საქართველოს მასშტაბით არაერთი სარაგბო ბაზის მშენებლობაა დაწყებული, მაგრამ ჯერჯერობით ეროვნულ ნაკრებს ისევ უწევს სტადიონების ძებნა და ნოემბრის ტესტ-მატჩებსაც სამ სხვადასხვა არენაზე გამართავს: საქართველო-კანადა "დინამო არენაზე" ჩატარდება, აშშ-სთან მატჩი - რუსთავის ახალ სტადიონზე, სამოას კი ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე დავუხვდებით.
ეროვნული ნაკრების კაპიტან ირაკლი მაჩხანელთან ინტერვიუში მომავალ მატჩებზეც ვილაპარაკეთ და ეროვნულ
- საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში "ლელოსთან" დიდი სხვაობით დამარცხდით...
- ტრავმების და 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახების გამო ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა თითქმის ნახევარი მოვისაკლისეთ. ამის მიუხედავად, იმ მატჩის მოგება მაინც შეგვეძლო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ანგარიშით მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ "ლელოს" ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავს. მეტიც, პროფესიონალიზმით და სწორი, გამართული თამაშით ეროვნული ჩემპიონატის ყველა კლუბისგან გამოირჩევა.
"არმაზის" მოთამაშეებმა დიდი სხვაობით მარცხი მტკივნეულად გადაიტანეს, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ასაკობრივი ნაკრებების არაერთი მორაგბეც გვყავს და დარწმუნებული ვარ, მათ პროგრესს მალე ყველა დაინახავს.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების მსგავსად, "არმაზიც" ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების ერთგვარი ნაზავია...
- კლუბში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ვართ - კიკნაძე, აბუსერიძე, მაჩხანელი... "არმაზი" დაბალანსებული გუნდია, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშეთა დიდ ნაწილს გამოცდილება მაინც აკლია. თუმცა, აშკარაა, რომ კლუბის მომავალი სწორედ ამ ბიჭებს უკავშირდება. მით უმეტეს, ევროპის ჩემპიონები გახდნენ, რამაც მათ მეტი გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემატა. გამარჯვებულის ფსიქოლოგია სპორტსმენისთვის ბევრს ნიშნავს...
- აშკარაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის კლუბების საერთო დონე კიდევ უფრო გათანაბრდა, ეროვნული პირველობა გაცილებით დაძაბული და სანახაობრივია. ეს რისი დამსახურებაა?
- კლუბების ბიუჯეტი და მოთამაშეთა გადანაწილება მეტ-ნაკლებად თანაბარი გახდა, წამყვანი კლუბებიდან მოთამაშეები შედარებით მოკრძალებულ გუნდებშიც გადაბარგდნენ. მოთამაშეთა გადაბირების მხრივ, "ხარებს", "ბათუმს", "აკადემიას" და შედარებით სუსტ სხვა კლუბებსაც მეტად რომ ეაქტიურათ, გაცილებით დაძაბულ ჩემპიონატს ვნახავდით, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, პროგრესი მაინც აშკარაა, გაცილებით თანაბარ და საინტერესო პირველობას ვადევნებთ თვალს!
- ირაკლი მაჩხანელი საფრანგეთიდან წამოსვლას ხომ არ ნანობს?
- პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ, საქართველოს ჩემპიონატში რომ დავბრუნდი. ეს მტკიცე გადაწყვეტილება იყო, არც მინანია და არც არასდროს ვინანებ!
- ნაკრებზე გადავიდეთ: რა იქნება ჩვენი გუნდის მიზანი ნოემბრის ტესტ-მატჩებში?
- გულშემატკივარს ნაკლებად აინტერესებს გუშინდელი ან ხვალინდელი შედეგი - გამარჯვებას დღეს ითხოვს! ბუნებრივია, ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი მიზანი სწორი, გამართული თამაში იქნება! სწორედ ნოემბრის ტესტები გვიჩვენებს, თუ რა დონეზეა ქართული რაგბი...
- პირველ ხაზში არაერთი წამყვანი მორაგბე დაგვაკლდება - ზირაქაშვილი, კაკოვინი, ნატრიაშვილი...
- ვფიქრობ, შერკინებაში მაინც არ გაგვიჭირდება. საქართველოს ნაკრებში პირველი ხაზი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. კარგია, რომ ბოლო პერიოდში შერკინება და უკანა ხაზი გაცილებით დაბალანსებულად თამაშობს, მაგრამ რაც უნდა ძლიერი ხაზის მოთამაშეები გყავდეს, პრიორიტეტი მაინც შერკინებას ეკუთვნის. შერკინება მხოლოდ ხაზის კარგი თამაშის წყალობით ვერ ითამაშებს, პირველი ხაზის უპირატესობა კი უკანახაზელთა თამაშზეც აისახება...
- მომავალ მეტოქეებზე რას იტყვით?
- ასეთ ნაკრებებთან კიდევ ერთხელ თამაში ჩვენთვის დიდი პატივი და გამოცდილება იქნება. კანადას და აშშ-ს ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავთ, სამოა კი გაცილებით მაღალი დონეა. საწყისი ორი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, სამოასთან სათამაშოდ გამარჯვებულის ფსიქოლოგიით რომ გავიდეთ.
თუმცა მომდევნო მატჩებზე ჯერ არც ვფიქრობთ - პირველი თამაში კანადასთან გვაქვს და ჯერ მხოლოდ "ნეკერჩხლებთან" შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი...
- სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის მონაწილეობის საკითხზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. რას ფიქრობს ამ საკითხზე იმ გუნდის კაპიტანი, რომელსაც რუსი მორაგბეების წინააღმდეგ სოჭში არაერთხელ უთამაშია?
- მართალი ხართ, არაერთხელ მითამაშია სოჭში და რა უფლება მაქვს, სხვას დავარიგო ჭკუა, წავიდეს თუ არა?! მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
და თუ წავლენ, გაორმაგებული მოტივაციით უნდა იბრძოლონ და დაამტკიცონ, რა შეუძლიათ...
ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"