ლაშა ხმალაძე: ერთა თასზე ჩვენი მიზანი მხოლოდ პირველი ადგილია

AutoSharing Option
ლაშა ხმალაძე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი თაობის წარმომადგენელია. თუმცა, მან უკვე მოასწრო მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე, 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე თამაში.

მუდამ წყნარი, თავმდაბალი, მიზანდასახული, თამაშისას შეუპოვარი და შესანიშნავად მოაზროვნე - ასე შეიძლება მოკლედ დავახასიათოთ "ბორჯღალოსანთა" მგეზავი. მისი სათამაშო პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მგეზავის ფუნქცია გუნდის შეტევების წარმართვა, იერიშის მიმართულების ცვლაა.

ერთი სიტყვით, ლაშა მატჩის დირიჟორია. მის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოს ნაკრების, თუ გნებავთ, თამაშის ხასიათიც.

ცხადია, მისი სვლა ოვალური სამყაროს ორომტრიალში ოდესღაც დაიწყო. ვერ ვიტყვით, რომ
ლაშა რაგბიში შემთხვევით მოხვდა... თუმცა, მოდით ყველაფრის შესახებ თავად გვიამბოს...

- რაგბიზე ძმამ მიმიყვანა, რომელიც ჩემზე რვა წლით უფროსია. დიდ დიღომში კერძო სკოლაში იყო რაგბის სექცია. მახსოვს, დარბაზში ვვარჯიშობდით, რადგან ზამთარი იყო და ციოდა. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვარჯიში დავიწყე და მას მერე რაგბის ვთამაშობ.

- რაგბის ძირითადად მაღალი და საკმაოდ ფართო გაბარიტების მქონენი ეტანებიან. თქვენი ამჟამინდელი აღნაგობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ათლეტური არც ბავშვობაში იქნებოდით. შესაბამისად, საინტერესოა, რატომ აირჩიეთ რაგბი?
- იმ დროს რაგბი რა იყო, არ ვიცოდი. ეზოში სულ ფეხბურთს და კალათბურთს ვთამაშობდი. მინდოდა, სპორტში ვყოფილიყავი დაკავებული. ფინანსური სიდუხჭირის გამო, რაგბიზე მისვლა ვარჩიე, რადგან იქ ვარჯიში უფასო იყო. ამასთან ერთად, კარგი სიტუაციაც დამხვდა. პირველი მწვრთნელი გიზო ურუშაძე იყო, მერე ბათუ კევლიშვილი და ბოლოს - ლევან მაისაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც დღემდე ვთამაშობ "ლელოში".

- თქვენი ძმა რაგბის აღარ თამაშობს?
- თავი დაანება. ხანდახან ერთობა ხოლმე, "მგლების" შემადგენლობაში ფულბეკია. იქამდე, მესამე ხაზშიც უთამაშია.

- რა არის თქვენთვის "ლელო"?
- ისევე, როგორც ყველა მორაგბისთვის, მშობლიური კლუბი ჩემთვისაც მეორე ოჯახია. დიდი ხანი ვართ ერთად, ერთად ვშრომობთ, ერთი მიზნის მისაღწევად ვიბრძვით. ხან ვაღწევთ ამ მიზანს, რასაც სიხარული მოჰყვება, ხანაც იმედგაცრუება გვეუფლება წარუმატებელი თამაშის შემდეგ. ეს გვაძლიერებს, უფრო შეკრულები და შემართულები ვხდებით.

ერთი სიტყვით, "ლელო" ჩემი ცხოვრების ნაწილია. აქ ბევრი მეგობარი შევიძინე. ვისწავლე რაგბის თამაში, ურთიერთობა... მოკლედ, ეს არის ისტორია სასიამოვნო მოგონებებით.

- საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში უკვე მყარად მოიკიდეთ ფეხი. როგორ გაიხსენებთ პირველ ნაბიჯებს "ბორჯღალოსნების" რიგებში?
- პირველად, ნაკრებში რუმინეთთან IRB-ის ერთა თასზე სათამაშოდ მიმიწვიეს. მაშინ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი იყო. თუმცა, ბუქარესტში ძირითადად ახალგაზრდული გუნდით წავედით, ამიტომ მწვრთნელები ლევან მაისაშვილი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე იყვნენ. მაშინ ახალგაზრდებს შესანიშნავი შანსი მოგვეცა თავის გამოსაჩენად.

- რა გრძნობა დაგეუფლა, როცა ნაკრების გასახდელში პირველად შედგი ფეხი?
- ძალიან კარგად მახსოვს ეს გრძნობა. ოცნება ამიხდა და ყველანაირად ვცდილობდი, ნდობა, რომელიც გამომიცხადეს, გამემართლებინა. გასახდელში რა ხდებოდა, არ მახსოვს, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მთლიანად თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. არ მინდოდა, თავი შემერცხვინა. თანაც, გუნდში ეროვნული ნაკრების რამდენიმე ცნობილი წევრიც იყო. პატარაობაში ბურთის მომწოდებლად ვიყავი ხოლმე მათ თამაშებზე და თვალებში შევციცინებდი. რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ ბუმბერაზ ხალხთან ერთად ვითამაშებდი?

- საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის ტესტებზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა სამოას ძლიერ ნაკრებთან, წლევანდელი ერთა თასის გათამაშებაც წარმატებით დაიწყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ გუნდი პროგრესის გზაზეა?
- ვფიქრობ, ასეა. ყველანაირად ვცდილობთ, თამაშში რაც კარგი გვაქვს, შევინარჩუნოთ, გასაუმჯობესებელი დავხვეწოთ. რაც ცუდად გამოგვდის, იმაზე დიდხანს ვმუშაობთ, ვცდილობთ თამაში უფრო სანახაობრივი გამოვიდეს.

ერთა თასს რაც შეეხება, ჩვენი მიზანი აქ მხოლოდ პირველი ადგილია. ძალიან კარგი იქნება, თუ ლონდონში ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაში მოგვიწევს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით და ვნახოთ, რა გამოვა.

- თქვენ უკვე ითამაშეთ მსოფლიოს თასზე 2011 წელს, ახალ ზელანდიაში. მეტიც, იქ ლელოც გაიტანეთ, თანაც არგენტინის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან...
- დიახ, ეს მატჩი ჩემთვის დაუვიწყარია. ლელოს გატანა, ცხადია, სასიხარულოა, თუმცა რაგბი გუნდური თამაშია და სიამოვნებას თავად პროცესი უფრო მანიჭებს, ვიდრე ლელოს, არეკნის ან საჯარიმოს გატანა.

არგენტინასთან მატჩში ჩემს ადგილზე, შესაძლოა, სხვა ყოფილიყო. ამას მნიშვნელობა არა აქვს. იმ მომენტში მე გამიმართლა და ჩემთან ერთად ყველა თანაგუნდელი ბედნიერი იყო.

- უკვე 26 წლის ხართ. არ გიფიქრიათ, რომ უცხოეთშიც გეცადათ ძალები?
- ვცადე ერთხელ საფრანგეთში გადაბარგება. "ტულონში" ვიყავი დავით ქუბრიაშვილთან ჩასული. მერე სხვადასხვა გუნდებში სინჯები უნდა გამევლო, მაგრამ არ გამოვიდა. სინჯები არ შედგა. ახლა ჯერ ისევ "ლელოში" ვთამაშობ. აღარ ვფიქრობ, რომ სინჯებზე წავიდე. თუ რომელიმე კლუბი შემომთავაზებს კონტრაქტს, წავალ, თუ არა და, ისევ "ლელოს" ღირსებას დავიცავ.

- გასაგებია, რომ რაგბი თქვენი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია. თუმცა საინტერესოა, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე მორაგბე კიდევ რით არის გატაცებული?
- თავისუფალი დრო ცოტა მაქვს და მასაც ოჯახსა და მეგობრებს ვუთმობ. წიგნს გადავშლი, წავიკითხავ... სულ ეს არის.

ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი საყვარელი,ზრდილი და შეუპოვარი ქოქოსა.ერთხელ,12-13 წლისები იქნებოდნენ და სტატიისთვის ბავშვების გვარ-სახელების მიწერა დამჭირდა.ჩემს ბიჭს ვთხოვე (ერთად თამაშობდნენ ლელოში)მოდი,მიკარნახე მეთქი.ორის თუ სამის ისევ მე გავიხსენე,დანარჩენი მაგრად მიკარნახა:შოტკინა,ქოქოსა, პუმბა,ჭეჭყე,ნოდო,ტაისონა,კოჭოია და ა.შ.
ciba
14:20 22-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული