23 წელი ის ასაკია, როცა შერკინების პირველხაზელი საბოლოოდ ყალიბდება და კარიერაში აღმასვლა უნდა დაეწყოს. შალვას სარაგბო ცხოვრებაში სწორედ ეს ეტაპი უდგას და, იმედია, ნიჭიერი მოთამაშე მაღალი მწვერვალებისკენ გაიკაფავს გზას.
იქამდე კი, ჩვენი საუბარი რაგბიში მისი პირველი ნაბიჯებით დავიწყეთ.
- რაგბიში ბიძამ ექვსი წლის ასაკში მიმიყვანა. ის თვითონაც მორაგბე იყო და თბილისის "შევარდენის" ღირსებას იცავდა. ამდენად, ჩემი პირველი გუნდი სწორედ
ათი წლის ვიყავი, როცა ისევ ბიძამ, ამჯერად, "ყოჩებში" მიმიყვანა, სადაც ჩემი მწვრთნელები ნიკო ჭავჭავაძე და აწგარდაცვლილი ლევან სოხაძე იყვნენ. ეს 2000 წელს მოხდა და 11 წელიწადი სწორედ ამ გუნდში დავყავი.
- თავიდანვე შერკინების კვაჭი იყავით თუ სხვა პოზიციებზეც მოსინჯეთ ძალა?
- თავიდანვე კვაჭი ვიყავი. სხვა პოზიციაზე არასდროს მითამაშია. დერეფანში ბურთს კარგად ვაგდებდი და ჭაბუკთა ლიგების გათამაშებებიდან მოყოლებული, დღემდე შერკინების კვაჭი ვარ. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებაში ნიკო ჭავჭავაძეც დამეხმარა, რომელიც ასევე ამ პოზიციის მოთამაშე იყო.
- რას ნიშნავს თქვენთვის თბილისის "ყოჩები"?
- "ყოჩები" ჩემი მეორე ოჯახია. იქ ძალიან ბავრი რამ ვისწავლე. უფრო სწორად კი ლევან სოხაძემ მასწავლა. არა მარტო რაგბი, არამედ მეგობრობა, ერთმანეთის სიყვარული, ძმური ურთიერთობა. სულ გვეუბნებოდა - გუნდში ორმოცნი ხართ, რაგბი შეიძლება ვერც ერთმა ითამაშოთ, მაგრამ ერთმანეთის მეგობრები სამუდამოდ უნდა დარჩეთო.
- მიუხედავად ამისა, "არმიაში" გადახვედით...
- დიახ, "არმიაში" ორი წლის წინათ გადავედი. დალაგებული, ძლიერი გუნდია. სამწუხაროდ, ჯერ არმიელებთან ერთად ჩემპიონობა ვერ მოვიპოვე. მხოლოდ გაზაფხულის ტურნირი მოვიგეთ და შარშან საქართველოს ჩემპიონატის ფინალში "ლელოსთან" წავაგეთ.
- "არმია" მიმდინარე გათამაშების ფავორიტია, თუმცა სეზონი გუნდმა მძიმედ დაიწყო...
- ნამდვილია, თავიდან გაგვიჭირდა. როგორც ყველა გუნდში ხდება ხოლმე, ჩვენც გვქონდა ჩავარდნა. რამდენიმე თამაში ვერ მოვიგეთ და მე-7 ადგილზე ვიყავით. ნელ-ნელა მდგომარეობის გამოსწორება შევძელით და ახლა სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე ვართ. ცხადია, ყველაფერს ვიღონებთ, რათა გუნდმა ჩემპიონის ტიტული დაიბრუნოს.
- ჩემთვის ცნობილია, რომ "კომაროვის" ფიზიკა-მათემატიკური სკოლა გაქვთ დამთავრებული...
- ფიზიკა და მათემატიკა ბავშვობიდან მიზიდავდა. ამიტომ, "კომაროვის" სკოლაში გამიწიეს რეკომენდაცია, რომლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ინფორმატიკის ფაკულტეტზე. ისე მოხდა, რომ სტუდენტობის პერიოდში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მომიწია თამაშმა, რის გამოც სწავლას სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. ამიტომ, ინფორმატიკის დარგში მაღალი დონის პროფესიონალი არ ვარ. ისე, მათემატიკური აზროვნება ბევრ რამეში მეხმარება რაგბის თამაშისას. თუნდაც მოედნის ხედვაში, სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში და ასე შემდეგ.
- თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრე. როგორ გაიხსენებ ჩვენს ეროვნულ გუნდში გატარებულ პირველ დღეებს?
- საქართველოს ნაკრებში პირველად 2011 წელს მიმიწვიეს. მაშინ ჩვენი გუნდი, ივნისში ბუქარესტში IRB-ის ერთა თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა. ჩემი დებიუტი სამხრეთ აფრიკის გუნდთან, "საუთერნ კინგზთან" მატჩში შედგა. გოდერძი შველიძე მსაჯმა სინბინში გაუშვა და მესამეხაზელი შევცვალე. სულ ექვსი წუთი მომიწია თამაშმა.
იმ ფორმაციის ნაკრებში ისეთი სახელოვანი მორაგბეები თამაშობდნენ აქვსენტი გიორგაძე, ბესიკ ხამაშურიძე და ზემოთ ნახსენები გოდერძი შველიძე რომ არიან. ესენი ჩემთვის ბუმბერაზი პიროვნებები იყვნენ, რომელთა თამაშს ტელევიზორით ვუყურებდი, ვქომაგობდი და ვერაფრით წარმომედგინა, რომ როდესმე მათთან ერთად ვითამაშებდი.
ის კი არა, ნაკრებში რომ გამომიძახეს, ვერ ვიჯერებდი. სახლიდან ქუჩაში გავედი და სიხარულისგან დიდხანს დავდიოდი, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო და ამიხდა.
- ნაკრებში როგორ დაგხვდნენ, როგორ მიგიღეს?
- ძალიან კარგად მიმიღეს, ისე, როგორც ჩვენს ნაკრებს შეეფერება. ჩვენი ეროვნული გუნდი ერთი ოჯახია და ყოველ ახალ წევრს დიდი სითბოთი და სიყვარულით იღებენ.
- ახლახან ჩვენმა ნაკრებმა პორტუგალიის ეროვნული გუნდი რეკორდული სხვაობით დაამარცხა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესირებს?
- ვფიქრობ, ყველაფერზე სტატისტიკა მეტყველებს. შეიძლება ბევრს ჩვენი გუნდის თამაში არ მოსწონდეს, გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ პორტუგალიას რეკორდული ანგარიშით მოვუგეთ, ერთა თასის დაწყება ყოველთვის გვიჭირდა და ამჯერად კარგად დავიწყეთ, ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრები დავამარცხეთ. ეს ყველაფერი განა იმას არ ადასტურებს, რომ ნაკრები პროგრესს განიცდის?
- სამოას ნაკრებთან გამარჯვება ჩვენი რაგბის სინამდვილეში ისტორიული მოვლენაა...
- სამოას ნაკრებთან გამარჯვებამ თავდაჯერება შეგვძინა. ახლა ყველა დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ დონის გუნდებთან არა მარტო ღირსეულად თამაში, არამედ, მათი დამარცხებაც შეგვიძლია.
- მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურს მოვიპოვებთ?
- აუცილებლად, მეტიც, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ და ინგლისში ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშოთ. ყველა გუნდს პატივს ვცემთ, მაგრამ ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამაში შეიძლება ხელი შეგვიშალოს, რუმინეთის ნაკრებია. იმასაც თბილისში ვმასპინლობთ და უნდა დავამარცხოთ.
ერთი თხოვნა მაქვს, რაც ყველა მორაგბეს გვაწუხებს. ეს გულშემატკივრების სტადიონზე ქცევას ეხება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ხალხს ეზარება სტადიონზე მოსვლა. ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ. ისეთებიც არიან, რომლებიც 15 გრადუს ყინვაში წელზემოთ შიშვლები გვქომაგობენ.
ყველაზე დიდი თხოვნაა, პატივი სცენ ჩვენს მეტოქეებს. მალე რუსეთის ნაკრებთან გვიწევს თამაში. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, ღირსეულად ვუმასპინძლოთ მათ. ისინი ჩვენნაირი მორაგბეები არიან და ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებები შალვა!