მილტონ ჰეიგი: ქართველები მსოფლიო ჩემპიონები ხართ... სტუმარ-მასპინძლობაში

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2013 წლის პირველ მატჩს 2 თებერვალს ჩაატარებს - ბელგიასთან სტუმრად ითამაშებს.

მომავალ მატჩზე, ნაკრების სამომავლო პერსპექტივებსა და სხვა არასარაგბო თემებზე სასაუბროდ ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს ვესტუმრეთ.

იგი ახალი ზელანდიიდანაა. შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი ერთი მოგზაურის სიტყვების სიმართლეში, რომელიც ზელანდიელებს მეტად გულღია ხალხად ახასიათებს - ყველა შემხვედრს თბილად ესალმებიანო.

მილტონ ჰეიგთან ინტერვიუ ქართულ-ზელანდიური პარალელებით დავიწყეთ.

- საქართველოში ჩამოსულს თავი უცხოდ არ მიგრძვნია, რადგან ბუნება აქაც დაახლოებით ისეთია, როგორიც ახალ ზელანდიაში - მაღალი მთები, მდინარეები, უამრავი ღირსშესანიშნაობა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე
აღმოვაჩინე დიდი მსგავსება ხასიათში: ზელანდიელებსაც გვიყვარს სიმღერა, გემრიელი კერძების დაგემოვნება, სტუმარი...

არაერთ ქვეყანას ვიცნობ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა - ქართველები მასპინძლობაში მსოფლიო ჩემპიონები ხართ.

- ახლა სხვაობაზე გკითხავთ. რა განსხვავებას ხედავთ ქართველ და ზელანდიელ მორაგბეებს შორის?
- ჩემს სამშობლოში რაგბის თამაშს 5 წლიდან იწყებენ. ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწევენ, უმაღლეს ლიგაში ისე ვერ ითამაშებენ, თუ სამ ლიგას (სამ დონეს) არ გაივლიან. უმაღლესში თითოეული მორაგბე სათანადოდ გამოცდილი და დახვეწილი შედის.

საქართველოში რაგბის თამაშს ცოტა გვიან იწყებენ, ზოგჯერ 15 წლის ასაკიდანაც. მაგალითად, ვიცი, რომ მამუკა გორგოძე რაგბიში გვიან ჩაერთო.

ფედერაციას ვეხმარები, რომ ბავშვების აღზრდის ქართული სისტემა ზელანდიურს მივუახლოვოთ.

- საინტერესოა, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების წევრთა უმეტესობა მშობლიურ ჩემპიონატში თამაშობს.
- აბსოლუტური უმეტესობა. ვისაც "ოლ ბლექსში" (ნაკრების მეტსახელი) თამაში უნდა, აუცილებლად შიდა პირველობაზე უნდა იასპარეზოს.

- ვინმემ ევროპის წამყვანი ლიგიდან რომ მიიღოს შეთავაზება?
- ნაკრებში ვეღარ მოხვდება! სხვა ქვეყნებში ან ვეტერანები მიდიან, ან ისინი, ვისაც "ოლ ბლექსში" თამაშის იმედი არ აქვს. საშუალო და მაღალი დონის ყველა მორაგბე ზელანდიაშია. ამიტომაცაა ძლიერი ლიგა და ამიტომაც აქვს ნაციონალურ გუნდს წარმატებები.

- რადგან უმაღლესი დონის რაგბიზე ვლაპარაკობთ, საინტერესოა თქვენი აზრი - რამდენად მზადაა საქართველოს ნაკრები ევროპის ტოპ-ექვსეულში (6 ერის თასზე) სათამაშოდ?
- შეგვიძლია, ინგლისსა და ირლანდიას პირველ ტაიმში თანაბრად ვეთამაშოთ, მაგრამ ბოლომდე გაძლება გაგვიჭირდება, იმიტომ, რომ ბრიტანელთა მთელი შემადგენლობა ყოველ კვირას უმაღლეს დონეზე თამაშობს, დაძაბულ მატჩებს, დიდ წნეხს მიჩვეულია და ნებისმიერი სანაკრებო შეხვედრის თავიდან ბოლომდე სტაბილურად ჩატარება შეუძლია, არ დაიღლება.

საქართველოს ნაკრებიდან კი 6-7 მორაგბე თამაშობს უმაღლეს დონეზე, საფრანგეთის ძლიერ ლიგაში გამოდის და პარალელურად, საკლუბო შეჯიბრებებში იღებს გამოცდილებას. ინგლისის დონის გუნდებთან თანაბრად სათამაშოდ საჭიროა, მთელი შემადგენლობა მაღალი დონის კლუბებში იწრთობოდეს.

რაც შეეხება ექვსი ერის წარმომადგენელ შოტლანდიასა და იტალიას, მათთან დღესვე შეგვიძლია თავიდან ბოლომდე ღირსეულად ბრძოლა და გამარჯვებაც. ამისთვის მენტალურადაც მზად ვართ და ფიზიკურადაც.

- 2 თებერვალს ბელგიას ვეთამაშებით. შოკოლადის ქვეყანაში ტკბილი გასეირნება გველის?
- სამწუხაროდ, ბელგიის ნაკრების მატჩის ამსახველი კადრები ვერ მოვიპოვეთ. ეს საქმეს ართულებს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქე შინ თამაშობს და მორაგბეები საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების წინაშე ეცდებიან გამარჯვებას, მათ ხომ ორი წელია, თამაში არ წაუგიათ.

ფავორიტები მაინც ჩვენ ვართ, თუმცა ეს სტატუსი სტატუსადვე დარჩება, თუ მატჩისთვის კარგად არ მოვემზადებით, ბოლომდე არ დავიხარჯებით და რაც მთავარია, მეტოქეს სათანადოდ არ შევაფასებთ.

იხილეთ სტატია სრულად
www.kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ:

გიორგი ნიჟარაძე: ეროვნულ ნაკრებს საკუთარი სტადიონი სჭირდება
ირაკლი აბუსერიძე კარიერას ასრულებს - ვინ უკაპიტნებს "ბორჯღალოსნებს"?
"ეიზელზე" "ბორჯღალოსნების" თამაშის რეპორტაჟს ვერ ვნახავთ?
ლევან მაისაშვილი: მამუკა გორგოძე ძალიან დიდი ავტორიტეტია
მკითხველის კომენტარები / 1 /
მორაგბეთა ლომგულობა, ნათელი წერტილია ჩვენს სიდუხჭირეში.
giorgi
11:26 02-02-2013
0

სიახლეები პოპულარული