საქართველოს VS რუსეთი - ის, რაც "დათვებს" ჯერ არ უნახავთ

AutoSharing Option
დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს I არხი განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

"ბორჯღალოსნები" რუს "დათვებს" ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მე-19-ჯერ დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ 18 მატჩიდან 16-ში გამარჯვება ქართველ მორაგბეებს დარჩათ, ერთხელ რუსებმა მოიგეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

თამაშამდე 24 საათით ადრე გუნდებმა კაპიტნის ვარჯიში, კაპიტნებმა და მთავარმა მწვრთნელებმა კი პრესკონფერენცია გამართეს.

Sportall.Ge

ალექსანდრ პერვუხინი, რუსეთის ნაკრების მთავარი
მწვრთნელი:
"რატომ გგონიათ, რომ საქართველოში წასაგებად ჩამოვიდოდით? დიახ, თქვენთან თამაშის ცუდი ტრადიცია გვაქვს, 2002 წლის შემდეგ სულ ვაგებთ და ეს ოპტიმიზმს არ გვმატებს, მაგრამ ვეცდებით ღირსეულად ვითამაშოთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

მე არ ვიცი რას შეპირდნენ ქართველებს ჩვენთან მოგებისთვის, მაგრამ აეროპორტიდანვე იგრძნობა რაგბისადმი დამოკიდებულება. ჩემი ბიჭების 99 პროცენტს, ერთად შეკრებილი 30 ათასი ქომაგი არასდროს უნახავს და თუნდაც ეს მოწინააღმდეგის გულშემატკივარი იყოს, ამხელა აუდიტორიის წინაშე თამაში უდიდესი სტიმულია.

მინდა გითხრათ, რომ თქვენი კეთილი შურით მშურს. გისურვებთ წარმატებას მსოფლიო თასზე!

შემადგენლობის შერჩევისას შეზღუდული ვიყავით და ამის ორი ძირითადი მიზეზი გვქონდა. თქვენ სექტემბერში გასამართი მსოფლიო თასისთვის ემზადებით, ჩვენ გვსურს, რომ ოთხი წლის შემდეგ, იაპონიაში თქვენთან ერთად გავემგზავროთ და ამისათვის ახალი გუნდის მშენებლობას ვიწყებთ. ამიტომ, აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდება და ვეტერანთა ნაწილზე უარი ვთქვით.

არის ტრავმებიც, რომელსაც სპორტში თავს ვერ აარიდებ და კიდევ 7-კაცა ნაკრები. რუსეთის 7-კაცა გუნდში 7 ისეთი მორაგბეა გამოძახებული, რომელთა აყვანა ჩვენც გვსურდა, მაგრამ ამჟამად 7-კაცას დავუთმეთ.

ძმები ცნობილაძეები სწორედ ახალი გუნდის შენების პროცესს "შეეწირნენ" და აქ სხვა რამ არაფერ შუაშია. თავად განსაჯეთ, ერთი ძმა 32 წლისაა, მეორე 34-ის და რატომ ავაწყოთ გუნდის თამაში ისეთ მორაგბეზე, რომელიც შემდეგ ციკლში გარანტირებულად ვერ დაგვეხმარება?

მათ რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთანავე განაცხადეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებდნენ და მთელი 4 წლის განმავლობაში ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ

საქართველოსთან მატჩში ბევრი რამ გამოჩნდება, განსაკუთრებით სტატიკაში. რუმინეთის და საქართველოს დარ გუნდებთან თამაშისას, საქმე ყოველთვის აქამდე მიდის. თუ ვერ გავუძელით და ყოველი შერკინებისას 10 მეტრით უკან დავიხიეთ, ეს დანარჩენებსაც გადაედებათ და არაფერი გამოვა. გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდება. ამის შემდეგ ვინმეს განსაკუთრებული ბოჭვები მოსთხოვო, უბრალოდ უაზრობაა.

მოთამაშეებს ნებისმიერ დროს ექნებათ იმის ფიქრი, რომ ახლა მოვლენ მორკინალები და გადაგვივლიან. ამის შემდეგ დაცვაში წარმატებული თამაში უბრალოდ შეუძლებელია.

განვლილ თამაშებში საქართველოს ნაკრებს თამაში არ წაუვიდა, მაგრამ გერმანიასთან შერკინებამ ორი ტექნიკური ლელო აიღო".

საქართველოს ნაკრებს და მის მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს სტადიონზე მისვლა დაუგვიანდა, რის გამოც პრესკონფერენციის დაწყება დაგვიანდა და გუნდი გრაფიკს რომ არ ჩამორჩენოდა, ის შეკვეცილად ჩატარდა.

მილტონ ჰეიგი: "გვსურს, რომ მსოფლიო თასის წინ ახალგაზრდა მოთამაშეების შესაძლებლობები მოედანზე ვნახოთ. ამის დრო მერე აღარ გვექნება და ამიტომაც ვანდეთ ახალგაზრდებს ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.

ჩვენ მათ ვენდეთ, მივეცით შანსი და ახლა უნდა დაგვანახონ რა შეუძლიათ.

რუსეთის ნაკრები წინა წლებთან შედარებით გაძლიერებულია. მათ შერკინებაში დიდი ბიჭები, ხოლო უკანა ხაზში სწრაფი მოთამაშეები ყავთ".

ჰეიგისგან მეტოქის შერკინებაზე ტკბილი სიტყვის თქმამ პერვუხინი ისე აღაფრთოვანა, რომ თავი ვერ შეიკავა და ზელანდიელს მადლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა.

Sportall.Ge

რადგან საქართველოს ნაკრების ვარჯიში უკვე დაწყებული იყო და დრო აღარ რჩებოდა, სიტყვა ჩვენი გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა აიღო:

"მეტოქის თამაში შევისწავლეთ. ჩვენი მიზანი რაღა თქმა უნდა მეტოქის დამარცხებაა და ამასთან, საქმეში ახალი ბიჭებიც უნდა გამოიცადონ.

მთელი 4 წელიწადია თამაშის გარკვეულ სისტემაზე ვმუშაობთ და წინასწარ იმაზე საუბარი, რა სხვაობით გავიმარჯვებთ, შეუძლებელია. უბრალოდ, ჩვენ მოედანზე კარგად უნდა შევასრულოთ დასახული ამოცანები და ამან შედეგი მოიტანოს".

საქართველო:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი. 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. სიმონ მაისურაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კონტანტინე მიქაუტაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. მურაზ გიორგაძე.

რუსეთი:
15. ვასილი არტემევი, 14. მიხაილ ბაბაევი, 13. დიმიტრი გერასიმოვი, 12. ვლადიმირ უდენკო, 11. იგორ კურაშოვი, 10. რამილ გაისინი, 9. ალექსეი შერბანი. 1. სერგეი ნოვოსელოვი, 2. სტანისლავ სელსკი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. ანდრეი გარბუზოვი, 5. ანდრეი ოსტრიკოვი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. პაველ ბუტენკო, 8. ვიქოტორ გრესევი.
16. ვლადისლავ კორშუნოვი, 17. სენრეი სეკისოვი, 18. ანდრეი იგრეცოვი, 19. არტიომ ფატახოვი, 20. ნიკოლაი სერკოვი, 21. რუშან იაგუდინი, 22. იური კუშნარიოვი, 23. ანდრეი ოტროკოვი.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. IV ტური
14 მარტი
საქართველო-რუსეთი, პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-რუმინეთი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +74 1 13
2. რუმინეთი 3 2 0 1 +45 3 11
3. რუსეთი 3 1 0 2 +4 1 9
4. ესპანეთი 3 1 0 2 -11 1 5
5. პორტუგალია 3 1 0 2 -24 1 5
6. გერმანია 3 0 0 3 -88 0 0
მკითხველის კომენტარები / 4 /
რამდენი დღეა რაც ეს საიტები სისულელეს და ტყუილს წერენ, რომ ყველა ბილეთი გაყიდულიაო. ნახეთ ლოკომოტივის სტადიონთან ბილეთების დასტებით ხელში გადამყიდველები, 3 ლარტიან ბილეთს, რომ 10 ლარად ყიდიან და თან არც არავის ერიდებიან. რატომ არაფერს ამბობს ამაზე ფედერაცია და სტადიონის დირექცია? დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბარიგები მოლარეებთან და სტადიონის სხვა თანამდებობის პირებთან იქნებიან გარიგებულნი, თორემ ასე აშკარად არ შემოგთავაზებდნენ ბილეთებს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბილეთების დასტა ნისიად აქვთ აღებული ამ ბარიგებს, რადგან საეჭვოა, რომ მათ ასეულობით ბილეთი შეეძინათ და მერე ეფიქრათ მოგებაზე. სამწუხაროა, რომ საიტები მხარს უბამენ და ხმამაღლა აცხადებენ, რომ ბილეთები გაყიდულია. რომელიმე ჟურნალისტს მაინც ეფიქრა, თუ რა ხდებოდა ამ რეებში ლოკომოტივთან?!
ynwa
11:02 14-03-2015
0
ჩვენმა ნაკრებმა ფეხბურთში ნერვოზი ამკიდა და ეხლა მანდრაჟში ვარ,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მორაგბეები ლომებია:)):)):00
თაზო
12:53 14-03-2015
0

სიახლეები პოპულარული