მერაბ შარიქაძე: ჩვენს გარდა, მოგების არავის სჯეროდა

AutoSharing Option
დოსიე
მერაბ შარიქაძე
დაიბადა: 17.05.93
სიმაღლე: 183 სმ
წონა: 90 კგ
პირველი გუნდი: აკადემია
დაამთავრა: ჰართპურის კოლეჯი
თამაშობს: ბურგ ან ბრესი (საფრანგეთი)
მოიხვეჭა: 19 კეპი
გაიტანა: 6 ლელო (30 ქულა)
მეტსახელი: ბუკა

მერაბ შარიქაძემ საქართველოს ნაკრებში პირველად 18 წლის ასაკში ითამაშა. მილტონ ჰეიგმა უმალვე შენიშნა ახალგაზრდა მორაგბეში დიდი ნიჭი, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი უაღრესად კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

მოგვიანებით, "ლელოსთან" ერთ-ერთ ინტერვიუში, "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა თქვა:

"საქართველოში ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეა, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ შარიქაძეა ისეთი, ვისაც ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაში
შეუძლია".

ორი წლის განმავლობაში მერაბმა ეროვნულ გუნდში 19 კეპი მოიხვეჭა და 6 ლელო გაიტანა. ამათგან, ყველაზე მნიშვნელოვანი, ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრებთან გატანილი ლელოა, რომელმაც "ბორჯღალოსნებს" ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.

Sportall.Ge

20 წლის მორაგბეს ჯერ მთელი კარიერა წინ აქვს და იმედია, გაცილებით მნიშვნელოვანი ლელოების გამტანიც იქნება.

მერაბ შარიქაძე ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის "ბურგ ან ბრესში" თამაშობს და, ბუნებრივია, მასთან საუბარი სწორედ საკლუბო კარიერის განხილვით დავიწყეთ.

- "ბურგ ან ბრესთან" კონტრაქტი რომ გავაფორმე, სეზონი დაწყებული იყო. იქამდე რამდენიმე კლუბს ჰქონდა ჩემდამი ინტერესი, მაგრამ საბოლოოდ არც ერთი ვარიანტი გამოვიდა და გია ლაბაძე დამეხმარა ამ გუნდთან კონტაქტის დამყარებაში. რადგან კლუბს გვიან შევუერთდი, პირველი თვე თამაშმა არ მომიწია. მერე, მორაგბეებსაც შევეჩვიე, გავშინაურდი და ამის მერე მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ვარ.

- რა მიზნები აქვს "ბურგ ან ბრესს" და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა? ღირს კი მაგ კლუბში კარიერის გაგრძელება?
- "ბურგ ან ბრესი" მეორე დივიზიონის დებიუტანტია და როგორც ყველა ასეთი გუნდი, დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას და მერე იქ დამკვიდრებას ცდილობს. ფინანსურ მდგომარეობაზე რა მოგახსენოთ... ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. თუ ჩემი კონტრაქტის მიხედვით ვიმსჯელებთ, მთლად დალხენილი მდგომარეობა არ აქვთ.

ახლახან, კლუბის წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან და მომავალი წლისთვის კონტრაქტის ახალი პირობების განხილვა შემომთავაზა. უარი ვუთხარი. არ მინდა "ბურგ ან ბრესში" დარჩენა. მომავალ სეზონში უფრო მაღალი დონის გუნდში უნდა ვითამაშო. ჩემი აგენტი უკვე მუშაობს როგორც ფრანგულ, ისე ბრიტანულ კლუბებთან.

- თქვენ გარდა, "ბურგ ან ბრესში" სხვა ქართველებიც არიან - თამაზ მჭედლიძე და გიორგი სულუაშვილი. მჭედლიძე საქართველოს ნაკრების წევრია. ბოლო დრომდე ისიც ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა...
- თამაზ მჭედლიძეს ხელი ჰქონდა მოტეხილი. ახლა ტრავმა უკვე მოიშუშა, სათამაშოდ მზადაა და უახლოეს ტურში მწვრთნელი აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში დააყენებს.

- მოდით, ცოტა შორეულ წარსულში დავბრუნდეთ. თქვენი პირველი კლუბი, სადაც რაგბის ანბანი შეისწავლეთ, "აკადემია" იყო...
- ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. ჩემი უახლოესი მეგობარი ნიკუშა გამყრელიძე დადიოდა რაგბიზე და როცა 13 წლის გავხდი, მითხრა - წამოდი, ერთად ვიაროთო. წავყევი, მომეწონა და, როგორც ხედავთ, რაგბიში დავრჩი კიდეც. პირველი მწვრთნელი ლევან ობოლაძე იყო, მერე მას როლანდ ბატოიანი უწევდა ასისტენტობას. რაგბი სწორედ მათ შემაყვარეს.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ "გაფრენილი" მქონდა, რაგბის გარდა, არაფერი მაინტერესებდა. ვარჯიშზე საათ-ნახევრით ადრე მივდიოდი და შინ ვარჯიშის დასრულებიდან საათ-ნახევრის მერე ვბრუნდებოდი. სულ ვთამაშობდით, უფრო ხშირად "თაჩ-რაგბის"... მერე, როცა წამოვიზარდეთ, შეკრებაზე სიარული დავიწყეთ. პატარძეულის "ვეფხვების" ბავშვებიც დაგვემატნენ და ჭაბუკთა ლიგებში სულ ლიდერები ვიყავით. A ლიგის ასაკს რომ მივაღწიე, რამდენიმე მატჩი ძირითად გუნდშიც ვითამაშე.

Sportall.Ge

- ჰო, მაგრამ "აკადემიას" მაინც ვერაფერში გამოადექით...
- დიახ, სამწუხაროდ ისე გამოვიდა, რომ გამზარდეს და როცა ძირითად გუნდში თამაში უნდა დამეწყო, ინგლისში წავედი. "აკადემია" ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი ოჯახია და რა გასაკვირია, რომ მთელი სულითა და გულით ვგულშემატკივრობ ამ გუნდს.

- ინგლისი ახსენეთ. იქ ორი წლის განმავლობაში ჰართფურის კოლეჯში სწავლობდით და თამაშობდით. რა შეგძინათ ჰართფურმა?
- ჰართფურის კოლეჯში პიროვნულად გავიზარდე. მარტო ცხოვრებამ, ახალი მეგობრების გაჩენამ ბევრი რამ მასწავლა. ამასთან ერთად, სრულყოფილად შევისწავლე ინგლისური, მივიღე სპორტის მენეჯერის განათლება. უნივერსიტეტში სწავლა კი დროებით შევაჩერე და თუ საშუალება მექნება, ისევ განვაგრძობ. რაც შეეხება რაგბის, ამ მიმართულებითაც, ვფიქრობ, მაქსიმუმი მივიღე. ამიტომაც წამოვედი იქიდან. ვიგრძენი, რომ ჰართფურის კოლეჯს ჩემთვის მეტის მოცემა აღარ შეეძლო.

- საქართველოს ნაკრებში ძალიან ახალგაზრდა, 18 წლის ასაკში მოხვდით და თითქმის პირველივე ცდით დაიმკვიდრეთ ადგილი ძირითად შემადგენლობაში...
- ამას ვერც კი წარმოვიდგენდი! 2011 წლის მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიაში ჩვენი გუნდის თამაშს ინგლისში ყოფნისას ვუყურებდი და ვერ წარმომედგინა, რომ ამ ბიჭებთან ერთად თამაში ასე მალე მომიწევდა. ისინი ჩემთვის დიდი ადამიანები, დიდი მორაგბეები იყვნენ და გარწმუნებთ, მართლა რთული წარმოსადგენი იყო.

ნაკრებში რომ მოვხვდი, ისე მიმიღეს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, თითქოს მათი გაზრდილი ვყოფილიყავი. ჩვენს ეროვნულ გუნდში ფანტასტიკური ურთიერთობაა. ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება ძალიან მაღალ დონეზეა დაყენებული. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ნაკრების თითოეული მორაგბე ჩემი ოჯახის წევრია. აქ კლუბში რასაც ვაკეთებ, იმიტომ ვაკეთებ, რომ ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვიდე და წარმატებას ერთად მივაღწიოთ. ჩვენთვის, ყველასთვის, მთავარი მაინც ეროვნული გუნდია.

Sportall.Ge

- ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია. სამოას ნაკრების დამარცხებაში თქვენი წვლილი უმნიშვნელოვანესი იყო - ლელომ, რომელიც თქვენ გაიტანეთ, ის თამაში მოგვაგებინა...
- ნოემბრის ტესტები მართლაც გამორჩეული იყო ჩვენი ნაკრების ისტორიაში. რთული და ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

დრამატული გამოდგა აშშ-ს ნაკრებთან დაპირისპირება. რაღაც სულელური გაუგებრობის გამო, მოგებული თამაში წავაგეთ. ძალიან შეწუხებულები ვიყავით. ყველას ძალიან გვინდოდა, ის მართლაც სულელური გაუგებრობა გამოგვესყიდა.

ცუდი ის იყო, რომ მოთამაშეებისა და მწვრთნელების გარდა, არავის სჯეროდა, სამოას ნაკრების დამარცხება რომ შეგვეძლო. ჩემი ახლობლებიც კი მეუბნებოდნენ - დიდი ანგარიშით არ წააგოთ მაინც, ძალიან არ შევრცხვეთო. ეს "მაგიჟებდა" სწორედ... თანაც, იმ დღეს დიდი საეკლესიო დღესასწაული იყო. გიორგობას მთელი ერი ჩვენს გვერდით იყო და სამოას მართლაც ძალიან ძლიერი გუნდი ერთად დავამარცხეთ.

Sportall.Ge

რაც შეეხება ჩემს ლელოს... ის მარტო ჩემი დამსახურება არ იყო. მანამდე, მთელმა გუნდმა შექმნა უპირატესობა, ის სალელოვე სიტუაცია. ლელო გუნდმა გაიტანა, უბრალოდ, ტაბლოზე ჩემი გვარი დაიწერა...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- მალე ერთა თასის გათამაშება იწყება. "ბორჯღალოსნებს" წინ სერიოზული ბრძოლები ელით...
- დიახ, ძალიან მძიმე ბრძოლები გვექნება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ და მსოფლიოს თასზე სასურველ ჯგუფში მოვხვდეთ. სამოასთან გამარჯვებით თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ და ბელგიასთან გაჭირვებით მოგება ჩვენს ქომაგებს არ მოეწონებათ.

- ზემოთ თქვით, რაგბის გარდა, არაფერი მაინტერესებდაო. ახლაც ასეა?
- ახლა მით უმეტეს. მაშინ პატარა ვიყავი და ასე თუ ისე თავისუფალი დროც მქონდა. ახლა პროფესიონალი ვარ და მეტი შრომა, გარჯა მჭირდება. სხვა მხრივ მინდა განათლება მივიღო. ჰართფურში სპორტულ მენეჯმენტს ვსწავლობდი. ბიზნესი მაინტერესებს და მინდა ამ მიმართულებით გავიღრმავო ცოდნა. სპორტული მენეჯმენტი და ბიზნესის შეთავსება თუ მოვახერხე, ხომ კარგი, თუ არა და, არჩევანის შემთხვევაში უპირატესობას ბიზნესს მივანიჭებ.

- თავისუფალი დრო სულ არ გაქვთ?
- იშვიათად. თუ დროს გამოვნახავ, ძირითადად ვკითხულობ ან ბიჭებთან ერთად რაიმე ფილმს ვუყურებ. რომ ვთქვა, საფრანგეთში ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანია-მეთქი, არ იქნება მართალი.

- რა წიგნებს კითხულობთ?
- კონკრეტულად არაფერს. სტატისტიკა, ფაქტები და პოლიტიკოსების ბიოგრაფიები მაინტერესებს. ასევე ბურუსით მოცული გახმაურებული ამბები.

- თქვენს ასაკში ზოგს უკვე ცოლ-შვილი ჰყავს...
- დიახ, ასეა. მაგალითად, თამაზ მჭედლიძეს ცოლიც ჰყავს და ერთი წლის შვილიც. მე არც ფინანსურად და არც მორალურად ოჯახის შექმნისთვის ჯერ მზად არ ვარ.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 4 /
უკომენტაროდ...


უბრალოდ წარმატებები !!!
GiorgiG83
23:25 26-01-2014
0
წარმატებები ძმაო! მაგარი კაცი ხარ!
levani
00:17 27-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული