"ბორჯღალოსნების" მეტოქე სამოა - ტაქტიკური ანალიზი

AutoSharing Option
სამოას სარაგბო ნაკრებმა მიმდინარე სეზონში ხუთი ტესტ-მატჩი გამართა, რომლებშიც ორი გამარჯვება მოიპოვა და სამჯერ დამარცხდა.

ზაფხულში, სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტესტ-მატჩებზე "მებრძოლმა სამოამ" ჯერ შოტლანდიის ძლიერი ნაკრები დაამარცხა - 27:17, ერთი კვირის შემდეგ კი იტალიას მოუგო - 39:10. ამ თამაშიდან ოთხი დღის შემდეგ გადაღლილ სამოას მასპინძელ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მოუწია დაპირისპირება.

მატჩის პირველ ნახევარში კუნძულელები წარმატებით უძლებდნენ მეტოქის შემოტევებს, თუმცა მეორე ტაიმში ფიზიკურად ძალიან გაუჭირდათ და 23:56 წააგეს.

ზაფხულში მოპოვებულმა ხმაურიანმა გამარჯვებებმა სამოას საშუალება მისცა, მსოფლიოს რეიტინგში მეექვსე პოზიციამდე აღზევებულიყო და
უკან ჩამოეტოვებინა თუნდაც ისეთი ევროპული გრანდი, როგორიც ირლანდიაა.

შემოდგომის ტესტ-მატჩებზე სამოელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფან ბეთჰემმა გუნდის რამდენიმე ლიდერი მოისაკლისა, თუმცა თავი მაინც საკმაოდ სოლიდურ შემადგენლობას მოუყარა. ნაკრების 30-კაციანი განაცხადიდან მხოლოდ ორი მორაგბე თამაშობს შიდა ჩემპიონატში, დანარჩენი მოთამაშეები კი წამყვანი ევროპული გუნდების და ზე რაგბის კლუბების ღირსებას იცავენ.

სამოამ შემოდგომის ტესტ-მატჩებზე უკვე ორი თამაში წააგო - 9:40 ირლანდიასთან და 19:20 ფრანგ "ბარბაროსებთან". 23 ნოემბერს კუნძულელები თბილისში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან და შეეცდებიან, შეწყვიტონ სამმატჩიანი წაგებათა სერია.

გთავაზობთ სამოელთა უკანასკნელი ორი მატჩის მცირე ტაქტიკურ ანალიზს.

მშრალი სტატისტიკა
ირლანდიასთან 31-ქულიანი სხვაობით წაგებული თამაშის მიუხედავად, თვალში მოსახვედრია ის ფაქტორი, რომ სამოა მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას (68%-32%) და დასანანი შეცდომები რომ არა, ისინი წარმატებასაც მიაღწევდნენ.

ფრანგ "ბარბაროსებთან" შეხვედრაში უკვე საპირისპირო სურათი ვიხილეთ. სამოა "მეორე ნომრად" თამაშობდა და სამივე ლელო კონტრშეტევაზე გაიტანა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ გუნდის სიძლიერეზე. საჭიროების შემთხვევაში, სამწვრთნელო შტაბს აქვს იმის ფუფუნება, რომ სათამაშო ტაქტიკა რამდენჯერმე შეცვალოს და ასე მიაღწიოს წარმატებას.

შერკინება
ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ სამოელი მორკინალები, საკმაოდ მძლავრ ძალას მივიღებთ, რადგან თითოეული მათგანი ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია.

დიდი მასის მიუხედავად, ისინი მაღალი სისწრაფით დარბიან და ხელდახელაც კარგად თამაშობენ. თუმცა უკანასკნელმა ორმა ტესტ-მატჩმა დაგვანახვა, რომ მათ სტატიკურ მდგომარეობაში გარჯა
ძალიან უჭირთ.

ირლანდიამ შეხვედრის საწყის წუთებში აგრესიული მიწოლით ორჯერ წაართვა მეტოქეს ბურთი შერკინებაში, ხოლო სამჯერ მიწაზე ჩავარდნისთვის დააჯარიმა არბიტრმა სამოელები. ამას თან დაერთო გუნდის ლიდერის, ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზში" მოასპარეზე ბურჯის ლოგოვი მულიპოლას ტრავმა, რამაც სულ არია კუნძულელები.

კიდევ უფრო კატასტროფული იყო სიტუაცია "ბარბაროსებთან", ვინაიდან მეტოქემ პირველივე წუთებიდან იგრძნო უპირატესობა ამ სათამაშო კომპონენტში და მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩაგრავდა სამოას. მეორე ტაიმში ტულუზელი ჩენტონ ჯონსტონის მოედნიდან გასვლის შემდეგ წყნარი ოკეანის წარმომადგენლებმა ოთხჯერ წააგეს საკუთარი შერკინება და გადამწყვეტი უპირატესობაც უბოძეს მეტოქეს.

დერეფანი
სამოა ორი ტიპის დერეფანს ათამაშებს ძირითადად: ხუთი კაცით და რვა კაცით, სადაც ძირითად მხტომელად ორი მორაგბე გვევლინება და უმეტესობა ბურთები სწორედ მათკენ იგზავნება. ესენია: "ტულუზში" მოასპარეზე ჯოე ტეკორი და ტაიასინა ტუიფუა ("ბორდო").

დერეფანში ბურთის მოგებისთანავე სამოა უკანახაზელებზე შლის შეტევას და თითქმის არასდროს იყენებს მოლს.

დაცვაში თამაშისას კი საკუთარ ჩათვლის მოედანთან ახლოს მეტოქის მიერ დერეფანში აგდებულ ბურთზე არ ხტება და ორიენტირებულია ბურთიანი მოთამაშის დროულად მიწაზე დაგდებაზე და მოლის რაქად გარდაქმნაზე. მეტოქის მიერ აგორებული მოლისგან თავდაცვა მათ არცთუ ისე კარგად გამოსდით, ვინაიდან ირლანდიამ ორი ლელო ამ სტილში გაუტანა, ხოლო ფრანგმა "ბარბაროსებმა" - სამი.

ღია თამაში
ამ სარაგბო კომპონენტში სამოა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მსოფლიოში. მათი მთავარი მწვრთნელი დიდი ხნის განმავლობაში შვიდკაცა რაგბის ნაკრებს წვრთნიდა და ახლა ეროვნულ ნაკრებსაც დაახლოებით ანალოგიურ სტილში ათამაშებს.

მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შექმნილ რაქში სამ მოთამაშეზე მეტი არასდროს შედის. "გადამყრელები" ცდილობენ, დროულად გაათავისუფლონ ბურთი და კვლავ ახალი შეტევითი ფაზა წამოიწყონ.

უკანახაზელები უაღრესად სწრაფები არიან. მათ მძლავრი ფიზიკური კონტაქტებითა და ცრუმოძრაობებით შეუძლიათ იოლად გაიარონ მეტოქის მრავალჯერადი თავდაცვითი ზღუდეები და გადამწყვეტ მომენტში დროული პასი გაატანონ თანაგუნდელს.

ირლანდიის წინააღმდეგ სამოელთა შეტევების სულისჩამდგმელი გახლდათ მგეზავი ტუსი პისი, თუმცა იგი დაშავდა და მისმა შემცვლელმა კან ფოტულაიმ ("ნორსჰემპთონი") დაკისრებულ მოვალეობებს თავი მშვენივრად გაართვა და ფრანგ "ბარბაროსთა" წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

კუნძულელთა მთავარი დამრტყმელი ძალა შუამარბი იასია ტუიუფია, რომელიც საკუთარი ფიზიკური მონაცემების ხარჯზე ხშირად ჭრის მეტოქის ხაზს და პასის მაღალი კულტურაც აქვს. უაღრესად სახიფათოა გარემარბი ტარანაკი ლეილუა, რომელიც ზე რაგბიში მოასპარეზე "ჰარიქენზის" ღირსებას იცავს. იგი ხშირად სიღრმიდან ერთვება შეტევებში და დიდი სარგებელიც მოაქვს საკუთარი ნაკრებისთვის.

სამოელთა სათამაშო სტილი შვიდკაცა და ცამეტკაცა რაგბის ნაზავს უფრო მოგაგონებთ, სადაც შესაძლოა სისწრაფეაკრეფილმა 130-კილოგრამიანმა მორკინალმა, მეტოქესთან კონტაქტის მაგივრად, მოულოდნელად მგეზავს ზურგს უკნიდან შესანიშნავი პასი გადაწოდოს და ამით რიცხობრივი უპირატესობა მოუპოვოს საკუთარ გუნდს.

ყველა ტაქტიკური მონაცემების შეჯამებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს უმაღლესი დონის სარაგბო ნაკრები ეწვია, თუმცა თუ "ბორჯღალოსნები" სწორად გამოიყენებენ თავიანთ პლუსებს, მაშინ 23 ნოემბერს შესანიშნავი სპექტაკლი უნდა ვიხილოთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსანთა" რიგებში სამოასთან მატჩის წინ სამი ცვლილებაა

ვიტო კოლელიშვილი: რას ვიფიქრებდი, ასე მკაცრად თუ დამსჯიდნენ
"ბორჯღალოსნების" მეტოქე: მებრძოლი სამოა
მილტონ ჰეიგი და "ბორჯღალოსნები" სამოასთვის ემზადებიან [PHOTO]

სამოას ნაკრების საბრძოლო რიტუალი "სივა ტაუ" [VIDEO]
"ბორჯღალოსნების" მზადება მებრძოლი სამოას დასახვედრად

საქართველო-აშშ 23:25 - USAმართლოდ წავაგეთ? [VIDEO+PHOTO]
საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვალ მთავრდება ჩვენი გუნდის მატჩები და ერთი გადაცემა ვერ უძღვნეს ამ გლახებმა ტელევიზიით ჩვენს რაგბისტებს. სამაგიეროდ ქეცბაიას და მისი ოპონენტების ღვარძლით აჭრელებულია პრესა!
ynwa
19:57 22-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული