არაპროფესიონალიც კი უმალ შეატყობდა ახალგაზრდა სპორტსმენში დამალულ სარაგბო ინტელექტს, მოედნის ბრწყინვალე ხედვასთან და ფეხჩუბინობასთან ერთად. თუმცა სხვადასხვა ცხოვრებისეულმა
დაბრკოლებამ რამდენჯერმე შეაფერხა მგეზავის კარიერული განვითარება და უკვე 4 წელიწადზე მეტია მას ეროვნულ გუნდში აღარ უასპარეზია.
მიმდინარე სეზონის წინ სოხაძე მშობლიურ გუნდ "ყოჩებში" დაბრუნდა პოლონეთის ჩემპიონატიდან და განვლილი 12 ტურის შემდეგ დიდი სხვაობით ლიდერობს ბომბარდირთა დავას, მისი მონაგარი 131 ქულაა.
- თემურ, როგორ დაიწყო თქვნი სარაგბო კარიერა?
- 13 წლის ასაკში ჩემმა
- ძალიან მალევე მოხვდით ახალგაზრდულ ნაკრებში და პირველი წარმატებაც მოვიდა...
- ყველა ასაკობრივი ნაკრები გავიარე. თავდაპირველად მოვხვდი 18-წლამდელთა ნაკრებში, საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფში ვიყავით, დაუვიწყარი მოგონებები დამრჩა იმ ტურნირიდან: პირველად ჩავიცვი ეროვნული გუნდის კვართი, პირველად ვიდექი ჰიმნზე და რაც მთავარია, პირველი საერთაშორისო გამოცდილება მივიღე. ამის შემდეგ უკვე რეგულარულად მიწევდა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, მხოლოდ ერთი ტურნირი გამოვტოვე 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. მხარის ტრავმამ არ მომცა ასპარეზობის საშუალება.
- "ბორჯღალოსანთა" რიგებში დებიუტი 20 წლის ასაკში გქონდათ და საკუთარი პოტენციალი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეთ...
- 2005 წლის 12 ივნისს მქონდა დებიუტი ეროვნულ გუნდში, ქუთაისში, საქართველო ჩეხეთის ნაკრებს მასპინძლობდა და უკანასკნელი 10 წუთის თამაშმა მომიწია, თუმცა ეს მცირე დრო ჩემს ცხოვრებაში დღემდე უბედნიერესია.
- ნაკრებში გამართული სადებიუტო მატჩიდან ძალიან მალევე საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 2-ის გუნდ "ვიარზონში" გადახვედით, რაც 20 წლის მორაგბისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო...
- სრულიად გამოუცდელს მომიწია საფრანგეთში ჩასვლამ. თავდაპირველად ყველაფერი კარგად აეწყო და რეგულარულად ვთამაშობდი, თუმცა სეზონის ბოლოს მხარის ტრავმა მივიღე და გუნდმა აღარ გარისკა ჩემი დატოვება, ისე დაემთხვა, რომ აღარც დაზღვევა მქონდა და, ფაქტობრივად, უპატრონოდ დავრჩი. თუმცა ლევან დათუნაშვილის დახმარებით ისევ ფედერალ 2-ის გუნდ "ბასტიაში" გადავედი, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული ხელით ვთამაშობდი, რათა დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები. "ვიარზონისგან" განსხვავებით კორსიკული კლუბის ექიმმა ბოლომდე მიპატრონა, გამიკეთა მხარზე ოპერაცია და ძალიან მომეხმარა.
- ეროვნულ გუნდში რეგულარულად თამაშობდით ერთა თასის მატჩებში, 8 კეპიც დააგროვეთ, თუმცა 2007 წლის მსოფლიოს თასზე წამსვლელ 30 კაცს შორის მაინც ვერ მოხვდით. რა იყო ამის მიზეზი?
- როდესაც უკვე ნაკრებმა შეკრება დაიწყო 2007 წლის მსოფლიო თასისთვის, ახალი ნაოპერაციები ვიყავი და ცუდ სპორტულ ფორმაში ვიმყოფებოდი. ნაკრების გაფართოებულ სიაში მაინც მოვხვდი და გავიარე მზადების პირველი ეტაპი, რის შემდეგაც ვეღარ მოვხვდი 30 კანდიდატს შორის.
თუმცა ვარჯიშს ვაგრძელებდი, რადგან რომელიმე უკანახაზელს რომ მიეღო ტრავმა, დიდი იყო შანსი იმისა, რომ ჩემი გამოძახების საჭიროება დამდგარიყო. ასეც მოხდა, პალიკო ჯიმშელაძემ მსოფლიო თასზე მიიღო ტრავმა, თუმცა ნაკრების მწვრთნელთა ჯგუფმა უარი თქვა ჩემს მსოფლიოს თასზე გამოძახებაზე და საფრანგეთში მყოფ მოთამაშეთა კონტინგენტით გააგრძელა თამაში, არადა, ვფიქრობ, მსოფლიოს თასზე თუნდაც ერთი მატჩის თამაშს შეეძლო ძირეულად შეეცვალა ჩემი სარაგბო კარიერა და მომავალში ძალიან მომეხმარებოდა.
- მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ კარიერა უკრაინის ჩემპიონატში განაგრძეთ...
- ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი და გადავწყვიტე უკრაინის ჩემპიონატში გადავსულიყავი, "ოდესის" ღირსებას ვიცავდი, თუმცა 6 თვეზე მეტი არ გავჩერებულვარ, გული ამიცრუვდა და საკმაოდ მძიმე პერიოდი გადავიტანე.
საერთოდ რაგბიზე თავის დანებებას ვაპირებდი და, ფაქტობრივად, დანებებულიც მქონდა.
ვცდილობდი რაიმე სამსახური მეშოვა თბილისში, რათა ფინანსურად დავხმარებოდი ოჯახს. თუმცა მეგობრების დახმარებით და თანადგომით გადავლახე ეს რთული ეტაპიც.
გიორგი კაჭარავამ დამირეკა რუსეთიდან და შემომთავაზა "კრასნი იარში" გადავსულიყავი სათამაშოდ. ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი სიტუაცია იყო, თან მაღალი დონის ჩემპიონატში მივდიოდი სათამაშოდ ერთ-ერთ წამყვან კლუბში, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია და რუსეთში წავედი, სადაც 2 წელიწადზე მეტი ვითამაშე.
- 2009 წელს კვლავ დაგიძახეს ეროვნულ გუნდში და "ჩერჩილის თასზე" ითამაშეთ. როგორ გაიხსენებთ იმ ტურნირს?
- მოულოდნელი იყო ჩემთვის ნაკრებში გამოძახება, ნამდვილად არ ველოდი. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ, როგორც ყველა ცალკეულმა მორაგბემ, ასევე მთლიანად ნაკრებმა ვერ ვაჩვენეთ იმ ხარისხის თამაში "ჩერჩილის თასზე", რაც ჩვენგან მოითხოვეს. უშანსოდ წავაგეთ კანადასთანაც და ამერიკასთანაც.
- კარიერის მომდევნო 2 წელი პოლონეთში გაატარეთ, სადაც რეგულარულად თამაშობდით. როგორ შეაფასებთ იმ ორ სეზონს?
- საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით, პოლონეთში გაცილებით უფრო დაბალი დონის ჩემპიონატია.
სავარაუდოდ, პოლონეთის წამყვანი ორი გუნდი თუ შეძლებდა ადგილის შენარჩუნებას საქართველოს უმაღლეს ლიგაში. თუმცა, ინდივიდუალური მომზადების მხრივ და პირობებს თუ შევადარებთ, პოლონეთში გაცილებით უკეთესი სიტუაციაა.
პირველივე სეზონში ჩემმა გუნდმა ფინალი ითამაშა, მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი მოვიდა და მთხოვა კლუბში დავრჩენლიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მხარი ისევ ამოვარდნილი მქონდა, დავთანხმდი.
კლუბმა მიმკურნალა, გამიკეთა ოპერაცია ცნობილ ქირურგ მარტინ დომჟალსკისთან, რის შემდეგაც გავიარე რეაბილიტაციის კურსი და კიდევ ერთი სეზონი დავყავი პოლონეთში. ვფიქრობ, თუნდაც იმ პრობლემის გადაჭრისთვის, რასაც მხარის ქრონიკული ტრავმის მორჩენა ერქვა ღირდა პოლონეთში თამაში, პლუს ინდივიდუალურად მოვემზადე საკმაოდ კარგ პირობებში
- ზაფხულში დაბრუნდით საქართველოს ჩემპიონატში და "ყოჩებთან" ერთად საკმაოდ წარმატებულ სეზონსაც ატარებთ. როგორი მიზნები გაქვთ მომავალში?
- დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ გუნდს და, ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რათა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში სიურპრიზები მოვაწყოთ. გვაქვს ჩემპიონობის შანსი, თუმცა ჯერ კლუბის ხელმძღვანელთა მიერ დასახული პირველი მიზანი უნდა გადავჭრათ, რაც შეიძლება მაღალი ადგილიდან უნდა გავიდეთ პლეი ოფში.
- 131 ქულით ლიდერობთ ბომბარდირთა დავას, თუმცა თქვენთვის ნაკრების კარი მაინც დახურულია...
- ვფიქრობ, საკმაოდ კარგი სეზონი გამომდის. პირადად კმაყოფილი ვარ, კარგად წამივიდა კარში დარტყმები ჩემპიონატის დროს, თუმცა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი ვერ მოვხვდი.
არადა, ვფიქრობ ნამდვილად ვიმსახურებ თუნდაც კიდევ ერთ შანს, რათა ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო და საკუთარი ადგილი დავიბრუნო ეროვნულ გუნდში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებები!