ამისკენ ქართული რაგბი დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. თუმცა აღნიშნული წარმატება მეტწილად საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის ორწლიანი მუშაობის შედეგი იყო.
ცხადია, ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით საინტერესოა მისი მოსაზრება.
- სამოასთან მატჩის წინ თქვენც და მორაგბეებიც ამბობდით, რომ სამოელებთან შეხვედრა გამოაჩენს, რა დონეს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა. თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. როგორ ფიქრობთ, რა დონის ნაკრები
- ეს უმნიშვნელოვანესი, ძალიან კარგი გამარჯვება იყო. სად ვართ, რა დონის გუნდი ვართ? ახლახან ვიდეოჩანაწერი ვნახე. ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზი გვაქვს, ბევრია სამუშაო და გამოსასწორებელი. შეტევაში კარგად ვირჯებოდით, თუმცა ერთიერთზე ბოჭვისას ჯერ კიდევ მოვიკოჭლებთ. მსოფლიოს ათეულში მყოფ გუნდებს რომ მოუგო ასეთივე სტილით, ოღონდ კიდევ უფრო კარგად უნდა ითამაშო.
მთავარი პოზიტივი ისაა, რომ სამოასთან გამარჯვებამ მორაგბეებს თავდაჯერებულობა შემატა. გუნდი მენტალურად იცვლება. უკვე სჯერათ, რომ მაღალი დონის გუნდებთან მოგებაც შეუძლიათ. ეს თავდაჯერებულობა ჩვენს ნაკრებს ივნისში არგენტინაში გამართულ მატჩში აკლდა. იმ თამაშმა დიდი გამოცდილება შეგვმატა, რაც ამჯერად სამოასთან გავითვალისწინეთ და გამოგვადგა.
- მაინც, რის ხარჯზე დავამარცხეთ სამოა?
- პირველისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში დაცვაში თითქმის უშეცდომოდ ვითამაშეთ. სწორედ ამის გამო მოვიგეთ ეს მატჩი.
- მოდით, ნოემბრის ტესტების სამივე მატჩი შევაფასოთ?
- მიმაჩნია, რომ სამივე მატჩში კარგი რაგბი ვითამაშეთ. გული მხოლოდ აშშ-თან მარცხზე გვწყდება. ეგ მატჩი უნდა მოგვეგო აუცილებად. დასანანი მარცხი იყო, რომელიც ელემენტარული შეცდომის გამო ვიწვნიეთ. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ტესტებზე ძირითადი შემადგენლობის შვიდი მოთამაშე გვაკლდა. მოხარული ვარ, რომ
მათ არყოფნაში შევძელით ძლიერ მეტოქეებთან გამკლავება და სამოა სულაც დავამარცხეთ. ეს ნიშნავს, რომ რეზერვი სოლიდური გვყავს, რაც ასევე ჩვენი გარჯის შედეგია.
- ამ მატჩებში ფრანგი შერკინების მწვრთნელი დიდიე ბესი გეხმარებოდათ, როგორ შეეწყო ის გუნდს და რამდენად კმაყოფილი ხართ მის მიერ გაწეული სამუშაოთი?
- ძალიან კმაყოფილი ვარ. მას შემდეგ, რაც ნაკრები ჩემმა თანამემამულე კრის გიბსმა დატოვა, შერკინებაში ცოტა გაგვიჭირდა. დიდიე ბესიმ სწორად დაინახა ის ტექნიკური ასპექტები, რაშიც დახმარება გვჭირდებოდა და ხარვეზი მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოფხვრა. მას 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ბოლომდე გაუფორმებენ კონტრაქტს და ჩვენთან ერთად იმუშავებს.
ასეთი მაღალი დონის სპეციალისტის ყოლა ძალიან სასარგებლოა ზოგადად ქართული რაგბისთვის. ჩემი ქართველი ასისტენტები ილია ზედგინიძე და ილია მაისურაძე უმაღლესი დონის ცოდნას იღებენ, რომელსაც თავისთვისაც გამოიყენებენ და ახალგაზრდული ნაკრებების ქართველ მწვრთნელებსაც გაუზიარებენ. ეს უდავოდ დადებითი მოვლენაა ჩვენს სინამდვილეში.
- საინტერესოა, როგორ შეაფასებდით მთლიანად წლევანდელ სეზონს. ერთა თასი, თბილისის თასი, ჩვენმა გუნდმა საკმაოდ საინტერესო, ერთმანეთისგან განსხვავებული მატჩები გამართა...
- ერთა თასით დავიწყოთ. მიმაჩნია, რომ ერთა თასზე ცუდად არ გვითამაშია. სულ 3 ლელო მივიღეთ და 21 გავიტანეთ. ეს ტურნირი წლიდან-წლამდე ძლიერდება, იქ მოასპარეზე გუნდები გულზე ხელდაკრეფილები არ სხედან. ისინიც ვითარდებიან.
ივნისში გამართული თბილისის თასის გათამაშებას რაც შეეხება, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სეზონის ამ პერიოდში ჩვენი ნაკრების მორაგბეებს საფრანგეთში ან თამაშები აქვთ, ან დაშავებულნი არიან, ანდაც უზომოდ გადაღლილები. ამიტომ უძლიერეს შემადგენლობას თავს ვერ მოვუყრით. შესაბამისად, ეს შეჯიბრება უნდა გამოვიყენოთ განვითარებისთვის. უნდა ვათამაშოთ მომავალი თაობა, რათა მიიღონ გამოცდილება, გაიზარდონ და ეროვნულ ნაკრებს სრულფასოვანი რეზერვი მოვუმზადოთ. ამის კეთება მას შემდეგ დავიწყე, რაც ეროვნული ნაკრების სათავეში მოვედი და ეს პროცესი ისევ გრძელდება.
- საქართველოს ნაკრებს უკვე თითქმის ორი წელიწადია წვრთნით. როგორ ფიქრობთ, რა შესძინეთ ამ დროის განმავლობაში "ბორჯღალოსნებს". რით განსხვავდება ამჟამინდელი გუნდი ორი წლის წინანდელისგან?
- ძნელია საკუთარ გაკეთებულ საქმეებზე ილაპარაკო. მთავარი, რასაც მივაღწიე ის არის, რომ სარაგბო უნარ-ჩვევები ბიჭებს ინსტინქტების დონეზე ჩამოუყალიბდათ. დავალაგეთ შეტევის სტრუქტურა. უკანა ხაზი თავისუფლად ათამაშდა. თუნდაც სამოასთან მატჩმა გვაჩვენა, რომ რამდენჯერაც გავიტანეთ ხაზზე ბურთი და თამაში გავშალეთ, მით მეტი საფრთხე შევუქმენით მეტოქეს. შეტევების სიმძაფრემ ერთი ათად მოიმატა. პირველი დონის გუნდებს რომ ვეთამაშოთ ტოლ-სწორად, სტილის შეცვლა იყო საჭირო, რაც ნაწილობრივ შევძელით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. წინ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო.
- მომავალ წელს სერიოზული ბრძოლები გველის ერთა თასზე. მეორე წრეში ხომ მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურის ბედი გადაწყდება...
- მთავარია, მსოფლიოს თასის საგზური მოვიპოვოთ. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა დავიკავოთ პირველი ადგილი, რათა C ჯგუფში მოვხვდეთ. იქ მსოფლიოს თასის მფლობელებთან, ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რაც ნებისმიერი მორაგბესთვის დიდი პატივია. საამისოდ ხუთი თამაშიდან მინიმუმ ოთხი უნდა მოვიგოთ. გადამწყვეტი, ვფიქრობ, რუმინეთის ნაკრებთან დაპირისპირება იქნება, რომელიც თბილისში გაიმართება.
- წლეულს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამ გუნდზე ამას წინათ თქვით, რომ ყველაზე კარგად განსწავლული ქართული გუნდია. არიან თუ არა ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც ივნისში, "თბილისის თასზე" გამოსცდით?
- ამ გუნდის შესახებ აზრი არ შემიცვლია. მართლაც ძალიან კარგი გუნდია. არის იქ სამი-ოთხი ისეთი მორაგბე, რომელსაც არათუ ივნისში, ერთა თასზე საწვრთნელ შეკრებაზეც გამოვიძახებ. ჭკვიანი ბიჭები არიან, ხელდახელ თამაში თავიდანვე შესისხლხორცებული აქვთ. მათთან მწვრთნელებმა კარგად იმუშავეს.
- მოდით, ერთგვარი ლირიული გადახვევა გავაკეთოთ. ადამიანს საქმე, რომელსაც აკეთებს, სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს. სამსახურში მისვლა უნდა უხაროდეს. საამისოდ კი საჭიროა იქ კარგი კოლექტივი ეგულებოდეს. როგორი ბიჭები არიან ჩვენი მორაგბეები. როგორ დაახასიათებდით მათ?
- ძალიან კარგი ბიჭები არიან. როგორც მწვრთნელი, აღფრთოვანებული ვარ მათით. მუშაობა უფრო მეტად საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეებთან მიწევს. მათზე შრომისმოყვარე ადამიანები არსად მინახავს. რა რთული დავალებაც არ უნდა მივცე, თავს მოიკლავენ და შეასრულებენ. ძალიან დიდი სურვილი აქვთ ისწავლონ, განვითარდნენ, კარიერაში წინ წაიწიონ. ძალიან ადვილია ასეთი გულმოდგინე ადამიანების მწვრთნელი იყო.
ისინი, ვინც საფრანგეთში თამაშობენ, ასევე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს, ჩამოდიან, ვარჯიშობენ, შრომობენ და თავისი ქვეყნის ნაკრებისთვის არაფერს იშურებენ. ისე კი, მნიშვნელობა არ აქვს, ახალზელანდიელია თუ ქართველი. მორაგბეები ერთი ტიპის ადამიანები არიან ყველგან, მათი დახასიათება ერთნაირად შეიძლება. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ვიზუალურად განსხვავდებიან და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. სხვა მხრივ, ყველა ერთნაირია.
- ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ნაკრების ყველაზე თავგამოდებული ქომაგები თქვენი ქალიშვილები არიან...
- დიახ, ასეა და ეს ბუნებრივიცაა. ისინი, ცხადია, ყოველთვის ქომაგობდნენ იმ გუნდებს, რომლებსაც ვწვრთნიდი. მაგრამ ახლა, ვინაიდან ნაკრების მწრთნელი ვარ, ამით განსაკუთრებით ამაყობენ. ძალიან ადვილად და კარგად შეეგუენ ახალ გარემოს. ახალზელანდიელები და ქართველები ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს. ჩვენთვის, ისევე როგორც თქვენთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახს, ნათესავებს. თქვენსავით ვიცით ახლობლობა ბიძაშვილ-მამიდაშვილობაში და უფრო შორეულ ნათესავებშიც კი.
ჩემს შვილებს, მოლის და ლილის ძალიან უყვართ საქართველო. მალე არდადეგები მეწყება და ცოტა ხნით ახალ ზელანდიაში მივდივართ. ერთი სული აქვთ, როდის გავემგზავრებით. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ჩავალთ, ერთი სული ექნებათ, როდის დავბრუნდებით, როგორც თვითონ ეძახიან, სახლში.
უფროსმა შვილმა, მოლიმ ქართული ისწავლა და ჩვეულებრივად ეკონტაქტება აქაურებს. ის სპორტულ ტანვარჯიშზე დადის. კვირაში ხუთი დღე, სამ-სამ საათს ვარჯიშობს და ძალიან მოსწონს.
ჩემთვის ოჯახი ყველაფერია. ის პირველ ადგილზეა, მერე მოდის რაგბის გუნდი, რომელიც თავის მხრივ მეორე ოჯახია. აქ მე მაქვს საშუალება ეს ორი ფასეულობა გავაერთიანო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახი არის ქართული რაგბის ოჯახის წევრი და პირიქით.
- თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსებიც, ალბათ, ოჯახის წევრები არიან.
- ჩემი მეუღლე ენჯელიკა დიდი ხანია რაგბის წრეში ტრიალებს და კარგად ესმის ოვალური ბურთით თამაშის ავან-ჩავანი. როცა რამე ხარვეზს ხედავს გუნდის თამაშში, პირდაპირ მეუბნება, აი იქ რაღაც ისე არ გააკეთე, რაღაც დააკელიო. ეს ძალიან მეხმარება.
- მოლიმ ქართული ისწავლა. ვიცი, რომ თქვენც ცდილობთ ჩვენს ენაზე ამეტყველდეთ. როდის შეძლებთ ინტერვიუს ქართულ ენაზე მიცემას?
- ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა. მასწავლებელი დავიქირავე და კვირაში სამჯერ მაქვს გაკვეთილი. ბევრი რამე მესმის, როცა ლაპარაკობთ, მაგრამ ლაპარაკი მიჭირს. ვიცი, რომ ძალიან ძველი ენაა, მაგრამ ძალიან ძნელი გრამატიკა აქვს.
მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვიღონებ, რათა ერთ მშვენიერ დღეს ქართველ ჟურნალისტებს მათ მშობლიურ ენაზე დაველაპარაკო.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"