საქართველო-პორტუგალია 20:15 - რა იყო რუმინელი არბიტრის მისია? [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტოზე: მატჩში ერთადერთი ლელო დავით კაჭარავამ გაიტანა
"პირველი თამაში პორტუგალიელებს რუმინეთის ნაკრებთან ჰქონდათ. ეტყობა, მსაჯს უნდოდა ეჩვენებინა, რომ რუმინელებს ჩვენზე უკეთესი შერკინება ჰყავს. სხვანაირად ვერ ავხსნი მის ქმედებებს. რომ ვეკითხებოდი, რატომ იღებდა ის ასეთ გადაწყვეტილებებს, იცინოდა და არაფერს მპასუხობდა.

არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ აშკარა იყო, რომ რუმინელი მსაჯი პორტუგალიელებს ეხმარებოდა.

ჩვენი მეტოქის შერკინების ბურჯები საფრანგეთში ფედერალ 1 დივიზიონის გუნდებში თამაშობენ და იქ არიან მიჩვეულნი წესების დარღვევით თამაშს, რასაც მატჩის არბიტრი ვერ ამჩნევდა", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა.

რუმინელი მსაჯის, ვლად იორდაკესკუს (კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი) ქმედებები ბევრ სიტუაციაში გაუგებარი იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან თამაში გააფუჭა და ყველა ღონე იხმარა, რათა "ბორჯღალოსნებს" ისე არ მოეგოთ, რომ პრემიალური ქულა აეღოთ.

მატჩის შემდეგ მოწმე გავხდი, როგორ ედავებოდნენ რუმინელ არბიტრს ლამის ნახევარი საათის განმავლობაში საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელი დიდიე ბესი და ჩვენი ნაკრების ყოფილი თავკაცი რიჩი დიქსონი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ რუმინელი შერკინებისას მეტოქის მიერ წესის დარვევას ვერ ან განგებ არ ამჩნევდა, რის გამოც ჩვენი გუნდის უპირატესობა თამაშის ამ კომპონენტში თითქმის მთლიანად გაქარწყლდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

არადა, მატჩი შესანიშნავად დაიწყო და უკვე 57-ე წამზე "ბორჯღალოსნების" შუამარბმა დავით კაჭარავამ ლელო გაიტანა.

მეტოქის მიერ ფეხით დაკიდებული ბურთი მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ ათმეტრიან ხაზთან მიიღო და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე გარემარბ თამაზ მჭედლიძეს გადააწოდა. ამან ბურთის შენარჩუნებაზე სცადა თამაში. წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ ბურთი მარცხნივ დიმიტრი ბასილაიას გადააწოდა, რომელმაც რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და მოედნის ცენტრი გადალახა. ისევ რაკი და ბეგაძემ შეტევა ისევ მარცხენა ფრთაზე განავითარა. მან ბურთი მგეზავ ლაშა მალაღურაძეს გადააწოდა, რომელმაც იერიშში შუამარბი მერაბ შარიქაძე ჩართო. ამან ფულბეკ მერაბ კვირიკაშვილს ბურთი იმდენად დროულად გაატანა, რომ ერთბაშად სამი პორტუგალიელი მოსხეპა.

"მეკო" 22-მეტრიან ზონაში შეიჭრა და კიდევ უფრო მარცხნივ, კიდისკენ დავით კაჭარავა მოძებნა, რომელმაც ჩათვლის მოედანში შეაღწია. გარდასახვა კვირიკაშვილმა ვერ გამოიყენა - 5:0.

თითქმის ანალოგიური შეტევა ხელდახელ ბურთაობით ტაიმის შუაწელში კიდევ ერთხელ განვახორციელეთ, თუმცა ლელოში შესულმა ლაშა ლომიძემ ხელი გვერდით ხაზს მიღმა დადო და, ცხადია, ლელო არ ჩაითვალა. დაახლოებით იგივე განმეორდა მატჩის მეორე ნახევარში, ოღონდ ამჯერად ბურთით შეცვლაზე შესული შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი იყო, რომელიც მოგვიანებით დაშავდა და მოედნიდან სპეციალური საკაცეთი გაიყვანეს.

ლელოს გაშვების შემდეგ სტუმრები თითქოს გააქტიურდნენ, თან მსაჯიც ხელს უწყობდათ და მე-16 წუთისთვის ორი საჯარიმოს წყალობით ანგარიშში დაწინაურდნენ - 6:5.

ტაიმის ბოლომდე პორტუგალიელებმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანეს, რაზეც კვირიკაშვილმა სამი ზუსტი დარტყმით უპასუხა და შესვენებაზე ხუთქულიანი უპირატესობით წავედით - 14:9.

მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" მთლიანად შეცვლილი პირველი ხაზით დაიწყეს, თუმცა რუმინელი არბიტრის "სიბრმავეს" ამით არაფერი ეშველა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონაში ერთხელაც არ შესულან, რაიმე სალელოვე ხიფათზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

"ბორჯღალოსნების" ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა პორტუგალიელების კარში კიდევ ორჯერ დაარტყა ზუსტად. ამდენივე საჯარიმო მიითვალა "ლობუშების" ფულბეკმა პედრუ ავილამ - 20:15.

პორტუგალიელებმა რვა ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ერთი პრემიალური ქულა მიიღეს.

მატჩის შემდეგ:
მილტონ ჰეიგი: იმედგაცრუებული ვარ

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. II ტური
საქართველო-პორტუგალია 20:15
საქართველო (15-9): კვირიკაშვილი, მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, გიორგაძე (აფციაური 77), მალაღურაძე (ხმალაძე 50), ბეგაძე (ლობჟანიძე 61). (1-8) ასეიშვილი (ნარიაშვილი 41), ჟვანია (მამუკაშვილი 41, ჟვანია 77)), ჩილაჩავა (ზირაქაშვილი 41), ჩხაიძე (ნემსაძე 61), მიქაუტაძე, ბასილაია, სუთიაშვილი, ლომიძე (თხილაიშვილი 61).
ლ: კაჭარავა. 5ს: კვირიკაშვილი.
სინბინი: სუთიაშვილი, ჟვანია.
პორტუგალია (15-9): ავილა, მურტერია (პერეირა 53), ფ. აპლეტონი, ტ. აპლეტონი, ნორონია, კოშტა, მაგალიაეში. (1-8) ფერნანდეში, ტაჯერი, მარტინში (როშა 53), დუშ რეიში, ვილასა (ვასალუ 69), უვა, ბარდი, სოუზა.
5ს: ავილა.
სინბინი: როშა.
მსაჯი: ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)

გერმანია-რუსეთი 22:46
გერმანია: 3ლ - ბრენერი (3), 2გ,ს - ჰილსენბეკი.
რუსეთი: 7ლ - არტემევი (3), კურაშოვი (2), სელსკი, ვოლკოვი. 4გ - გაისინი (3), კუშნარიოვი. ს - კუშნარიოვი.

რუმინეთი-ესპანეთი 29:8
რუმინეთი: 5ლ - აპოსტოლი, ლუკაჩი, მაკოვეი, ურსაკე, სირბე. 2გ - კალაფეტეანუ, დუმბრავა.
ესპანეთი: ლ - როიტი. ს - სნი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. რუმინეთი 2 2 0 0 +48 2 10
2. საქართველო 2 2 0 0 +61 1 9
3. ესპანეთი 2 1 0 1 +5 1 5
4. რუსეთი 2 1 0 1 +1 1 5
5. პორტუგალია 2 0 0 2 -32 1 1
6. გერმანია 2 0 0 2 -80 0 0

III ტური
ესპანეთი-საქართველო, რუსეთი-რუმინეთი, პორტუგალია-გერმანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რუმინელებს უნდა მოვუგოთ ბინუსებით! ამის ღირსი არიან მაგ ლეღვის ფოთლები!
ერისკაცი
10:57 17-02-2015
0
მსაჯი მართლაც უსინდისოდ იქცეოდა, მაგრამ ჩვენებიც ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. იმედია მომავალში გამოვასწორებთ.
elguja
09:27 17-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული