საქართველო-ტონგა 9:23 - მწარე, თუმცა კარგი გაკვეთილი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
"2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის გაძლიერებულად ვემზადებით და ამაში ნოემბრის ტესტები ძალიან დაგვეხმარება.

დღევანდელი თამაშით უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. ასეთ ატმოსფეროში მოგება ორმაგად სასიამოვნოა. ჩვენ ინგლისში ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ", - აი, ასეთ იმედიან განწყობაზე დადგა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ტონგას ეროვნული გუნდის კაპიტანი ნილი ლატუ.

ეს სიტყვები მან ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე თქვა. იქამდე კი თავისიანებს ყოჩობდა და ყველაფერი იღონა "ბორჯღალოსნების" დასამარცხებლად.

არადა, მატჩის 66-ე წუთამდე ჩვენ ვიგებდით. მთელი ამ დროის განმავლობაში ძირითადად დაცვაში ვიდექით და, როგორც ჩანს, გუნდი მოიღალა, მძლავრ ზეწოლას ვეღარ
გაუძლო, ანაც არავინ აღმოჩნდა ისეთი, ბიჭებს რომ შეუძახებდა, მეორე სუნთქვას გაუხსნიდა. ასეთ დროს ეს აუცილებელია და ასე არაერთი მატჩი მოგვიგია. მაგალითისთვის შარშან სამოას ძლევაც კმარა.

ტონგა საკმაოდ ძლიერი გუნდია. "ბორჯღალოსნებთან" კი იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ველოდით.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დაცვა, დერეფანი, ხელდახელ ბურთაობა, მიყოლა, რაკში დროულად გადაყრა - ყველაფერი საათივით ჰქონდა აწიკწიკებული. ერთადერთი, რაშიც ვაჯობეთ, შერკინება იყო.

მართალია, ორჯერ თუ სამჯერ შერკინებისას არბიტრმა ჩვენც დაგვაჯარიმა, მაგრამ საერთო ჯამში, ამ კომპონენტში უპირატესობა გვქონდა.

ახლა სხვა დანარჩენზეა სამუშაო, სხვა დანარჩენია გამოსასწორებელი, რათა მომავალი წლის 19 სექტემბერს ინგლისურ გლოსტერში, მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

კარგი იყო, რომ ნოემბრის ტესტებზე მეტოქედ ტონგა გვერგო, მომავალ მოწინააღმდეგეზე ილუზორული წარმოდგენა აღარ გვექნება. იმედია, რეალურად შევხედავთ, შევაფასებთ და დასკვნებსაც სათანადოს გამოვიტანთ.

მატჩის დაწყებამდე, სანამ ჰიმნებს დაუკრავდნენ, მოედანზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოჩნდა. ის, როგორც რაგბიში მიღებული წესია, ორივე გუნდის მოთამაშეებს სათითაოდ მიესალმა და წარმატება უსურვა.
იხილეთ ვიდეო - გიორგი მარგველაშვილი საქართველო-ტონგას მატჩს დაესწრო
Sportall.Ge

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ტონგელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, თუმცა ჩვენი გუნდის კედელივით დაცვას წააწყდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ სტუმართა გუნდმა აქტივში პირველი სამი ქულა მხოლოდ 27-ე წუთზე ჩაიწერა. იქამდე კი ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" მე-12 წუთზე გახსნეს.

ჩვენი მორაგბეების პირველივე იერიში შედეგიანი გამოდგა. ტონგელებმა საქართველოს ნაკრების მიძალება წესის დარღვევით შეაჩერეს და ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0.

რამდენიმე წუთში მას კიდევ ერთხელ შეეძლო, ბურთი მეტოქის კარის ძელებს შორის გაეტარებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. როგორც უკვე ვთქვით, ტონგამ ანგარიში 27-ე წუთზე გაათანაბრა - 3:3. ტაიმის მიწურულს კი კვირიკაშვილმა მაინც შეძლო საჯარიმოს გატანა - 6:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მატჩის პირველ ნახევარში ჩვენს გუნდს რაიმე სერიოზული შეცდომა არ დაუშვია. მარცხის რეალური საფრთხე არც შესვენების შემდეგ განვლილ ოც წუთში ჩანდა. გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს და საქართველოს ნაკრები 66-ე წუთამდე 9:6-ს იგებდა.

61-ე წუთზე ტონგას ნაკრების მწვრთნელმა ცხრა ნომერი და მგეზავი ერთად შეცვალა. სწორედ თამაშში ჩართულმა ამ მორაგბეებმა შეძლეს გარდატეხის შეტანა. განსაკუთრებით კი ცხრა ნომერი ტანიელა მოა გამოირჩა, რომელმაც იმის გარდა, რომ მეტოქის შეტევები უფრო სწრაფი და მახვილგონივრული გახადა, "ბორჯღალოსნებს" ორი ლელო გაუტანა და მესამე ლელოშიც ლომის წილი დაიდო.

ერთი სიტყვით, მატჩის დასკვნით 15 წუთში საქართველოს ნაკრებმა მეტოქის შეტევებს ვეღარაფერი დაუპირისპირა და დასანანი მარცხი იწვნია.
იხილეთ მატჩის ვიდეომიმოხილვა
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"პირველი ტაიმი ჩვენთვის ძალიან კარგად დასრულდა. მეორე ნახევარში ცუდი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და არც სწრაფი თამაში გამოგვივიდა.

მატჩის მეორე ნახევარში მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისეთი მორაგბეები შეიყვანა, რომლებმაც თამაშში გარდატეხა შეიტანეს. პირველი ნახევრის საწყისი ოცი წუთის განმავლობაში მხოლოდ დაცვაში ვთამაშობდით. მეორე ტაიმში უფრო გახსნილი თამაში ვცადეთ, ბურთის მაქსიმალური შენარჩუნება გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

წაგების მთავარი მიზეზი სწორედ უბურთოდ თამაშია, რის გამოც ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. შესვენებაზე ბიჭებს სწორედ ბურთის შენარჩუნებაზე ზრუნვა ვთხოვე, მაგრამ დღეს ეს არ გამოვიდა. წნეხის ქვეშ ვიყავით და ბურთის მოშორებაზე უფრო გვიწევდა ფიქრი, ვიდრე მის შენარჩუნებაზე. მომდევნო შეხვედრა ირლანდიასთან გვაქვს. უნდა ვეცადოთ, შეცდომები გამოვასწოროთ. ყოველი შეხვედრის შემდეგ ვიზრდებით და ხარვეზებს ვამცირებთ. ასე უნდა იყოს ირლანდიაშიც.

ტონგასთან დაცვა და შერკინება ძალიან კარგი იყო, დერეფანი გასაუმჯობესებელია. რაც გამოსარჩევი და აღსანიშნავია, ჩვენი ნაკრები პირველიდან ბოლო წამამდე მთელი გულით თამაშობდა. ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდს, ჩვენც გვყავს გამორჩეული მორაგბეები და ახალგაზრდებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, რათა ისინიც საუკეთესოები გახდნენ.

ამ შეხვედრას და ანგარიშს ვივიწყებთ და ირლანდიასთან თამაშზე ვფიქრობთ. ბიჭებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება და იქ უნდა დაამტკიცონ, რა შეუძლიათ.

ტონგას ნაკრები ყოველთვის აგრესიულად თამაშობს. ამ გუნდში მოქნილი და სწრაფი მორაგბეები არიან და მსოფლიოს თასზეც მხოლოდ მოგებას ეცდებიან, მაგრამ იქ სულ სხვა თამაში გამოვა.

ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასზე ჩვენი ნაკრები სულ სხვა გუნდი იქნება".

მანა ოტაი, ტონგას ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სასიამოვნო დახვედრისა და კარგი თამაშისთვის.

კომპლიმენტებს ვერ დავიშურებ საქართველოს ნაკრების მიმართ, რადგან ჩვენ დიდი ხანი დაგვჭირდა საკუთარი თამაშის მოსაძებნად.

საქართველოს ნაკრებმა ძლიერი დაცვა ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ხარვეზები მაინც ვუპოვეთ. ვერ ვიტყვი, რომ წაგება თქვენი რომელიმე მორაგბის ბრალია. როდესაც ზეწოლას ზრდი, იქ სისუსტეებიც ჩნდება და როდესაც შენზე სამი კაცი მოდის, იქ ძნელი გასათვლელია, რომელი უნდა შებოჭო.
მებრძოლები ვართ და ვიცით, რომ ხალხს "სიპი ტაუზე" რეაქცია აქვს. ის პასუხი, რაც ქართველი გულშემატკივრისგან მივიღეთ, სასიამოვნო იყო. ვიცით, რომ ქართველები ტონგელებივით მებრძოლი ერია და სხვაგვარად ვერ იქნებოდა".

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"უწინარესად, ტონგას დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. წაგების მიზეზებზე მწვრთნელმა დაწვრილებით ისაუბრა. არ შეიძლება მეტოქეს სივრცე მისცე და მხოლოდ დაცვაში ითამაშო.

ტრავმების გამო გუნდის დანაკლისზე არაფერს ვიტყვი, თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა დღევანდელი წაგების გადამწყვეტი ფაქტორი. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. წაგებაში შეიძლება პოზიტივიც დავინახოთ.

ჩვენი მორაგბეების მოტივაცია გაიზარდა და მწამს, რომ მსოფლიოს თასზე ბიჭები გაათმაგებული ენერგიით იბრძოლებენ. პროგნოზს არასდროს ვაკეთებ, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ იქ ტონგას აუცილებლად დავამარცხებთ".

საქართველო-ტონგა 9:23
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, მაჩხანელი (თოდუა 72), კაჭარავა, შარიქაძე, მჭედლიძე, ხმალაძე (მალაღურაძე 74), ბეგაძე (ხუციშვილი 75). (1-8) ნარიაშვილი (ჟვანია 67), მამუკაშვილი (მაისურაძე 70), ქუბრიაშვილი (ჩილაჩავა 67), მიქაუტაძე (ნემსაძე 74), დათუნაშვილი, თხილაიშვილი, კოლელიშვილი, ჩხაიძე (ლომიძე 67).
3ს: კვირიკაშვილი.
სინბინი: თხილაიშვილი.
ტონგა (15-9) ლილო, ჰალაიფონუა, პიატაუ, პაეა (კატოა 62), ვაინიკოლო, მორათი (ფოსიტა 62), ტაკულულუა (მოა 61). (1-8) მაილაუ (ჰალანუკონუკა 54), ლუტუი (ტაიონე 70), პუაფისი (ფაჰანუნუ 54), ლოკოტუი, ტუჰინეაუ (ფაჰაოსი 77), კალამაფონი, ლატუ (თიპიული 77), მააფუ.
3ლ: მოა (2), ლილო. 2ს: მორათი. გ: ფოსიტა.
მსაჯი: პასკალ გოზერი (საფრანეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის
მკითხველის კომენტარები / 11 /
გლახუნა მართალია....ლელოს დადებაზე უნდა გვეთამაშა თავიდანვე და ჯარიმები კარში არ უნდა გვერტყა..აი როგორც ტონგა აკეთებდა მთელი თამაში...თუ წავაგებდით ღირსეულად წავაგებდით და გული არ დაგვწყდებოდა..
ქართველი
18:52 13-11-2014
0
სისულელებს ნუ წერთ და ენას ტყუილად ნუ ატყაჭუნებთ, თუ რამე გესმით რაგბზე დაწერეთ ტუ არა და შეიკეტეთ თქვენს ოთახებში და ფინიებივით ნუ ყეფთ რაგბისტებზე - გეყოთ რა ეს ყველაფერზე ყველაფრისმცოდნე ფილოსოფიური საუბრები რა - პოლიტიკის არ იყოს... ვაბშე რაგბი სპორტი გგონიათ?? ან სტატისტიკა თუ იცით ცნობილ გუნდებზე ....
Bryan Habana
16:19 11-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული