"ბორჯღალოსნების" შეხვედრების მსაჯები მსოფლიოს თასზე ცნობილია

AutoSharing Option
ფოტოზე: იაკო პეიპერი

რაგბიში მსოფლიო თასამდე 79 დღით ადრე, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა ჯგუფური ეტაპის მსაჯების და თანამსაჯების ვინაობა დაასახელა.

რაგბიში მსაჯების როლი დიდია და მწვრთნელების სათამაშო ტაქტიკის შერჩევისას ხშირად მსაჯთა შემადგენლობასაც ითვალისწინებენ. 18 სექტემბერს, ტურნირის გახსნით შეხვედრას ინგლისისა და ფიჯის ნაკრებებს შორის, სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერი უმსაჯებს.

საქართველოსა და ტონგას შეხვედრას, რომელიც 19 სექტემბერს გლოსთერში გაიმართება, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეფერი, უელსელი ნაიჯელ ოუენსი მოემსახურება. მას ასევე უელსელი ლეითონ ჰოჯისი
და ახალ ზელანდიელი ქრის პოლოქი დაეხმარებიან.

25 სექტემბერს საქართველოსა და არგენტინის შეხვედრას ინგლისელი ჯეი-პი დოილი გაუძღვება, რომელმაც 2014 წელს საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული ტესტ-მატჩი იმსაჯა. მას კიდეებიდან ზემოთნახსენები ნაიჯელ ოუენსი და სამხრეთ აფრიკელი სთიუართ ბერი დაეხმარებიან.

2 ოქტომბერს "ბორჯღალოსნები" კარდიფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას შეხვდებიან.

რეფერი ფრანგი პასკალ გოზერი იქნება, რომელმაც 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში საქართველოსა და ტონგას შეხვედრა განსაჯა. მისი ასისტენტები ავსტრალიელი ანგუს გარდნერი და ფრანგი მატიო რეინალი არიან. ამ უკანასკნელმა ახლახანს თბილისის თასზე საქართველოსა და "მზარდი ირლანდიის" შეხვედრა იმსაჯა.

და ბოლოს, 7 ოქტომბერს, ექსეტერში, საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებების შეხვედრის მთავარი მსაჯი ირლანდიელი ჯორჯ ქლენზი იქნება, რომელსაც ქართველთა მატჩი ორჯერ განუსჯია. ოთხი წლის წინ, მსოფლიო თასზე, ის "ბორჯღალოსნების" შოტლანდიასთან მატჩს მსაჯობდა, ხოლო 2013 წელს სან ხუანში არგენტინისა და საქართველოს ნაკრებების ტესტ-მატჩს მოემსახურა. მისი პირველი ასისტენტი ფრანგი რომენ პუატი იქნება, რომლის მსაჯობითაც ქართველებმა ტესტ-მატჩებში სამოასა და იაპონიის ნაკრებები დაამარცხეს. მეორე თანამსაჯი სამხრეთ აფრიკელი სთიუართ ბერი.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული