებში აქ იგივე მორაგბეები არიან, რაც მათ მიმართ ჰეიგის ნდობით უნდა აიხსნას.
მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი) იაპონიასთან მატჩში საუკეთესო იყო. მან ერთი ლელო, ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა, ანუ გუნდის მიერ დაგროვებული ყველა ქულა მის ანგარიშზეა.
ფიჯისთან შეხვედრის ბედი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად სტაბილურად შეძლებს გარჯას "მეკო".
ფრთებზე ისევ ირაკლი მაჩხანელი (არმაზი) და სანდრო თოდუა (ალბი) ითამაშებენ. შუამარბების პოზიციას კი შესანიშნავი დუეტი დავით კაჭარავა (როდეზი) და მერაბ შარიქაძე (ჰართპური) დაიკავებენ.
ფულბეკი ისევ ირაკლი ყიასაშვილი იქნება, ცხრა ნომერი და გუნდის კაპიტანი კი ირაკლი აბუსერიძეა, რომელსაც ამ პოზიციაზე ჯერჯერობით რეალური კონკურენტი არ ჰყავს.
ძნელი სათქმელია, რა ტაქტიკას აირჩევს ფიჯისთან სათამაშოდ მილტონ ჰეიგი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტოქე იაპონელებზე ნაკლებად ორგანიზებულნი, მაგრამ გაცილებით უკეთ ხელდახელ მობურთალნი არიან, აქცენტი ისევ ჩვენს მძლავრ მორკინალებზე უნდა ავიღოთ, თუმცა არც უკანახაზელების დავიწყება შეიძლება, რომლებიც ურიგოდ არ გამოიყურებიან.
უბრალოდ, მათ მეტი თამაშის საშუალება უნდა მიეცეთ. ვარჯიშებზე "ბორჯღალოსნები" სწორედ ასეთი ტაქტიკის განხორციელებას ცდილობდნენ და იმედია, თამაშში მის ხორცშესხმას შეძლებენ.
საბრძოლო რაზმი დაასახელა ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ინოკი მალემ. გასულ უქმეებზე ფიჯელებმა ირლანდიის A ნაკრებთან ითამაშეს და მშრალი ანგარიშით, 0:53 დამარცხდნენ.
იმ შემადგენლობიდან მალემ ოთხი მორაგბე შეცვალა: გარემარბი სიმელი კნიფერედის ნაცვლად აისეა ნატონგა ითამაშებს. შუამარბ ჯოშ მატავესის კი საულა რანდინდი შეცვლის.
ორი ცვლილებაა შერკინებაშიც. მესამეხაზელი ნემანი ნაგუსას პოზიციაზე (#8) ილიესა რატუვა ითამაშებს, რომელიც ირლანდიელებთან დაპირისპირებაში ფლანკერი იყო. მის ადგილს კი აპისალომე რატუნირავა დაიკავებს. საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს შერკინების ბურჯი დიკონ მანუ. მის ნაცვლად ჩვენს პირველხაზელებს სეტეფანო სომოსა დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შაბათს, 15 საათზე დაიწყება. დღეს კი ორივე ნაკრები ბოლო, კაპიტნის ვარჯიშს გამართავს. ფიჯელების წვრთნა დილით 10 საათზე დაიწყება, "ბორჯღალოსნები" კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედანს 15 საათიდან დაიკავებენ.
ამასობაში იაპონიის ნაკრებმა საფრანგეთში ბასკეთის ნაკრებთან ითამაშა, რომელიც მთლიანად საფრანგეთში მცხოვრები ბასკებით იყო დაკომპლექტებული და 3:19 დამარცხდა. ძნელი სათქმელია რატომ, მაგრამ ბასკეთის ნაკრებში ითამაშა ქართული წარმოშობის ფრანგმა ცხრა ნომერმა დიმიტრი იაშვილმა, რომელმაც ერთი გარდასახვა გაიტანა.
საქართველო-ფიჯი
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ბექა ბიწაძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თედო ზიბზიბაძე.
ფიჯი: 15. მეტუსეილა ტალემბულა, 14. აისეა ნატონგა, 13. საულა რანდინდი, 12. ვერენიკი ნგონევა, 11. ვატისონი ვოტუ, 10. ჯონეტანი რალულუ, 9. ნიკოლა მატავალუ. 1. ჯერი იანუტავა, 2. ვილიამე ვეიკოსო, 3. სეტეფანო სომოსა, 4. ლეონე ნაკარავა, 5. აპისალომე რატუნირავა, 6. აპი ნაიკატინი, 7. მალაკაი რავულო, 8. ილიესა რატუვა.
16. ტუაპატი ტალემაი-ტონგა, 17. მანასა საულო, 18. ჯერი ნაურეურე, 19. ჯოვილი ნდომი-ლაილაი, 20. ნემანი ნანგუსა, 21. კელემენდი მბოლა, 22. სამუელა ვარა, 23. მალაკაი ვოლაუ.
მსაჯი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)
24 ნოემბერი
ირლანდია-არგენტინა
იტალია-ავსტრალია
ინგლისი-სამხრეთ აფრიკა
შოტლანდია-ტონგა
საფრანგეთი-სამოა
უელსი-ახალი ზელანდია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რიჩი დიქსონი: თამაშის ხარისხის გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია
"ბორჯღალოსნები" მორიგი ტესტისთვის ემზადებიან
"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდნენ
საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ