worldrugby.org: მსოფლიომდე დაძაბული პაექრობა "თბილისის თასზე" გველის

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი "თბილისის თასი 2015"-ის შესახებ worldrugby.org-ის სტატიას აქვეყნებს:

* * *
საქართველოსა და ურუგვაის ეროვნულ, ირლანდიისა და იტალიის მზარდ მოთამაშეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, ბიძგი მისცენ მსოფლიო თასისთვის გუნდში მოხვედრის სელექციურ პროცესს - მათ წინაშე 2015 წლის "თბილისის თასია".

თბილისში, ავჭალის სტადიონზე ერთმანეთს 4 გუნდი ერკინება. ტურნირი კი, ტრადიციულად, სამ სათამაშო დღეს გაიმართება: 13, 17 და 21 ივნისს.

მსოფლიო რაგბის ეგიდით ორგანიზებული "თბილისის თასი" დიდ როლს თამაშობს მონაწილე ქვეყნების სანაკრებო განვითარებაში. საქართველოში რაგბის განვითარება მართლაც მზარდი ტემპით
მიმდინარეობს. 2015 წლის მსოფლიო თასიც ახლოვდება, ეს ტურნირი კი გუნდებსა და მწვრთნელებს საკმაოდ კონკურენტული შესარჩევი განრიგის გადახედვის საშუალებას მისცემს.

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე, ბერნარდ ლაპასე აცხადებს: "საქართველოსთვის ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც ურუგვაი, მზარდი ირლანდია და მზარდი იტალიაა, პროგრესის საერთაშორისო დონეზე გამოსაცდელად, მართლაც, კარგ საშუალებას წარმოადგენს - "თბილისის თასის" მასპინძლობა კი ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველო და ურუგვაი სამსოფლიოდ ჯერ კიდევ ნაკრების საბოლოო შემადგენლობის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რის გამოც ეს მატჩები მოთამაშეებისთვის მართლაც დაძაბული გამოცდა იქნება.

ირლანდიისა და იტალიის მზარდ მოთამაშეებს სანაკრებო სელექციაში მოსახვედრად თავის გამოჩენის არანაკლები შანსი ეძლევათ, რათა სექტემბერში ინგლისში გაემგზავრონ, სადაც საკუთარ უნარ-ჩვევებს ყველაზე დიდ სარაგბო ფორუმზე წარმოაჩენენ".

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე: "ჩვენ უკვე ზედიზედ მესამედ ვმასპინძლობთ "თბილისის თასს", რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ტურნირს წარმოადგენს, რადგან საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშით ჩვენი ეროვნული ნაკრების უახლოესი რეზერვის დონის შეფასების საშუალება გვეძლევა.

დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები იხილავენ უშეღავათო ბრძოლას და ძალიან საინტერესო მატჩებს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო "მსოფლიო რაგბის" ამ მშვენიერი შესაძლებლობისთვის. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ მონაწილე გუნდების ხელშეწყობისთვის, რათა გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს ეს ტურნირი დაამახსოვრდეთ არა მხოლოდ სანახაობრივი და დაძაბული თამაშებით, არამედ ასევე, ქართული ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობით".

თბილისის თასი 2015. მატჩების განრიგი
(ადგილობრივი დროით)
შაბათი, 13 ივნისი
17:00 - მზარდი იტალია - მზარდი ირლანდია
19:00 - საქართველო - ურუგვაი

ოთხშაბათი, 17 ივნისი
17:00 - ურუგვაი - მზარდი ირლანდია
19:00 - საქართველო - მზარდი იტალია

კვირა, 21 ივნისი
17:00 - ურუგვაი - მზარდი იტალია
19:00 - საქართველო - მზარდი ირლანდია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული