საქართველოს ეროვნული გუნდი სრული შემადგენლობით გაისარჯა. არ უვარჯიშია მხოლოდ შერკინების ბურჯ დავით ზირაქაშვილს (კლერმონი), რომელიც ფეხის ტკივილმა შეაწუხა. ის თანაგუნდელების ვარჯიშს მოედნის კიდიდან ადევნებდა თვალს.
სხვა ყველა ჯანმრთელადაა და ფიჯისთან მომავალი დაპირისპირებისთვის ემზადება. "ბორჯღალოსანთა" რიგებში იყო მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), რომელიც 21 ნოემბერს პარიზში სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე იყო
ჩვენდა საბედნიეროდ, ეს ღონისძიება გადაიდო და "ვიტო" დისკვალიფიკაციას დროებით გადაურჩა. შესაბამისად, მას შეუძლია შაბათს ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს.
"ბორჯღალოსნებმა", როგორც წესია, ვარჯიში მსუბუქი მოთელვით დაიწყეს, რის შემდეგაც უკანახაზელები მსოფლიოს რაგბის ახალზელანდიელმა ლეგენდამ ტანა უმაგამ დაიმარტოხელა.
ყოფილმა "ოლბლექსელმა" ბიჭები ორ რიგად დააყენა და ბურთის ერთი შეხებით, სწრაფად გადაცემაში ავარჯიშა.
წვრთნის ეს მეთოდი საკმაოდ ხალისიანი გამოდგა და მორაგბეები დიდი მონდომებით ირჯებოდნენ.
მერე უკანახაზელები მოედნის ერთ ნახევარზე გაიშალნენ და ღია თამაშის იმიტირებულ ვითარებაში ფეხით დარტყმაში ივარჯიშეს.
ამასობაში მილტონ ჰეიგი, ილია ზედგინიძე და ილია მაისურაძე მორკინალებთან მუშაობდნენ. მათ ისინი ორ ნაწილად დაჰყვეს და დერეფანში კომბინაციების დახვეწაში ავარჯიშეს.
სავარაუდოდ, ძირითად მორკინალებს ბურთს აუტის ხაზიდან შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი) უგდებდა, სათადარიგოებს კი - შალვა მამუკაშვილი (არმია). მერე ორივე ნაწილი გააერთიანეს და დერეფნიდან მოლის აგორებაში ივარჯიშეს.
წვრთნის შემდეგი, მეორე ნახევარი შერკინებამ და უკანა ხაზმა ბოლომდე ერთად გაატარეს. ჰეიგმა სავარაუდო ძირითად შემადგენლობას ლურჯი მოსაცმელები გადააცვა და შეტევის ორგანიზება დაავალა.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ალესანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
როგორც ხედავთ, გუნდში სამი ცვლილებაა. შერკინების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის ნაცვლად ძირითადში ადგილს ირაკლი ნატრიაშვილი დაიკავებს.
სავარაუდოდ, ითამაშებს დავით ზირაქაშვილიც, ოღონდ თუ მატჩამდე ტრავმა მოირჩინა. მეორე ხაზში კი გიორგი ნემსაძეს (ტარბი) ფრანგული "ტულონის" მოთამაშე კონსტანტინე მიქაუტაძე შეცვლის.
"ლურჯებმა" შერკინებიდან ბურთის გამოტანის შემდეგ მრავალფაზიანი იერიშების ორგანიზება სცადეს. მერე ეს მეთოდი ეგრეთ წოდებულმა "თაჩ რაგბიმ" შეცვალა. ანუ ბურთიან მოთამაშეს მეტოქე ოდნავ მაინც თუ შეეხებოდა, შებოჭილად ითვლებოდა და თამაში რაკიდან უნდა გაგრძელებულიყო.
ამ მეთოდმა არეული, ანუ ღია თამაშის იმიტაცია გამოიწვია, რაშიც ფიჯელები განსაკუთრებით ძლიერები არიან.
ამასობაში კი ფიჯის ეროვნული გუნდი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ვარჯიშობდა. მას სპარინგ-პარტნიორობას საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" უწევდა.
ფიჯელებთან ერთობლივმა წვრთნამ, ცხადია, ქართველ მორაგბეებს დიდი გამოცდილება შესძინა.
განსაკუთრებით საინტერესოა მათი ხელდახელ თამაშის უნარ-ჩვევები. შემთხვევით არ არის, რომ ფიჯის შვიდკაცა ნაკრებს რაგბის ამ ნაირსახეობის "ჯადოქრებს" უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ჩამოსვლამდე ფიჯელებმა ევროპაში სამი მატჩი გამართეს. პირველ შეხვედრაში კუნძულელები ინგლისის ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ - 12:54, მერე ამავე ქვეყნის კლუბთან, "გლოსტერთან" წააგეს - 31:29.
გასულ უქმეებზე კი ფიჯის ნაკრები ირლანდიის A ნაკრებმა გაანადგურა - 53:0.
ფიჯელები მსოფლიოს რეიტინგში 70,60 ქულით მე-14 ადგილზე არიან. გამარჯვების შემთხვევაში "ბორჯღალოსნებს" შანსი აქვთ, კლასიფიკაციაში მინიმუმ ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები 66,75 ქულით მეჩვიდმეტეა.
თამაში 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე, 15 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), ლევან ჩილაჩავა (ტულუზი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი)
მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე-არმია).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხლამაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართფურის კოლეჯი), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (მონლუსონი)
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), გიორგი ფრუიძე (აია), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), საბა ნიკოლავა (არმია).
ფიჯის ნაკრები: სტეფანო სამოსა, დიკონ მანუ, რატუ მაკუტუ, მანასა საულო, სერემია ნაურეურე, ვილიამ სეკოსო, ტუაპატი ტალემაიტოგა, ლეონე ნაკარავა, აპისაი ნაიკატინი, სოკონიაია კალოუ, აპისალომე რატუნიიარავა, იიესა რატუვა, მალაკაი ვოლაუ, მალაკაი რავულო, ჯონ ქოვუ, ჯოვილი დომოლაილაი, ნემანი ნაგუსა, ნიკოლა მატავალუ, ნემია კენატალე, მეტუისელა ტალებულა, ჯონეთანი რალულუ, ჯოშ მატავესი, კელემედი ბოლა, ვერენიკი გონევა, ჯოსაია ლოტავა, რავაი ფატიაკი, სამუ ვარა, ვატისონი ვოტუ, ვაისეა ნაიაკალევუ, სიმელი კონიფერედი.
24 ნოემბერი
ირლანდია-არგენტინა
იტალია-ავსტრალია
ინგლისი-სამხრეთ აფრიკა
შოტლანდია-ტონგა
საფრანგეთი-სამოა
უელსი-ახალი ზელანდია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდნენ
საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ