საქართველო-აშშ 23:25 - USAმართლოდ წავაგეთ? [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
რუსთავის სარაგბო სტადიონი გაწბილებულებმა დავტოვეთ, თითქმის მოგებული მატჩი ჩვენმა ნაკრებმა ელემენტარული გაუგებრობის გამო წააგო, რაც ათასჯერ მეტად უფრო დასანანია.

მოდით, თხრობა ბოლოდან დავიწყოთ. თამაშის დასრულებას წამები აკლდა. საქართველოს ნაკრები მინიმალური სხვაობით, 23:22 იგებდა და მეტოქის ნახევარზე, მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთს აკონტროლებდა. შეტევის მორიგი ფაზისას ბურთი ფულბეკ მერაბ კვირიკაშვილს გადააწოდეს, რომელმაც ის აუტში გადაიტანა იმის იმედით, რომ მატჩისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

თუმცა, ასე არ ფიქრობდა მატჩის არბიტრი, რომლის წამმზომზეც დრო მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც რუსთავის სარაგბო
სტადიონის ტაბლო აჩვენებდა. ამერიკელებმა აუტი მოაწოდეს, რამდენიმე ფაზა აკინძეს და მარჯვენა ფრთაზე, კიდესთან ახლოს, რაკში თამაშისას საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
სტუმართა მგეზავმა ადამ სიდალმა ბურთი ჩვენი კარის ძელებს შორის გაატარა და თავისიანებს ზღვა სიხარული მოჰგვარა.

Sportall.Geროგორც მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გაირკვა, კვირიკაშვილს მოედნის კიდიდან დაუძახეს, დრო ამოიწურაო და ასე გადაიქცა მატჩის გმირი, რომელმაც მთლიანობაში მშვენივრად ითამაშა და გუნდს 18 ქულა მოუტანა, ანტიგმირად.

არადა, "მეკო" მართლაც არაფერ შუაშია. დავუშვათ, ეს გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად მიიღო. ამის მერე, როგორც უკვე ვთქვით, ამერიკელებმა დერეფანი მოიგეს და რამდენიმე ფაზაც აკინძეს, ჩვენმა გუნდმა კი მათი იერიშის მოგერიება წესის დარღვევის გარეშე ვერ შეძლო.

ეს რომ მოეხერხებინა (არადა, უნდა მოეხერხებინა), ახლა სულ სხვა ხასიათზე იქნებოდა მოთამაშეც და ქომაგიც, სალაპარაკოც და საკრიტიკებელიც სხვა გვექნებოდა.

არადა, გასაკრიტიკებელი მართლაც ბევრია. ძნელი დასაჯერებელია, რომელიმე მაღალი დონის გუნდმა საწყის 13 წუთში ათქულიანი უპირატესობა მოიპოვოს და მერე ის ქარს გაატანოს. არ ვიტყვი, რომ ასეთი რამ არ ხდება.

შეიძლება ხდება კიდეც, მაგრამ იმდენად იშვიათად, რომ ვერაფრით ვიხსენებ. ეს შემთხვევა კი არასდროს დაგვავიწყდება, ალბათ, უფრო მატჩის მსვლელობის დრამატულობის გამო. არც მარცხის სიმწარის გაუთვალისწინებლობაა უპრიანი.

თამაში საქართველოს ნაკრებმა მართლაც აქტიურად დაიწყო. მართალია, იქამდე, სანამ პირველ ლელოს გავიტანდით, მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეღწევას ვერ ვახერხებდით, მაგრამ არც ამერიკელებს ვაძლევდით თავისუფლად ბურთაობის საშუალებას. დაცვაში ყურადღებით ვირჯებოდით და მერე შეტევაშიც გავიბრწყინეთ.

ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. კვირიკაშვილმა, რომელიც მოტეხილი თითით თამაშობდა, საჯარიმოს დარტყმა 55 მეტრიდან ითავა და არც შემცდარა - 3:0. ასეთი შორი მანძილიდან "მეკომ" მოგვიანებით კიდევ ერთხელ სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა, მაგრამ ამაოდ.

მე-13 წუთზე "ბორჯღალოსნების" პირველივე კარგად ორგანიზებული შეტევა ბრწყინვალე ლელოთი დასრულდა. დერეფანი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 30 მეტრში მოვაწოდეთ. გიორგი ჩხაიძემ ბურთი სუფთად მოიგო და იქვე ცხრა ნომერ გიორგი ბეგაძეს ჩამოუგდო. ამან მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე განაგრძო იერიში, სადაც სტუმართა დაცვის ხაზი შუამარბმა დავით კაჭარავამ გაჭრა. მან რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და მერე მამუკა გორგოძე წამოეშველა.

წარმოქმნილი რაკიდან ბეგაძემ ბურთი სწრაფად გამოიტანა და შეტევის მიმართულება შეცვალა. მან მარცხენა ფრთაზე მგეზავი ლაშა ხმალაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი მოსხეპით კიდესთან ახლოს მყოფ გარემარბ თედო ზიბზიბაძეს გადააწოდა, რომელიც ჩათვლის მოედნისკენ დიდი სისწრაფით დაიძრა და სალელოვე გარღვევაზე იქვე მიმყოლი მერაბ კვირიკაშვილი გაიყვანა.

"ბორჯღალოსნების" დამრტყმელმა გარდასახვაც თავად დაარტყა - 10:0.

ასეთ დასაწყისს ვერც ვინატრებდით, ძალიან კარგი იყო. თუმცა ამერიკელებმა მალე გამოაჩინეს, თუ რა შეუძლიათ. მათ ჩვენს გუნდს ხუთწუთიანი შტურმი მოუწყვეს, რომელიც მე-20 წუთზე ფულბეკმა კრის ვაილესმა კიდესთან ახლოს ლელოთი დაასრულა. სიდალმა გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:10.

სამ წუთში კვირიკაშვილმა საჯარიმოდან კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი - 13:5.

სამწუხაროდ, 62-ე წუთამდე ჩვენმა გუნდმა მონაგარს ვეღარაფერი შემატა, რასაც ვერაფრით ვიტყვით მეტოქეზე.

26-ე წუთზე სიდალმა საჯარიმოთი ანგარიში ხუთ ქულამდე შეამცირა. ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი, მოედნის ცენტრში ჩვენი დაცვის ხაზში წარმოქმნილი დიდი ინტერვალით შესანიშნავად ისარგებლა ფულბეკმა კრის ვოლესმა და "ბორჯღალოსნების" 22-მეტრიან ზონამდე ირბინა; მერე ბურთი მარჯვენა ფრთაზე კაპიტანს, ტოდ კლევერს გადააწოდეს, რომელმაც ნახტომში კიდესთან ახლოს მდგომი გარემარბი ბლეინ სკული ჩართო შეტევაში. მას წინააღმდეგობა არ შეხვედრია და ლელო ძელებს შორის გაიტანა. ცხადია, სიდალმაც გარდასახა - 15:13. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ნახევრის დასაწყისი კარგს არაფერს გვიქადდა. უპირატესობას მთლიანად ამერიკელები ფლობდნენ და ჩვენმა გუნდმა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეღწევა დიდხანს ვერ მოახერხა.

მატჩის 54-ე წუთზე კი მართლაც დასანანი ლელო მივიღეთ. საფრთხე თითქოს დიდი არ იყო, მაგრამ მარცხენა ფრთაზე "არწივების" შერკინების ბურჯის, ნიკ ვოლესის შეჩერება ვერავინ შეძლო. სიდალმა ესეც გარდასახა და აშშ-ის ნაკრები ცხრა ქულით დაწინაურდა - 22:13.

ცხადია, თამაშის დასრულებამდე დრო საკმარისი იყო საიმისოდ, რათა მდგომარეობა გამოგვესწორებინა. ასეც მოხდა, დასკვნით 20 წუთში საქართველოს ნაკრებმა ისევ იპოვა თავისი თამაში. 62-ე წუთზე შეტევა ისევ დერეფნიდან დაიწყო. ამჯერად მეტოქის ხაზი მერაბ შარიქაძემ გაჭრა. მას გარემარბი თამაზ მჭედლიძე წამოეშველა; ამან შეტევაში დავით კაჭარავა ჩართო, რომელიც ამერიკელებმა ლელოდან ორ მეტრში შეაჩერს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ისევ შარიქაძემ აიტაცა და ლელოში გადადო. კვირიკაშვილმა გარდასახა - 20:22.

76-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში დაწინაურება შეძლეს. ხელსაყრელი პოზიციიდან კვირიკაშვილმა საჯარიმო გაიტანა - 23:22.

მერე კი მოხდა ის, რაზეც ზემოთ გიამბეთ. უკვე ვთქვით, რომ ორივე სალელოვე შეტევა ჩვენმა გუნდმა დერეფნიდან დაიწყო. ცხადია, ეს ვარჯიშებზე კარგად დამუშავებული შეტევაა. "ბორჯღალოსნების" თამაშში სხვა ბევრი კარგიცაა, მაგრამ მაინც გვეჩვენება, რომ ახლის შესწავლასთან ერთად, რაც იოლად არ ხდება, ჩვენს ტრადიციულ ძლიერ მხარეს ნელ-ნელა ვკარგავთ.
იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
მაიკ ტოლკინი, აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ზუსტად ისეთი თამაში გამოვიდა, როგორსაც ველოდით. საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ქართველი მორაგბეები 80 წუთის განმავლობაში ერთ ტემპში თამაშობდნენ. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენც შევძელით.

გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ის მოთამაშეები, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, ცივსისხლიანად ირჯებოდნენ და ნებისყოფის ეს სიმტკიცე ბოლომდე შეინარჩუნეს.

სტადიონზე ჩვენთვის რთული ატმოსფერო სუფევდა. მასპინძლებს გულშემატკივრები მხურვალედ ქომაგობდნენ. ჩვენმა მოთამაშეებმა შეძლეს ამ ფსიქოლოგიური წნეხის გადატანა".


ტოდ კლევერი, აშშ-ის ნაკრების კაპიტანი:
"საქართველოს ნაკრებს უდიდესი პატივისცემით ვეპყრობით. ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მთელი გულით თამაშობენ. ერთიანად დაჟეჟილები ვართ და რამდენიმე დღე მოშუშებისთვის დაგვჭირდება.

აშშ-ის რაგბის კავშირის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს კარგი მასპინძლობისთვის. ყველაფერი კარგია, შესანიშნავი სარაგბო ატმოსფეროა. ძალიან კმაყოფილნი ვართ".


მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"აუტში ბურთი იმიტომ გადავიტანეთ, რომ ტაბლოზე ჩანდა, მატჩის დრო დასრულებული იყო. ამის შემდეგ თამაში გაგრძელდა, კიდევ რამდენიმე ფაზა ვითამაშეთ. ჯარიმის მომენტი ვიდეოჩანაწერში ვნახეთ. იქ წესი არ დაგვირღვევია.

არ გაგვიმართლა. ჩვენი კაპიტანი მსაჯს კარგა ხანს ელაპარაკა, თამაში კარგად მიჰყავდა. ვფიქრობ, ის, რაც გავაკეთეთ, საკმარისი იყო მოსაგებად. ამ მარცხზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაგბის ორი გუნდი თამაშობს. მეტოქესაც უნდა, რომ მოიგოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. დიახ, ჩვენ კარგად დავიწყეთ, მაგრამ ამერიკელებმაც მოახერხეს სახიფათო იერიშების განხორციელება. ხან ჩვენ გვყავდა მეტოქე წნეხის ქვეშ, ხანაც სტუმრები ფლობდნენ უპირატესობას.

მომდევნო მეტოქე სამოას ნაკრებია, რომელიც მსოფლის რეიტინგში მე-8 ადგილზეა. ძალიან ძლიერი, ტექნიკური გუნდია. ისევე, როგორც ივნისში არგენტინის ნაკრებთან, შანსი გვაქვს, პირველი დონის გუნდს ვებრძოლოთ და დავამარცხოთ. მთავარია, მატჩს თავდაჯერებულნი შევხვდეთ და კარგად მოვემზადოთ"
.

მამუკა გორგოძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"გარედან იყო შეძახილი, თამაშის დრო დამთავრდაო. ვინ თქვა ეს, მოდი, ამას ნუ ჩავეძიებით. თამაშს ყველა ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ.

კანადასთან და ამერიკასთან პირველად ვითამაშე. მიმაჩნია, რომ კანადა ამერიკაზე უფრო ძლიერი, მობილური, სწრაფი გუნდია. ისინი უფრო საინტერესოდ თამაშობდნენ.

ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია. სამი წლის წინათ ჩვენ მოვიგეთ ბოლო წამებზე, ამჯერად ეს ამერიკელებმა შეძლეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბავშვური შეცდომების გამო სამი ლელო მივიღეთ. ბოჭვები გაგვიცუდდა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ გამარჯვება ჩვენ გვეკუთვნოდა.

შემდეგი მეტოქე, სამოას ნაკრები მართლაც ძალიან ძლიერი გუნდია. მართალია, ბურთი მრგვალი არ არის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვების მისაღწევად".


ნოემბრის ტესტები
იაპონია-რუსეთი 40:13
რუმინეთი-კანადა 21:20
ურუგვაი-ესპანეთი 16:15
საფ. ბარბაროსები-სამოა 20:19
იტალია-ფიჯი 37:31
უელსი-არგენტინა 40:6
საფრანგეთი-ტონგა 38:18
ირლანდია-ავსტრალია 15:32
ინგლისი-ახ. ზელანდია 22:30

23 ნოემბერი
საქართველო-სამოა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /


რაგბი უნდა გახდეს ...ძლიერ დაფინანსებური,ძლიერი ფინანსებით,კარგად გაშუქებული საინმფორმოებით...ეროვნული სპორტი და ამავე დროს....ახალგაზრდების დასაქმების ერთ-ერთი საშუალება!!!

რაგბით ...ეროვნული ღირსება უნდა დაიცვას ქართველობას!!!
glaxuna
18 ნოემბერი 2013 23:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული