ირაკლი მაჩხანელი: ახლა ჩემი გაცილების დრო არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, ირაკლი მაჩხანელის ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გააჟღერა.

ცხადია, ჩვენი კაპიტნის ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო. დღესდღეობით ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. მიღებული გადაწყვეტილებისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ ირაკლის "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ვეწვიეთ, სადაც "ბორჯღალოსნები" რუსეთის ეროვნულ გუნდთან სათამაშოდ ემზადებიან.

- სანაკრებო კარიერის დასრულება ნებისმიერი სპორტსმენისთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა. რა არის მიზეზი, რამაც ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი გათქმევინათ?
- უწინარესად, ასაკი.
34 წლის ვარ და ეს ცოტა არაა. მერე, ხშირი ტრავმებიც მქონდა. ამასთან ერთად, გამოჩნდნენ ახალგაზრდა მორაგბეები. მივიჩნიე, რომ მათ უნდა მიეცეთ თამაშისა და თავის გამოჩენის საშუალება.

ყველანაირი ხელშეწყობა მექნებოდა, რომ მსოფლიოს თასისთვის მოვმზადებულიყავი და მეთამაშა, მაგრამ ეს იქნებოდა მხოლოდ ჩემი პირადი ინტერესიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ დროა, ახალგაზრდებს დავუთმო ასპარეზი. მათ აუცილებლად უნდა ეთამაშათ ამჟამად მიმდინარე "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე", რათა სათანადო გამოცდილება მიიღონ და მსოფლიოს თასზე ღირსეულად იასპარეზონ. მიმაჩნია, რომ რაგბის და ზოგადად, ნაკრების განვითარებისთვის ასე იქნება უმჯობესი.

- ნუთუ ცდუნებამ არ გძლიათ? ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასი თქვენთვის მე-4 იქნებოდა. მსოფლიოში ბევრი არ არის ისეთი მორაგბე, ვისაც ოთხჯერ უთამაშია მსოფლოს რაგბის უდიდეს ფორუმზე. ქართველებს შორის ამის შანსი მხოლოდ მერაბ კვირიკაშვილსა და გიორგი ჩხაიძეს აქვთ...
- მაგაზე მეც მიფიქრია. ცხადია, კარგი იქნებოდა. საქმე მთლად ისეც არ არის, რომ თამაშს ვერ შევძლებდი. სამთვიანი მომზადების შემდეგ შესაძლოა კარგადაც მეთამაშა. მთავაზობდნენ, რომ ნაკრებში მატჩების გარკვეული რაოდენობა გამომეტოვებინა და აქცენტი მსოფლიოს თასისთვის მზადებაზე გამეკეთებინა, მაგრამ მე მაინც ასე გადავწყვიტე. უმჯობესია, ახალგაზრდებმა ითამაშონ, მოემზადონ და ქვეყნის ღირსება სათანადოდ დაიცვან.

- ახლა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხართ. როგორ ეგუებით ახალ ამპლუას?
- ძალიან შემიწყვეს ხელი ბიჭებმა. მწვრთნელობა ადვილი არ არის. მწვრთნელთა შტაბმაც კარგად მიმიღო. მორაგბეებთან, რომელთა გვერდითაც სულ ცოტა ხნის წინათ ვთამაშობდი, ახლა სულ სხვა მიდგომა მაქვს. ისინიც რესპექტაბელურად მექცევიან. ეს ყოველივე, ალბათ, იმიტომ, რომ დიდი ხანია ამ ოჯახის წევრი ვარ.

- თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ნაკრების ერთი რიგითი წევრი იყავით, მერე კაპიტანი გახდით, ახლა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხართ. რით განსხვავდება თქვენი კარიერის ეს ეტაპები ერთმანეთისგან?
- გუნდის რიგით მოთამაშესა და კაპიტანს შორის ძალიან დიდი განსხვავება ყოფილა. როცა კაპიტანი გავხდი, ყველაფერი შეიცვალა, ფსიქოლოგია, თამაშის სტილი, საქმისადმი დამოკიდებულება, ყველაფერი სხვანაირი გახდა.

ყველა წარუმატებლობაზე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო.

ახლა, მწვრთნელის ამპლუაში, ცხადია, პირდაპირ ჩემზე არ მოდის დარტყმა, რადგან მთავარი მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ყოველივეს მაინც ძალიან განვიცდი. ეს პროცესი იმდენად საინტერესოა, ისეთი ემოციები მოაქვს, რომ ყველაფრად გიღირს ადამიანს. ეს არის ცხოვრებაში საუკეთესო ვარიანტი, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს.

- არსებობდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ნაკრებთან მატჩში თქვენი გაცილება მოეწყობოდა...
- არა, გადაწყვეტილება ცალსახად მე მივიღე. გაცილების მოწყობის დრო არ არის, იმდენი ახალი მოთამაშეა სანახავი და საქმეში გამოსაცდელი. არ არის გაცილების მოწყობა საჭირო. მსოფლიოს რაგბიში დიდი მოთამაშეები მოდიან და უხმაუროდ მიდიან, არავინ გაცილებას არ უწყობს. აგერ, თანამედროვეობის ცოცხალი ლეგენდა ჯონი ვილკინსონი წავიდა რაგბიდან და არავის გაუცილებია.

- ცოტა მკაცრად ხომ არ ეპყრობით საკუთარ თავს?
- შესაძლოა, მაგრამ, ვფიქრობ, საქმისთვის ასე ჯობია.

- ამჟამად ჩვენი ეროვნული გუნდი რუსეთის ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება. იმედი გვაქვს, მეტოქეს, ტრადიციულად, დავამარცხებთ...
- ჩვენც ვფიქრობთ, რომ მოვიგებთ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. ვნახეთ რუმინეთის ნაკრებთან თამაშის ვიდეოანალიზი. დავინახეთ რუსების ხასიათი, ის, რომ რაგბის თამაში შეუძლიათ. მათ ჩვენი კომპლექსი აქვთ და ერთ დღეს, ადვილი შესაძლებელია, ეს კომპლექსი დაძლიონ.

რუსებმა რუმინელებს ან ფრანგებს რომ მოუგონ, ამას იმხელა აჟიოტაჟი არ მოჰყვება, რამხელაც ჩვენთან გამარჯვებას შეიძლება მოჰყვეს. ეს ყველა ჩვენს მორაგბეს კარგად ესმის, ყველა პირადულს გვერდზე დებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა გუნდმა წარმატებულად ითამაშოს.

- გაცხადებული იყო, რომ წლეულს ნაკრების ყველა მატჩი მსოფლიოს თასისთვის სამზადისი იქნება...
- აბსოლუტურად ყველა თამაში მსოფლიოს თასისთვის მზადებისთვის გამოიყენება, რათა იქ ტონგას ნაკრები დავამარცხოთ. მსოფლიოს თასზე პირველად 2003 წელს ვითამაშეთ. მაშინ ყველა თამაში წავაგეთ, მაგრამ, რადგან ეს ჩვენთვის ახალი ხილი იყო, კრიტიკა არ მოჰყოლია.

მერე 2007 წელს ვფიქრობდით, რომ ერთი თამაში მაინც უნდა მოვიგოთ და შევძელით კიდეც. იგივე ვითარება იყო 2011 წელსაც. ახლა, ჩვენთვის მეოთხე მსოფლიოს თასზე, ჩვენც და გულშემატკივრებიც ორი თამაშის მოგებას ვგეგმავთ.

ეს ადვილი არ იქნება. ტონგას რომ ჰკითხო, საქართველომ მას ვერ უნდა მოუგოს. ეს ქვეყანა დიდი სარაგბო ტრადიციების მატარებელია. ტონგელი მორაგბეები მაღალი დონის კლუბებში ასპარეზობენ, ტანა უმაგა და ჯონა ლომუ წარმოშობით ტონგელები არიან და ჩვენ, შესაძლოა, კონკურენტად არც მივაჩნივართ.

მორაგბე რომ ვიყავი, ვერ ვამჩნევდი. ახლა მწვრთნელის გადასახედიდან რომ ვუყურებ, ვხედავ, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ბიჭებისთვის. მათ ყველაფერი პირადული გვერდზე აქვთ გადადებული და მაქსიმალურად იხარჯებიან, რათა ხალხს იმედი არ გაუცრუონ. იბრძოლებენ, რათა ქომაგები გაახარონ.

დოსიე
ირაკლი მაჩხანელი
დაიბადა: 18.08.1981
სიმაღლე: 185 სმ
წონა: 100 კგ
პოზიცია: გარემარბი
პირველი გუნდი: თბილისის "აკადემია"
თამაშობდა: "ბეზიე", "მონ დე მარსანი", "აჟენი", "სენტ ეტიენი", "მაკონი".
მსოფლიოს თასი: 2003, 2007, 2011 წლები
მოიხვეჭა: 72 კეპი
ქულა: 120 (24 ლელო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნებში" რუსეთთან მატჩის წინ ერთბაშად რვა ცვლილებაა [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა ირაკლი ღირსეული ქართველი ხარ.ესაა საქმისადმი კაცური მიდგომა,რაც აუცილებლად დიდ წარმატებას მოგვიტანს მსოფლიო ჩემპიონატზე.
beso
19:43 17-03-2015
0
გაიხარე!!!
ვაჟა
20:18 15-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული