მსოფლიოს რაგბის მმართველ ორგანოსთან ერთად, ტურნირის ორგანიზატორები არიან: საქართველოს რაგბის კავშირი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს ნაკრებთან ერთად შეჯიბრებაში ურუგვაის ეროვნული გუნდი, "სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები" და "მზარდი ირლანდია" იასპარეზებენ. "ბორჯღალოსნებს" სამივე მეტოქესთან მოუწევს თამაში.
"საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებებისთვის, რომლებიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში მოსახვედრად იბრძვიან, ამ ტურნირს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ხოლო "მზარდი ირლანდიისა" და "სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრების" მონაწილეობა ამ შეჯიბრებას
ქართველებს უყვართ რაგბი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტურნირი კიდევ უფრო აამაღლებს ქართული რაგბის პრესტიჟს და კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს მომავალი განვითარებისთვის" - თქვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ ლაპასემ.
"მზარდი ირლანდია" დაკომპლექტებული იქნება იმ ახალგაზრდა ირლანდიელი პროფესიონალი მორაგბეებით, რომლებსაც ეს ტურნირი საშუალებას მისცემს, ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელ ჯო შმიდტს თავიანთი შესაძლებლობები უჩვენონ, რათა ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდრონ ადგილი.
ირლანდიის რაგბის კავშირი გეგმავს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ ტურნირზე გამოსცადოს ის ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც 2015 წლის მსოფლიოს თასზე "სამყურების" ძირითად ბირთვს შეადგენენ.
"სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები" "ქარი კაპის" გათამაშებაში მონაწილე გუნდების მორაგბეებით დაკომპლექტდება.
ამ ქვეყნის რაგბის კავშირი "საპრეზიდენტო ნაკრებს" დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან "თბილისის თასზე" ის ახალგაზრდა მორაგბეები გამოვლინდებიან, რომლებსაც შანსი მიეცემათ, მომავალში "ბოკეს" კვართი მოირგონ.
მესამე მეტოქე, ურუგვაის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. "ლოს ტეროსთან" "ბორჯღალოსნებმა" 2003 წლის მსოფლიოს თასზე წააგო. რამდენიმე წლის შემდეგ კი რევანში ბუქარესტში გამართულ IRB-ის ერთა თასზე აიღო.
ურუგვაის ეროვნულ გუნდთან ერთი კურიოზული ამბავია დაკავშირებული: 2005 წელს თბილისში ჩილესა და ურუგვაის ნაკრებები უნდა ჩამოსულიყვნენ ივნისის ტესტებზე.
ჩილელებმა თბილისამდე მშვიდობით ჩამოაღწიეს, ურუგვაის ნაკრებმა კი მადრიდამდე იფრინა და საქართველოში გამომგზავრება გაუგებარი მიზეზების გამო ვეღარ შეძლო.
ახლახან ურუგვაის ნაკრებმა მონტევიდეოში ჩილეს ნაკრებს უმასპინძლა და 23:9 დაამარცხა. ეს შეხვედრა 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირის ეგიდით გაიმართა.
ამრიგად, ურუგვაელებმა სამხრეთ ამერიკაში პირველობა არავის დაანებეს და ინგლისის საგზურის მოსაპოვებლად კანადისა და აშშ-ის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ტურნირი ორ წრედ ჩატარდება.
საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ "თბილისის თასის" გათამაშების ყველა მატჩს "ავჭალის სარაგბო სტადიონი" უმასპინძლებს. დღეში ორი შეხვედრა გაიმართება.
7 ივნისს "ბორჯღალოსნების" მეტოქეები ირლანდიელი მორაგბეები იქნებიან. მომდევნო შეხვედრა კი ოთხ დღეში ურუგვაის ეროვნულ გუნდთან ტესტ-მატჩი იქნება. ამ მატჩის შედეგი მსოფლიოს კლასიფიკაციაში რეიტინგზე აისახება. ტურნირის ბოლო დღეს ჩვენი ბიჭები სამხრეთაფრიკელებს დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ბილეთის ფასი 10 ლარია, რომლის მფლობელსაც დღეში ორივე მატჩის ნახვის საშუალება ექნება.
ამასთან ერთად, იგეგმება მატჩების საზღვარგარეთ ტრანსლაცია. ამით უცხოური ტელეკომპანიები არიან დაინტერესებულნი, რომელთა ვინაობაც მოგვიანებით გაცხადდება.
განრიგი
7 ივნისი
I ტური
ურუგვაი-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
საქართველო-მზარდი ირლანდია
11 ივნისი
II ტური
მზარდი ირლანდია-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
საქართველო-ურუგვაი
16 ივნისი
III ტური
ურუგვაი-მზარდი ირლანდია
საქართველო-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასს, სავარაუდოდ, ტონგასთან მატჩით დაიწყებენ
გიორგი ნიჟარაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]