საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიაში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
8 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე წლევანდელი გათამაშების მეორე მატჩი სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან გამართა.

ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ანგარიშით 34:9 გაიმარჯვეს.

ანგარიში მასპინძლებმა მე-3 წუთზე გახსნეს. უწყინარ სიტუაციაში მეტოქემ საჯარიმო მოიპოვა, რომლის გატანაც პედრო ავილას არ გასჭირვებია, თუმცა გათანაბრება "ბორჯღალოსნებმა" მალევე შეძლეს. ეს მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა მოახერხა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ზუსტად დაჰკრა - 3:3.

ამის შემდეგ "მეკოს" საჯარიმოს დარტყმის შესაძლებლობა ზედიზედ სამჯერ (მე-16, 21-ე და 27-ე წუთებზე) კიდევ მიეცა და მანაც
დაკისრებულ მისიას თავი სამივეჯერ ბრწყინვალედ გაართვა, რითაც საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა - 12:3.

33-ე წუთისთვის კვირიკაშვილმა უკვე არეკნით სცადა ანგარიშში სხვაობის გაზრდა, თუმცა საკმაოდ შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადებაც მოახერხა - შერკინების შემდეგ ბურთი თედო ზიბზიბაძემ აიტაცა და პორტუგალიელთა ჩათვილის მოედანში დადო. კვირიკაშვილს რეალიზაცია არ გამოუვიდა და ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 17:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშიც, როგორც პირველში, საჯარიმოს დარტყმის უფლება მასპინძლებმა მოიპოვეს და ავილამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა, თუმცა ამას ორიოდ წუთშივე უპასუხა კვირაკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი - 20:6.

53-ე წუთზე ავილამ მესამედაც იხეირა საჯარიმოთი და ანგარიშში სხვაობა კვლაც შეამცირა, მაგრამ ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს და მე-60 წუთისთვის მეორე ლელოც გაიტანეს.

შეტევის მარცხენა ფრთაზე კვირიკაშვილმა გაჭრა მეტოქის ხაზი და ბურთი ჩათვლის მოედანში შეიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაციაც მიაყოლა - 27:9.

მატჩის ბედი 71-ე წუთზე გადაწყდა. თამაზ მჭედლიძემ გაჭრა მეტოქის ხაზი, გაირბინა მეტოქის მოედნის ლამის მთელი ნახევარი, შეტევა კი ლელოთი დავით კაჭარავამ დაასრულა. "მეკომ" რეალიზაცია ზუსტად დაჰკრა და 34:9 - "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ.

დარჩენილ დროში "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელოს გატანა ვეღარ მოასწრეს და საბოლოოდ მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა.

ევროპის ერთა თასის მეორე ტურში რუსეთის ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და უშანსოდ, ანგარიშით 3:34 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ რუმინელებმა პრემიალური ქულა მოიპოვეს და ჯგუფში ქულებით საქართველოს გაუთანაბრდნენ.

შინ მოუგო ესპანეთის ნაკრებმა ბელგიას - 11:6.

ერთა თასზე მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 22 თებერვალს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ნაკრებთან გამართავენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
რა უფლებით გააცილეთ აბუ, როცა ღირსეული შემცვლელი არ გყავდათ? კი ვიცით შინაურულად, რა ჩ-ბას ქონდა ადგილი, მაგრამ ასე თუ გააგძელებდით არ მეგონა.... გამოიძახეთ აბუ, ნამდვილად ვიცი, რომ სული უკაწკაწებს თამაშის დროს..... გადაახტით საკუთარ თავს.
0
არ ვარგოდა თამაში არაფრად .ერთი რაც იყო შესანიშნავი თაზო მჭედლიძის გარღვევა.გამოასწორეთ შეცდომები.ასეთი თამაშით ჩვენ რუმინეთს ვერ მოვუგებთ.
giorgi
21:28 09-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული