გია ნიჟარაძე: კარგი იქნება, თუ ქომაგი სტადიონზე წითელი სამოსით მოვა

AutoSharing Option
საქართველოში სარაგბო სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა მანამდე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წლეულს ყველაზე სერიოზული გამოცდა ელის.

"ბორჯღალოსნები", პირველად თავის ისტორიაში, ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს გამართავენ.

ჩვენი მეტოქეები საკმაოდ სერიოზული გუნდებია - აშშ-ის, კანადისა და სამოას ნაკრებები. კარს მომდგარი ბატალიებისთვის მზადების პერიპეტიებსა და მომავლის გეგმებზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს ვესაუბრეთ.

- ნოემბრის ტესტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს ორი წელიწადი ჰქონდათ ექსპერიმენტებისთვის. მათ ჰქონდათ საშუალება, ყველა საინტერესო მოთამაშე გამოეცადათ საქმეში. ახლა დადგა დრო, ეს ყოველივე შედეგში აისახოს. ვნახავთ,
რამდენად სწორი გეზი ჰქონდათ აღებული გუნდის თავკაცებს.

- გთხოვთ მოკლედ დაგვიხასიათოთ ის ნაკრებები, რომლებთანაც "ბორჯღალოსნებს" ნოემბრის ტესტებზე მოუწევთ ბრძოლა.
- სამივე გუნდთან თამაში ძალიან მძიმე იქნება. პირველი მეტოქე, რომელსაც ეროვნულ სტადიონზე დავუპირისპირდებით, კანადის ნაკრებია. "ნეკერჩხლის ფოთლები" ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი გუნდია. ეს ნაკრები წლიდან წლამდე უმატებს და საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა.

ის რეიტინგში ორი საფეხურით გვისწრებს. ამ ქვეყნის რაგბის კავშირი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება. ის ახალზელანდიელი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და ძალიან სწრაფად ვითარდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები, შესაძლოა, კანადისაზე ოდნავ სუსტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. "არწივები" საკმაოდ მებრძოლი გუნდია და იოლად არავის არაფერს უთმობს. მათთან შეხვედრის გამართვა ქუთაისში გვინდოდა, რაც რეგიონში რაგბის კიდევ უფრო პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, რაგბის საერთაშორისო საბჭომ ქუთაისის ცენტრალური სტადიონი დაიწუნა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მატჩი რუსთავში, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მიერ აგებულ ახალ სტადიონზე გავმართოთ.

სამოას ნაკრებზე ბევრი ლაპარაკი საჭირო არც არის. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-7 ადგილზეა. მსგავსი დონის ეროვნულ ნაკრებს საქართველოში არასდროს უთამაშია.

ამრიგად, ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ აშშ და კანადა, სამოას კი შეუპოვარი ბრძოლა შევთავაზოთ.

ვნახოთ, რა გამოვა.

მთავარია, გუნდი მომავალ წელს გასამართი ერთა თასისთვის მოემზადოს, რათა იქ პირველი ადგილი დავიკავოთ და მსოფლიოს თასის გათამაშებაში C ჯგუფში მოვხვდეთ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ხერხდება საქართველოს ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობის თავმოყრა, რომელსაც ნოემბრის ტესტებზე დასახული მიზნის მიღწევა ხელეწიფება?
- მიზნის მიღწევა არ იქნება ადვილი. მით უფრო, რომ გუნდში ტრავმების ნამდვილი ეპიდემიაა.

საკმაოდ სერიოზული დანაკლისი გვაქვს პირველ ხაზში. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ დავით ზირაქაშვილი, ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, ირაკლი ნატრიაშვილი, გიორგი ჟღენტი, მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე.

პირადი პრობლემების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარება ანტონ ფეიქრიშვილი. ტრავმები ახლახან მოირჩინეს მამუკა გორგოძემ და ლაშა ხმალაძემ.

ვფიქრობ, ყველა ეს მორაგბე ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალაა. თუმცა ისინი, რომლებიც ამჯერად ნაკრების კვართს მოირგებენ, როგორც ყოველთვის, ბოლომდე, მთელი ჟინითა და შემართებით იბრძოლებენ, რათა კიდევ ერთხელ გაახარონ ქართული რაგბის ქომაგები.

- რა ცვლილებაა საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბში?
- საფრანგეთში მოთამაშე ჩვენი წამყვანი მორაგბეების რეკომენდაციით, ნოემბრის ტესტებზე მოვიწვიეთ ფრანგი სპეციალისტი დიდიე ბესი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში "მონპელიეს" შერკინებას წვრთნიდა და ახლა ამ გუნდის ესპუარებისა და სარაგბო აკადემიის მთავარი მწვრთნელია.

მისი სპეციალიზაცია შერკინება და დერეფანში თამაშია. ჩვენი ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ესაუბრა თავის ახალზელანდიელ მეგობარს, "კლერმონის" მწვრთნელ ვერნ კოტერს, რომელმაც ბესი დადებითად დაახასიათა.

ერთი სიტყვით, ბესი თბილისში ნოემბერში ჩამოვა და თუ მისი ნამუშევარი მოგვეწონა, კონტრაქტს გავუფორმებთ, რომლის მიხედვითაც, ის გუნდში მსოფლიოს თასის გათამაშებისასაც იმუშავებს.

- წლეულს პირველად ხდება, როცა საქართველოს ნაკრები საერთაშორისო შეხვედრებს სხვადასხვა სტადიონზე მართავს...
- ცხადია, ეს დალხინებული ცხოვრების გამო არ ხდება. მინდა მოვუწოდო გულშემატკივრებს, ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად მოვიდნენ. კარგი იქნება, თუ წითელი სამოსით შეიმოსებიან, რადგან სამივე მატჩში ინგლისური კომპანიის, "ზარქსის" მიერ წარმოებული წითელი ფორმით ვითამაშებთ.

- რა გეგმები აქვს "ბორჯღალოსნებს" მომავალში, კიდევ რომელი ძლიერი სარაგბო ქვეყნის ნაკრები შეიძლება ვიხილოთ თბილისში?
- მომავალ წელს ჩვეულებრივ ვითამაშებთ ერთა თასის ხუთ მატჩს. მერე, ივნისში თბილისში გავმართავთ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს "თბილისის თასს".

ნოემბრის ტესტებზე კი ისევ სამი მატჩი გველის. მეტოქეების ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. მათ შესახებ რაგბის საერთაშორისო საბჭო, სავარაუდოდ, დეკემბერში შეგვატყობინებს.

წესით, ერთი მატჩი ელიტური სარაგბო ქვეყნის გუნდთან უნდა გვქონდეს. ეს შეიძლება იყოს იტალია, შოტლანდია ან თუნდაც ირლანდია. ოღონდ, ამ შემთხვევაში თამაში სტუმრად მოგვიწევს. სხვა ორ გუნდს კი თბილისში ვუმასპინძლებთ.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (ორივე - სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ბაგნერე), შალვა მამუკაშვილი (არმია), რეზო ბელქანია (ლელო), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).
მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხმალაძე (ლელო),
#12-13: მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), დავით კაჭარავა (ენისეი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

ნოემბრის ტესტები
9 ნოემბერი
საქართველო-კანადა

16 ნოემბერი
საქართველო-აშშ

23 ნოემბერი
საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდით ქართველებო...ყველაზე მამაცი,გულიანი და ღირსეული ქართველები ხართ. თქვენი გამარჯვებები...ერის გამარჯვებების საწინდარია!!!

იბრძოლეთ თავდადებით ე რ ი ს ღირსებისა და ავტორიტეტისათვის...


არ მაინტერესებს...,,ნაციონალები ,, თუ ,,ოცნების,, ხალხი...ყველანი სტადიონზეე,წითელი,სარაგბო მაისურებით !!!
glaxuna
15:02 01-11-2013
0
გაიხარე "გლახუნა"! 1000%-ით ვეთანხმები ამ კაცს! მოდით სტადიონზე ჩვენი ღირსეული ხალხის მხარდასაჭერად!
levani
21:30 01-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული