"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: ჩვენი თანამგზავრნი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ინგლისში, მეორე მატჩს 25 სექტემბერს გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" არგენტინის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

"პუმები" მსოფლიოს რაგბის ელიტაში დიდი ხანი არაა, რაც შევიდნენ. მათი ყველაზე დიდი მიღწევა 2007 წლით თარიღდება. არგენტინელებმა მაშინ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მასპინძელი ფრანგები ორჯერ დაამარცხეს და მესამე ადგილი დაიკავეს.

ეს იმ დროისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. თუმცა, ის თაობა, რომელმაც არგენტინული რაგბის ეს ოქროს ისტორია შექმნა, აღნიშნული წარმატებისკენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად მიდიოდა.

იმ თაობიდან დღესდღეობით არგენტინელთა გუნდში აღარავინაა. თუმცა, თაობათა ცვლა გუნდს ოდნავაც არ დასტყობია.
"პუმების" უმრავლესობა, ისე როგორც აქამდე, ევროპის წამყვან სარაგბო კლუბებში ასპარეზობს ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში. ისინი ყველგან წამყვან პოზიციებზე არიან.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ელიტისკენ სავალ გზაზე ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ერთგვარ "თანამგზავრად" იქცა. "პუმები" ჩვენი მეტოქეები მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ არიან.

2007 წელს საფრანგეთში არგენტინის ნაკრებთან 3:33 წავაგეთ. ოთხი წლის შემდეგ კი ახალ ზელანდიაში 7:25 დავთმეთ. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, შესვენების შემდეგ არგენტინელებმა, რომლებსაც მოტივაციაც მეტი ჰქონდათ, ცხადია, მსაჯის დახმარებითაც, იძალეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.

მატჩის შემდეგ, ირლანდიელ არბიტრს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მუქარანარევი ტონით ელაპარაკებოდა. ცხადია, მათი საუბარი მე არავინ მომასმენინა, თუმცა ცხადი იყო, რიჩი რეფერის გარჯით კმაყოფილი ვერ იქნებოდა.

ერთი სიტყვით, არგენტინის ნაკრები ჩვენი მორაგბეებისთვის უცხო არ არის. აქვე შეიძლება გავიხსენოთ ისიც, რომ 2009 წელს, ქართული რაგბის 50 წლის იუბილეზე, სწორედ არგენტინის A ნაკრები გვსტუმრობდა, რომლის შემადგენლობაშიც, ეროვნული გუნდის საკმაოდ ბევრი მომავალი წევრი გაისარჯა.

არგენტინის რაგბის კავშირმა "ბორჯღალოსნები" იქით, არგენტინაში მიიპატიჟა და შესანიშნავი ტესტიც შედგა. "პუმებთან" სტუმრად ისევ წავაგეთ, ოღონდ ისევ მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ. ისე გამოდის, რომ არგენტინა ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენი ნაკრების ზრდას, განვითარებას ხელს უწყობს.

არგენტინის ნაკრების ძლიერი მხარე ყოველთვის მძლავრი შერკინება იყო, რომელიც დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. თუმცა, "პუმები" არც უკანახაზელების სისუსტეს უჩიოდნენ ოდესმე. ფელიპე კონტეპომის და ხუან მარტინ ერნანდესს მსოფლიოს რაგბის თანავარსკვლავედში ღირსეული ადგილი უჭირავთ. კონტეპომი სამ წელიწადზე მეტია, აღარ თამაშობს. ისე, ვერც ერნანდესი ბრწყინავს ძველებურად, მაგრამ უდიდესი გამოცდილებისა და ფეხით თამაშის შესანიშნავი უნარის გამო, ის ნებისმიერი გუნდისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინათ, სარაგბო ვებგვერდმა www.scrum.com-მა ათი სავარაუდოდ ყველაზე საინტერესო წყვილის დაპირისპირება დაასახელა მომავალ მსოფლიოს თასზე. ათეულში საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების მატჩიც მოხვდა. ამ საიტის სპეციალისტებს, ცხადია, ქომაგებსაც, ძალიან აინტერესებთ, რომელი გუნდის შერკინება აღმოჩნდება უფრო ძლიერი. არგენტინელების არ იყოს, ჩვენს შერკინებასაც ძალიან შორს გაუვარდა სახელი და მას თითქმის ყველა უფრთხის.

25 სექტემბერს, თითქმის ყველა თანხმდება, რომ ის გუნდი მოიგებს, ვინც შერკინებაში უკეთ გაირჯება.

"პირველ მატჩში ტონგასთან თუ მოვიგეთ, არავინ იცის არგენტინის ნაკრებთან მომდევნო მატჩში რა მოხდება. ჩვენ სათამაშოდ თავისუფლად, ყოველგვარი ფსიქოლოგიური ტვირთის გარეშე გავალთ. არგენტინელები კი, რომლებსაც ახალ ზელანდიასთან უმძიმესი მატჩი უკვე გადატანილი ექნებათ, ცოტა დაძაბულები იქნებიან. მერე, ჩვენი მორაგბეები მათ ძალიან კარგად იცნობენ. ასე, რომ გამორიცხული არაფერია" - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა.

ცოტა რამ ისტორიიდან
რაგბის ოვალური ბურთი არგენტინაში პირველად 1873 წელს გაგორდა. ეს თამაში იქ ბრიტანელმა ემიგრანტებმა შეიტანეს. 1899 წელს ბუენოს აირესის ოთხი სარაგბო გუნდის თაოსნობით შეიქმნა არგენტინის რაგბის კავშირი. პირველი საერთაშორისო მატჩი კი არგენტინის ნაკრებმა 1910 წელს ოქსფორდელ სტუდენტებთან გამართა და 3:28 დამარცხდა.

ყველაზე დიდი ანგარიშით "პუმებმა" 2002 წელს პარაგვაის ეროვნული გუნდი დაამარცხეს - 152:0. ყველაზე დიდი სხვაობით კი 1997 წელს ახალ ზელანდიასთან წააგეს - 8:93.

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადმა მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად 38-კაციანი სია გააცხადა, რომელთაგან 31 საუკეთესოს შეარჩევს.

არგენტინის ნაკრები:ორასიო აგუჯა, ლისანდრო შასალი, მატიას ალემანო, გაბრიელ ასკარატე, მარკოს აიერსა, როდრიგო ბაესი, მარსელო ბოსხი, სანტიაგო კორდიერო, მატიას კორტესი, ავგუსტინ კრევი, ტომას კუბელი, ხერონიმო დე ლა ფუენტე, მატიას დიასი, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, ლუკას ამოროსინო, სანტიაგო გონსალესი, ხუან კრუსი, ხუან მარტინ ერნანდესი, რამირო ერერა, სანტიაგო იგლესიასი, ხუან იმოფი, ფაკუნდო ისა, მარტინ ლანდახო, ტომას ლავანინი, ხუან მანუელ ლეგუსამონი, ტომას ლესანა, პაბლო მატერა, მანუელ მონტერო, მატიას მორინი, ლუკას პასი, ხავიერ ორტეგა, გვიდო პეტი, ლუკას პონგე, ბრუნო პოსტილიონი, ნიკოლას სანჩესი, ლეონარდო სენატორე, ნონელ ტეტასი, ხოაკიმ ტუკულე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: უძლეველი "ოლ ბლექსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული