"ბორჯღალოსნების" მეტოქე: მებრძოლი სამოა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 23 ნოემბერს თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩის ჩატარება მოუწევს სამოას უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ.

ჩვენი სტუმრები მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 79.24 ქულით მერვე პოზიციაზე არიან. თუ "ბორჯღალოსნები" მოახერხებენ მათ ძლევას, მაშინ რეიტინგში სერიოზული წინსვლა გარანტირებული გვექნება.

სამოასთან წარმატებულ თამაშს სხვა მნიშვნელობაც გააჩნია: ელიტარული დონის მეტოქის დამარცხებით, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ სერიოზულ განაცხადს გააკეთებს მსოფლიოს რაგბიში თავის სიძლიერესთან დაკავშირებით, რაც შეიძლება საერთოდ ქართული რაგბისათვის გარდამტეხიც აღმოჩნდეს.

იხილეთ: მილტონ ჰეიგი და "ბორჯღალოსნები" სამოასთვის ემზადებიან [PHOTO]

რაგბის საფუძვლები სამოაში
სამოა წყნარ
ოკეანეში მდებარეობს და წარმოადგენს პატარა კუნძულთა არქიპელაგს, რომელთა შორის ორი მათგანი გამოირჩევა სიდიდით - სავაი და უპოლო. ქვეყანას 12 პროვინცია გააჩნია და ჯამში, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 175 000 ადამიანამდე აღწევს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამოას 120 სარაგბო გუნდი, 5 000 ზრდასრული მორაგბე ჰყავს.

სამოაში რაგბი პირველად 1924 წელს ავსტრალიიდან მისულმა კათოლიკე ბერებმა შეიტანეს და ოვალური ბურთით გართობამ მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა კუნძულებზე. მათ ზაფხულში უკვე პირველი ოფიციალური მატჩიც გამართეს მეზობელ ფიჯის ნაკრებთან. შეხვედრა დილის 7 საათზე დაიწყო, რათა მორაგბეებს თამაშის დასრულების შემდეგ სამსახურში წასვლა მოესწროთ. სადებიუტო მატჩი სამოამ 0:7 წააგო, თუმცა ერთი თვის შემდეგ მათ რევანშის აღება მოახერხეს მეზობლებთან - 9:3.

რაგბის განვითარება კუნძულებზე საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობდა, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულით შეიყვარა სპორტის ეს სახეობა და თავისი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად აქცია.

დიდი ხნის განმავლობაში სამოას მეტოქეები მხოლოდ ტონგა და ფიჯი იყო, ვინაიდან ავსტრალია და ახალი ზელანდია არ კადრულობდნენ რანგით დაბალ მეტოქესთან თამაშს.

1974 წელს სამოას ნაკრებმა შეძლო დამატებითი ფინანსების მოპოვება და პირველი სარაგბო ტურნე მოაწყო ახალ ზელანდიაში, სადაც სტუმრებმა რვა მატჩი გამართეს და ერთხელ გამარჯვებულებმაც დატოვეს მოედანი.

1981 წელს სამოას პირველად ეწვია ევროპული ნაკრები. ქალაქ აპიაში უელსელები ტესტ-მატჩში დაუპირისპირდნენ მეტოქეს და 32:16 გაიმარჯვეს. მიუხედავად მარცხისა, სამოამ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა საკუთარ სიძლიერეზე.

ვინაიდან კუნძულებზე არ არსებობდა ოფიციალურად რაგბის მმართველი ორგანო და არ იყვნენ გაწევრიანებულნი რაგბის საერთაშორისო ფედერაციაში, ამიტომაც სამოა არ მიიწვიეს 1987 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზე. ამ მოვლენამ სამოას უბიძგა, 1988 წელს შეექმნათ რაგბის კავშირი და შეერთებოდნენ რაგბის საერთაშორისო საბჭოს.

სამოა მსოფლიოს თასებზე
1991 წელს ბრიტანეთში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში დებიუტანტი სამოა C ჯგუფში მოხვდა ავსტრალიის, უელსის და არგენტინის ნაკრებებთან.

სამოამ ჯგუფის გახსნით მატჩში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა უელსი - 16:13, რასაც მოჰყვა ლოგიკური მარცხი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ ავსტრალიასთან - 3:9. ჯგუფის უკანასკნელ, გადამწყვეტ შეხვედრაში დებიუტანტებმა ბრაიან ლიმას ბრწყინვალე თამაშის წყალობით გაანადგურეს არგენტინა - 35:12 და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა პლეი ოფის პირველივე მატჩში უშანსოდ დამარცხდნენ შოტლანდიასთან - 6:28.

მიუხედავად ამისა, სამოა ტურნირის მთავარ აღმოჩენად დასახელდა.

1995 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, სამოა ამჯერად B ჯგუფში მოხვდა ინგლისის, იტალიის და არგენტინის ნაკრებებთან. კუნძულელებმა იოლად დაამარცხეს იტალია - 42:18, შემდეგ ექვსქულიანი სხვაობით მოუგეს არგენტინას - 32:26 და ჯგუფის მესამე მატჩში მაიკ უმაგას (ტანა უმაგას ძმა) ლელოთი ამარცხებდნენ ინგლისს, თუმცა მეორე ტაიმში ევროპელებმა სრული კონცენტრირება მოახერხეს და 44:22 გაიმარჯვეს.

სამოა ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ამჯერად მას მასპინძელი სამხრეთი აფრიკა დაუპირისპირდა. "ბოკემ" იოლად მოუგო მეტოქეს - 42:14 და სამოა ტურნირიდან გამოთიშა.

1999 წელს, ევროპაში გამართულ მსოფლიოს თასზე, სამოა ხელსაყრელ ჯგუფში მოხვდა: მისი მეტოქეები უელსის, იაპონიის და არგენტინის ნაკრებები იყვნენ. წყნარი ოკეანის რეგიონის წარმომადგენლებმა ორი თამაში მოიგეს, იაპონიასთან - 43:9 და უელსთან 38:31, ერთი კი წააგეს არგენტინასთან - 16:32, რამაც საბოლოო ჯამში საშუალება მისცა მათ, პლეი ოფში ეასპარეზათ. სამოა მერვედფინალში დაუპირისპირდა შოტლანდიას და 15-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 20:35.

2003 წელს, ავსტრალიაში ჩატარებულ მსოფლიო თასზე, სამოას წილისყრაში აშკარად არ გაუმართლა, ვინაიდან მის ქვეჯგუფში მოხვდნენ უძლიერესი ინგლისი და სამხრეთი აფრიკა. აქვე იყვნენ საქართველო და ურუგვაიც.

სამოამ ჯგუფის პირველ შეხვედრაში 60:13 გაანადგურა ურუგვაი, რის შემდეგაც "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდა. მატჩი ქალაქ პერთის "სუბიაკო ოვალზე" გაიმართა და 21 000 გულშემატკივარი დაესწრო. სამოამ სწრაფი და გაშლილი რაგბი ითამაშა, რისი წყალობითაც მათ 6 ლელო გაიტანეს (საილოსი ტაგიკაკიბაუ, ერლ ვაა, სემო სიტიტი, სტივენ სოიალო, დომენიკ ფაუნატი, ბრაიან ლიმა), ქართველთა მხრიდან კი თავი მგეზავმა პალიკო ჯიმშელაძემ გამოიჩინა ორი საჯარიმოთი და ერთი არეკნით. საბოლოოდ კუნძულელებმა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს - 46:9.

ჯგუფის მესამე შეხვედრაში სამოა კლაივ ვუდვორდის გაწვრთნილ ინგლისს დაუპირისპირდა და დიდი ხნის განმავლობაში იგებდა კიდეც შეხვედრას, თუმცა ბრიტანელებმა მეორე ტაიმის მიმდინარეობისას მსაჯთა ბრიგადის უყურადღებობით ისარგებლეს და 15 წუთის განმავლობაში 16 კაცით იასპარეზეს. ამ დროის განმავლობაში ჯონი ვილკინსონმა და მისმა თანაგუნდელებმა 12 უპასუხო ქულა გაუტანეს მეტოქეს და 35:22 გაიმარჯვეს.

უმოწყალოდ დაჩაგრული სამოა ბოლო მატჩში 50-ქულიანი სხვაობით განადგურდა სამხრეთ აფრიკასთან - 10:60 და ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილით ვეღარ მოიპოვა პლეი ოფის საგზური.

2007 წელს, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე სამოა A ჯგუფში მოხვდა ინგლისის, სამხრეთ აფრიკის, ტონგას და ამერიკის ნაკრებებთან. წყნარი ოკეანის კუნძულების წარმომადგენლებმა მხოლოდ ამერიკას მოუგეს - 25:21, დანარჩენ სამ შეხვედრაში კი დამარცხდნენ: ინგლისთან - 22:44, სამხრეთ აფრიკასთან - 7:59 და ტონგასთან - 15:19.

2011 წელს, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე სამოამ საკმაოდ სანახაობრივი რაგბი აჩვენა და ბევრი გულშემატკივრის გულიც მოიგო. მათ იოლად დაამარცხეს ნამიბია - 49:12 და ფიჯი - 27:7, თუმცა პრინციპულ მეტოქეებთან - სამხრეთ აფრიკასთან 5:13 და უელსთან 10:17 დათმეს შეხვედრები და ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.
სამოას ნაკრების საბრძოლო რიტუალი "სივა ტაუ"
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

სამოელი "მამლუქები"

სამოაში მოსახლეობა გაჭირვებაში ცხოვრობს და მთავრობა ელემენტარულ პირობებსაც ვერ უსრულებს საკუთარ მოქალაქეებს. არამდგრადი პოლიტიკური გარემო და სიდუხჭირე ბევრ ნიჭიერ მორაგბეს უბიძგებს, სხვა ქვეყანაში გადასახლდეს და იქაური ნაკრების კვართიც მოირგოს.

გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს იმ მორაგბეებისა, რომლებიც სამოაში აღიზარდნენ, თუმცა დიდი სახელი სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშისას მოიხვეჭეს.

ახალი ზელანდია: კრის კალენი, ტანა უმაგა, კევინ მეალამუ, მილს მულიაინა, მაა ნონუ, ჟულიან სავეა, როდნი სოიალო, ისაია ტოეავა, ჯერი კოლინზი, ჩარლი ფაუმუინა, ჯონ აფოა, ჯერომ კაინო, ლელია მასაგა, კრის მასოი, აარონ მეიჯერი, ვიქტორ ვიტო, სონი ბილ ვილიამსი, ლიამ მესამი, სტივენ ლუატუა

ავსტრალია: დიგბი იოანე, ქრისტიან ლეილეფანო, სკოტ სიო, მეტ ტომუა;

ინგლისი: მანუ ტუილაგი.

მთავარი მწვრთნელი
სამოაში ძალიან პოპულარულია შვიდკაცა რაგბიც და სპორტის ამ სახეობაში ქვეყანას საკმაოდ დიდი მიღწევებიც გააჩნია. სტეფან ბეთჰემი 2009 წლიდან ჩაუდგა სათავეში სამოას შვიდკაცა რაგბის ნაკრებს და 2010 წელს საკმაოდ დიდ წარმატებასთანაც მიიყვანა.

გუნდი მსოფლიო სერიის გამარჯვებული გახდა.

ბეთჰემის მიერ გაწეული წარმატებული სამუშაო შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სამოას რაგბის კავშირში და 2012 წლიდან იგი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობამდე დააწინაურეს. შესაბამისად, როგორც შვიდკაცა რაგბის ყოფილ მწვრთნელს შეეფერება, სტეფანი საკუთარ შეგირდებს სწრაფ და გახსნილ რაგბს ათამაშებს, რაც საყურებლადაც თვალსასეიროა და დადებითი შედეგიც ახლავს.

2013 წელი
წლევანდელი სეზონი სამოას ნაკრებმა ძალიან წარმატებულად დაიწყო. 8 ივნისს, დურბანში, მათ ჯეიმს სოიალოს და ალესანა ტუილაგის ლელოებით დაამარცხეს შოტლანდია - 27:17, ერთი კვირის შემდეგ კი 29-ქულიანი სხვაობით გაანადგურეს იტალია - 39:10.

კუნძულელებმა უაღრესად სანახაობრივი და ლაღი რაგბის დემონსტრირება მოახდინეს, რაც 5 გატანილ ლელოშიც აისახა, რომელთა ავტორებიც ლეიუა, ლეოტა, ტუიფუა, ვააულუ და უილიამსი გახდნენ.

ამ მატჩიდან ოთხ დღეში გადაღლილმა სამოამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია სამხრეთ აფრიკის უძლიერეს ნაკრებს და 23:56 დამარცხდა, თუმცა "ბოკესთვის" გატანილი 23 ქულაც წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

შემოდგომის ტესტების წინ სამოელთა სამწვრთნელო შტაბმა 30-კაციანი რაზმი დაასახელა, რომელიც იასპარეზებს სამ შეხვედრაში.

სამოა
პირველი ხაზი: ოლე ავეი (ბორდო, საფრანგეთი), ტიი პაულო (კლერმონი, საფრანგეთი), ვილიამუ აფატია (აჟენი, საფრანგეთი), კენსუს ჯონსტონი (ტულუზა, საფრანგეთი), ჯეიმს ჯონსტონი (სარასენზი, ინგლისი), ლოგოვი მულიპოლა (ლესტერ თაიგერზი, ინგლისი), საკარია ტაულაფო (სტად ფრანსე, საფრანგეთი);

მეორე ხაზი: ფაატიგა ლემალუ (სტად ფრანსე, საფრანგეთი), ფილო პაულო (კარდიფ ბლუსი, უელსი), ჯო ტეკორი (ტულუზა, საფრანგეთი);

მესამე ხაზი: მაური ფაასავალუ (ჰარლექვინზი, ინგლისი), პიულა ფაასალელე (კასტრი, საფრანგეთი), ჯეკ ლამი (ჰარიქეინზი, ახალი ზელანდია), დანიელ ლეო (პერპერიანი, საფრანგეთი), ოფისა ტრევირანუსი (ლონდონ აირიში, ინგლისი), ალაფოტი ფაოსილივა (ბასი, ინგლისი), ფაიფილი ლევავა (ჰარიქეინზი, ახალი ზელანდია), ტაიასინა ტუიუფა (ბორდო, საფრანგეთი)

#9: კან ფოტუალი (ნორთჰემპტონი, ინგლისი), ჯერემი სუა (ვორჩესტერი, ინგლისი)

#10:
პატრიკ ფააპალე (ვაიალა, სამოა), ტუსი პისი (სანტორი სუნგოლიტა, იაპონია)

#12-13: ალაპეტი ლეიუა (ჰარიქეინზი, ახალი ზელანდია), ჯონი ლეოტა (სეილ შარქსი, ინგლისი), ტუა ოტო (ბრისტოლი, ინგლისი), ჯორჯ პისი (ნორთჰემპტონი, ინგლისი), ისაია ტუიფუა (ტარანაკი, ახალი ზელანდია);

#11-14: დევიდ ლემი (ვორჩესტერი, ინგლისი), სინოტი სინოტი (ველინგტონ ლაიონზი, ახალი ზელანდია), ბრანდო ვააულო (ტოკიო გაზი, იაპონია)

#15: ფაატოინა აუტაგავაია (ვაიოლა, სამოა), პოლ უილიამსი(კ) (სტად ფრანსე)

სხვადასხვა სახის ტრავმისა და ობიექტური მიზეზების გამო ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა გუნდის რამდენიმე ლიდერი: შერკინების მეორეხაზელი კეინ ტომფსონი (26 კეპი), ახალზელანდიური კლუბის, "ოკლენდის" ცხრა ნომერი ჯუნიორ პოლულეულიგაგა, ვეტერანი შუამარბი სეილალა მაპუსა, უაღრესად გამოცდილი გარემარბი ალესანა ტუილაგი და სამოას ნაკრების მომავალ ლიდერად მიჩნეული ფულბეკი ჯეიმს სოიალო, რომელიც ირლანდიურ "ქონოთში" ასპარეზობს.

სამოამ შემოდგომის ტესტები ირლანდიასთან მარცხით გახსნა - 9:40, რასაც გასულ უქმეებზე ფრანგულ ბარბაროსებთან მინიმალური სხვაობით წაგება მოჰყვა - 19:20.

მომდევნო მატჩს ისინი 23 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე გამართავენ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და ეცდებიან, წაგებათა სამმატჩიანი სერია შეწყვიტონ.

სამოელთა წარმატება ელიტარულ გუნდებთან
1991 წლის 6 ოქტომბერი
უელსი-სამოა 13:16

1991 წლის 13 ოქტომბერი
არგენტინა-სამოა 12:35

1994 წლის 25 ივნისი
სამოა-უელსი 34:9

1995 წლის 27 მაისი
იტალია-სამოა 18:42

1995 წლის 30 მაისი
არგენტინა-სამოა 26:32

1996 წლის 12 ნოემბერი
ირლანდია-სამოა 25:40

1999 წლის 14 ოქტომბერი
უელსი-სამოა 31:38

2000 წლის 8 ივლისი
სამოა-იტალია 43:24

2001 წლის 24 ნოემბერი
იტალია-სამოა 9:17

2005 წლის 3 დეკემბერი
არგენტინა-სამოა 12:25

2011 წლის 17 ივლისი
ავსტრალია-სამოა 23:32

2012 წლის 16 ნოემბერი
უელსი-სამოა 19:26

2013 წლის 8 ივნისი
სამოა-შოტლანდია 27:17

2013 წლის 15 ივნისი
სამოა-იტალია 39:10

რეკორდული მაჩვენებლები
ყველაზე მეტი კეპი - ბრაიან ლიმა (1991-2007) - 64
ყველაზე მეტი ლელო - ბრაიან ლიმა - 29
ყველაზე მეტი ქულა - ერლ ვაა - 172
ყველაზე მეტი ქულა ერთ მატჩში - გავინ უილიამსი - 30
ყველაზე მეტი ლელო ერთ მატჩში - ელვის საველაიი - 4
ყველაზე მეტი კეპი კაპიტნის სამკლავურით - სემო სიტიტი - 39
ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე - სეპე ტუპოალა - 14 წლის და 97 დღის
ყველაზე ასაკოვანი მორაგბე - პეტერ ფატიალოფა - 37 წლის და 85 დღის

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული