"ბორჯღალოსნების" მეტოქე: კანადელი "ნეკერჩხლის ფოთლები"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს შემოდგომაზე სამი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩის გამართვა უწევს.

9 ნოემბერს თბილისში კანადას ვმასპინძლობთ ("დინამო არენა" - 16:30), ერთი კვირის თავზე - აშშ-ის ეროვნულ გუნდს (რუსთავი, "ახალი სტადიონი" - 14:00), ხოლო 23 ნოემბერს - სამოას უძლიერეს ნაკრებს (თბილისი, "მიხეილ მესხი" - 16:30).

"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში ამჟამად 67.66 ქულით მე-16 ადგილზე არიან და სამივე ტესტ-მატჩის მოგების შემთხვევაში, საკმაოდ წინ წაიწევენ.

წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების პირველ მეტოქეს - კანადელ "ნეკერჩხლის ფოთლებს", რომლებსაც მსოფლიო რეიტინგში 72,68 ქულით მე-14 პოზიცია უკავიათ.

რაგბის განვითარების ადრეული წლები
კანადას
საკმაოდ მდიდარი სარაგბო ისტორია გააჩნია. ყველაფერი 1874 წელს დაიწყო, როდესაც ქალაქ კვებეკში, "მაკგილის" უნივერსიტეტის სტუდენტები ამხანაგურ მატჩში ჰარვარდელ სტუდენტებს დაუპირისპირდნენ. მომდევნო წლებში ამ უნივერსიტეტთა სარაგბო გუნდების შეხვედრებმა ტრადიციული ხასიათი მიიღო, თუმცა რიგ შემთხვევებში, ისინი ამერიკული ფეხბურთის წესებითაც ხელმძღვანელობდნენ.

1884 წელს კანადაში რაგბი-ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, ხოლო 1902-03 წლებში "ნეკერჩხლის ფოთლებმა" პირველი სარაგბო ტურნე მოაწყვეს ბრიტანეთში. 1909 წელს გამოჩენილმა პიროვნებამ, ერლ გრეიმ საფუძველი ჩაუყარა პირველი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას, რომელსაც მოგვიანებით "გრეის თასი" ეწოდა.

პირველი და მეორე მსოფლიო ომების მძვინვარების პერიოდში, კანადაში რაგბის განვითარება შეწყვეტილი იყო, თუმცა 1919 წელს ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლებმა მაინც მოახერხეს ტესტ-მატჩებში დაპირისპირებოდნენ ინგლისის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის უძლიერეს ნაკრებებს.

1965 წელს, "ბრიტანული კოლუმბიის" მოთამაშეთა ძალისხმევით, კანადის რაგბი-ფეხბურთის ფედერაცია რაგბის კავშირად გადაკეთდა და მომდევნო წელს საპატიო სტუმრებს, "ბრიტანელ ლომებს" უმასპინძლა, რომლებიც თავის მხრივ, სამხრეთული (ავსტრალია-ახალი ზელანდია) ტურნედან შინ ბრუნდებოდნენ. კანადამ დაძაბულ მატჩში დასანანი მარცხი იწვნია - 8:19, თუმცა ძლიერი გუნდის სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში.

კანადა მსოფლიო ჩემპიონატებზე
1987 წელს მსოფლიოს თასის გათამაშება რაგბიში პირველად გაიმართა. ახალ ზელანდიაში ჩატარებულ ტურნირზე მონაწილეობა 16-მა გუნდმა მიიღო და მათ შორის იყო კანადის ნაკრებიც. "ნეკერჩხლის ფოთლები" B ჯგუფში მოხვდნენ უელსის, ირლანდიის და ტონგის ნაკრებებთან ერთად. კანადამ ტონგა იოლად დაამარცხა - 37:4, თუმცა დარჩენილ ორ მატჩში უპირობოდ დამარცხდა (19:46 - ირლანდიასთან, 9:40 - უელსთან) და ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა.

1991 წელს გასამართ მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება კანადამ ძალზე იოლად მოიპოვა. მათ ჩრდილოეთ ამერიკის ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. "ნეკერჩხლის ფოთლები" ამჯერად D ჯგუფში აღმოჩნდნენ, სადაც მათი მეტოქეები საფრანგეთის, რუმინეთის და ფიჯის ეროვნული ნაკრებები იყვნენ.

კანადამ ფიჯი 13:3 და რუმინეთი 19:11 დაამარცხა, ფრანგებთან გამართულ დრამატულ მატჩში კი 6-ქულიანი სხვაობით წააგო - 13:19, თუმცა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ეს კანადის ნაკრების საუკეთესო შედეგია მსოფლიოს თასის გათამაშებებში. პლეი ოფის პირველივე რაუნდში მას მეტოქედ მრისხანე ახალი ზელანდიის ნაკრები ერგო. "ოლ ბლექსმა" ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლები 29:13 დაამარცხა.

ვინაიდან 1991 წელს კანადამ მსოფლიოს თასზე მეოთხედფინალურ სტადიამდე გააღწია, მომდევნო მსოფლიოს თასის გათამაშების საგზური ავტომატურად მიიღო. სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტურნირზე "ნეკერჩხლის ფოთლებს" კენჭისყრისას აშკარად არ გაუმართლათ - A ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიის და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად აღმოჩნდნენ.

კანადამ რუმინეთი იოლად დაამარცხა - 34:3, თუმცა ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორი მატჩი უშანსოდ წააგო - 11:27 ავსტრალიასთან და 0:20 სამხრეთ აფრიკასთან. შედეგად, კანადა ჯგუფში ჩარჩა.

1999 წელს გასამართ მსოფლიოს თასზე მოსახვედრად "ნეკერჩხლის ფოთლებს" კვლავ კვალიფიკაციის გავლა მოუწიათ. ამერიკის ქვეჯგუფში ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ, პირველი პოზიცია კი არგენტინის ნაკრებს დაუთმეს. თუმცა მსოფლიოს თასის საგზური მაინც მიიღეს.

კანადამ ევროპაში გამართული მსოფლიოს თასი ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა. წააგო ფიჯისთან - 22:38 და საფრანგეთთან 20:33, უკანასკნელ მატჩში კი დიდი ანგარიშით სძლია ნამიბიას - 72:11. ეს კანადის ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა მსოფლიოს თასზე.

2002 წელს კანადამ მსოფლიოს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსი მატჩიდან ხუთში გაიმარჯვა და 2003 წელს ავსტრალიაში გასამართი მსოფლიო თასის საგზურიც უპრობლემოდ დაიბევა.

"ნეკერჩხლის ფოთლებმა" ტურნირზე მშვენიერი სტარტი აიღეს და ტონგას ნაკრებს სძლიეს - 24:7, თუმცა შემდეგ მიჯრით დამარცხდნენ იტალიის - 14:19, უელსის - 10:41 და ახალი ზელანდიის - 6:68 ნაკრებებთან და, ცხადია, ამჯერადაც ჯგუფში ჩარჩნენ.

2006 წელს კანადა ჩრდილოეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ჯგუფში აშშ-ის და ბარბადოსის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. "ნეკერჩხლის ფოთლებმა" ბრიჯთაუნში თავდაპირველად ბარბადოსი გაანადგურეს - 71:3.

ეს ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვებაა კანადის სარაგბო ისტორიაში, ხოლო შემდეგ აშშ-საც იოლად გაუსწორდნენ - 56:7. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს პრიჩარდი გახდა, რომელმაც ეროვნული ნაკრების რეკორდი დაამყარა, ერთ მატჩში გუნდს 36 ქულა მოუტანა (სამი ლელო, ექვსი გარდასახვა და სამი საჯარიმო).

2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე კანადა B ჯგუფში საფრანგეთის, ფიჯის, უელსის და იაპონიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლებმა ჯგუფის გახსნითი მატჩი 17:42 დათმეს უელსთან, რასაც მოჰყვა მარცხი ფიჯისთან - 16:29.

იაპონიასთან გამართულ დრამატულ შეხვედრაში კანადამ ბოლო წუთზე გაუშვა დასანანი ლელო და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა - 12:12. ჯგუფის უკანასკნელ მატჩში კი "ვერხვის ფოთლებმა" უშანსოდ წააგეს ავსტრალიელებთან - 6:37.

უკანასკნელ, 2011 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება კანადამ ამერიკის ნაკრებთან ორმატჩიან დუელში გამარჯვების წყალობით მიაღწია (28:22, 27:7).

"ნეკერჩხლის ფოთლებმა" ახალ ზელანდიაში A ჯგუფის პირველ მატჩში ტონგას მოუგეს - 25:20. ოთხი დღის შემდეგ, დრამატულ მატჩში, უკანასკნელ 20 წუთში იწვნიეს დასანანი მარცხი საფრანგეთთან - 19:46, რასაც მოჰყვა ფრედ დასრულებული შეხვედრა იაპონიასთან - 23:23 და წაგება ახალ ზელანდიასთან - 15:79.

ინგლისში გასამართ 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება კანადელებმა უკვე მოიპოვეს. მათ ამჯერადაც წარმატებით გადალახეს საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი დაპირისპირება ამერიკასთან.

ისინი D ჯგუფში საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიისა და ევროპის ერთა თასის მეორეადგილოსანთან ერთად იასპარეზებენ.

მთავარი მწვრთნელი
კირან კროულს შესანიშნავი სარაგბო კარიერა ჰქონდა. იგი რვა წლის განმავლობაში (1983-91) იცავდა ახალი ზელანდიის ნაკრების ღირსებას, 19 კეპი მოიხვეჭა და "ოლ ბლექსს" 105 ქულა მოუტანა.

1998 წელს კირანმა მშობლიური კლუბის, "ტარანაკის" გაწვრთნას მიჰყო ხელი და წარმატებებსაც მიაღწია.

2007 წელს კროული უკვე ახალი ზელანდიის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ირლანდიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოაგებინა "ოლ ბლექსს", ფინალურ მატჩში ახალზელანდიელებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაამარცხეს - 31:7.

2008 წელს კირან კროული კანადის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ხუთი წელიწადია წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

ნოემბრის ტესტები
კანადის ნაკრები ნოემბერში 4 ტესტ-მატჩს გამართავს. 3 ნოემბერს ტორონტოში "ნეკერჩხლის ფოთლებმა" ახალი ზელანდიის მაორთა ნაკრებთან 15:40 წააგო. 9 ნოემბერს კანადელები თბილისში გვეწვევიან, 16 ნოემბერს ბუქარესტში რუმინეთთან იასპარეზებენ, ხოლო 23 ნოემბერს პორტუგალიასთან დაპირისპირებით დაასრულებენ ტურნეს.

კანადის ნაკრები
პირველი ხაზი: რეი ბარკვილი (ონტარიო ბლუზი), ჰუბერტ ბაიდენსი (მანავატუ, ახალი ზელანდია), ჯეიკ ინიკი (ოკლენდ კოლტსი, ახალი ზელანდია), ენდრიუ ტიდემანი (პრერი ვოლფ პაკი), დაგ ვულდრიჯი (ონტარიო ბლუზი), რაიან მარჩი (ბეარსი)
მეორე ხაზი: აარონ ფლაგი (ბეარსი), ჯინ ფელანი (ლილი, საფრანგეთი);
მესამე ხაზი: ტაილერ არდრონი (ოსპრიზი, უელსი), ნანიაკ დალა (პრერი ვოლფ პაკი), კაილ გილმური (პრერი ვოლფ პაკი), ადამ კლიბერგერი (ბეარსი), ჯონ მუნლაითი (ონტარიო ბლუზი), აარონ კარპენტერი (კორნიშ პირატსი, ინგლისი)
#9: ფილ მაკი (ოსპრიზი, უელსი), ჯემი მაკენზი (ონტარიო ბლუზი)
#10: კონორ ბრაიდი (ბეარსი), ჰარი ჯოუნსი (ბეარსი), ლიამ ანდერვუდი (ონტარიო ბლუსი)
#11-14: ჯეფ ჰასლერი (ოსპრიზი, უელსი), კიარან ჰერნი (ატლანტიკ როქი)
#12-13: მაიკ შოლცი (ონტარიო ბლუზი), კონორ ტრაინორი (ბეარსი)
#15: მეტ ევანსი (კორიშ პირატსი, ინგლისი)

2013 წელი
2013 წელს კანადელმა "ნეკერჩხლის ფოთლებმა" ჯამში 7 მატჩი გამართეს, საიდანაც ხუთში გამარჯვება მოიპოვეს, ორში კი დამარცხდნენ.

25 მაისი (წყნარი ოკეანის თასი) კანადა-აშშ - 16:9
5 ივნისი (წყნარი ოკეანის თასი) კანადა-ფიჯი - 20:18
8 ივნისი (წყნარი ოკეანის თასი) კანადა-ტონგა - 36:27
15 ივნისი (ტესტ-მატჩი) კანადა-ირლანდია - 14:40
19 ივნისი (წყნარი ოკეანის თასი) იაპონია-კანადა - 13:16
17 აგვისტო (საკვალიფიკაციო) აშშ-კანადა - 27:9
25 აგვისტო (საკვალიფიკაციო) კანადა-აშშ - 13:11

კანადელების წარმატება ელიტარულ გუნდებთან
1983 წლის 25 ივნისი კანადა-იტალია - 19:13
1991 წლის 30 მარტი კანადა-არგენტინა - 15:6
1991 წლის 25 მაისი კანადა-შოტლანდია XV - 24:19
1990 წლის 16 ივნისი არგენტინა-კანადა - 15:19
1993 წლის 29 მაისი კანადა-ინგლისი XV - 15:12
1993 წლის 10 ნოემბერი უელსი-კანადა - 24:26
1994 წლის 4 ივნისი კანადა-საფრანგეთი - 18:16
2000 წლის 11 ნოემბერი იტალია-კანადა - 17:22
2002 წლის 15 ივნისი კანადა-შოტლანდია - 26:23
2005 წლის 2 ივლისი კანადა-არგენტინა - 22:15

რეკორდული მაჩვენებლები
ყველაზე მეტი კეპი - ალ შარონი (1990-2003) - 76
ყველაზე მეტი ლელო - ვინსტონ სტენლი (1994-2003) - 24
ყველაზე მეტი ქულა - ჯეიმს პრიჩარდი (2003- ) - 522
ყველაზე მეტი ქულა ერთ მატჩში - ჯეიმს პრიჩარდი (36)
ყველაზე მეტი ლელო ერთ მატჩში - კაილ ნიკოლსი (4)
ყველაზე მეტი მატჩი კაპიტნის სამკლავურით - ალ შარონი (25)
ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე - ტეილორ პარისი (18 წლის და 31 დღის)
ყველაზე ასაკოვანი მორაგბე - კევინ ვირაჩოვსკი ( 40 წლის და 243 დღის)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული