შეხვედრა უჩვეულოდ ადრე, ადგილობრივი დროით 12 საათზე გლოსტერის "კინგსჰოლმზე" გაიმართება. ეს მატჩი მსოფლიოს უდიდესი ფორუმის კალენდარში მეორე ნომრითაა. ანუ გახსნის მატჩის შემდეგ, რომელიც ინგლისისა და ფიჯის ნაკრებებს შორის გაიმართება, პირველი დაპირისპირება მეტოქესთან სწორედ ჩვენს ნაკრებს უწევს.
ტონგას ნაკრები ის გუნდია, რომელთან ერთ-ერთ მატჩში გამარჯვებასაც მილტონ ჰეიგი და მისი სამწყსო გეგმავს. თუმცა, საკმაოდ ბევრი პესიმისტი, შესაძლოა, საკმაოდ საფუძვლიანად სვამს კითხვას - რის ხარჯზე უნდა მოუგოს საქართველოს
ცხადია, ამ კითხვას აქვს არსებობის უფლება, მით უფრო, რომ ტონგას მართლაც დიდი სარაგბო ტრადიცია აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, ახალზელანდიელი გარემარბი ჯონა ლომუ წარმოშობით სწორედ ტონგადანაა...
ახლა მოდით, ჰეიგის არგუმენტები მოვიშველიოთ, რათა დავრწმუნდეთ, შეიძლება თუ არა ტონგასთან მოგების დაგეგმვა. როცა მსოფლიოს თასზე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეების ვინაობა გაირკვა, მილტონმა თქვა:
"როგორც ახალზელანდიელს, საფუძვლიანი ამბიცია მაქვს, რომ ჩემმა გაწვრთნილმა ნაკრებმა ტონგას სძლიოს".
ცხადია, ეს ერთადერთი არგუმენტი არაა. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა საკმაოდ დიდი დრო დახარჯა და ბევრი იმუშავა საიმისოდ, რათა "ბორჯღალოსნების" თამაშის ხელწერა შეეცვალა და მხოლოდ აიღე-მიეძალეს გარდა, ხელდახელ ებურთავათ. მეტ-ნაკლებად ეს ჩვენს გუნდს უკვე გამოსდის. მთავარია, რომ შეიცვალა თამაშის სტრატეგიული აღქმის ხელწერა.
მორკინალების დარტყმები და უკანახაზელების მიერ თამაშის გაშლა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ ნაკრებზე უკეთ ახალგაზრდულს გამოსდის და სწორედ ამიტომ გამორიცხული არ არის, ინგლისში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მორაგბე ვიხილოთ.
ტონგას ნაკრებს გასული წლის ნოემბერში თბილისში ტესტ-მატჩში დავუპირისპირდით. 65-ე წუთამდე მეტოქეს ვუგებდით, თუმცა ბოლოს მაინც სტუმრებმა იძალეს და 23:9 მოგვიგეს. ეს მატჩი არ ყოფილა პირველი ჩვენი გუნდების ურთიერთშეხვედრების ნუსხაში.
ტონგას ნაკრებს პირველად 1999 წლის მსოფლიოს თასის რეპეშაჟში გადავეყარეთ. სტუმრად მარცხის (6:37) შემდეგ, თბილისში მეტოქეს 28:27 მოვუგეთ.
ტონგას ეროვნულ გუნდს უცნაური გუნდის იმიჯი აქვს, რომელიც ამ ქვეყნის მცხოვრებლების, შესაბამისად, მორაგბეების ხასიათიდან გამომდინარეობს. ტონგელებს შეუძლიათ ძალიან ძლიერი მეტოქე დაამარცხონ, თუმცა მომდევნო მატჩში თავისზე სუსტთან დამარცხდნენ. ასე იყო მსოფლიოს თასის ბოლო გათამაშებაში, 2011 წელს, რომელიც ახალ ზელანდიაში გაიმართა. ტონგას ნაკრებმა ჯგუფურ ტურნირში მომავალი ფინალისტი, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა, თუმცა მერე კანადის ნაკრებთან წააგო.
ცხადია, ტონგას ხასიათზე დამოკიდებულნი ვერ ვიქნებით. ქართველ ქომაგებს იმედი აქვთ, რომ "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასისთვის სათანადოდ მოემზადებიან.
ყოველ შემთხვევაში, მილტონ ჰეიგი გვპირდება, რომ: "ინგლისში გუნდი ისე კარგად მომზადებული გაემგზავრება, როგორც არასდროს ყოფილა".
ჩვენი უპირატესობა, ალბათ, მაინც შერკინებაში უნდა აისახოს. მორკინალებმა თუ მეტოქეს ღონეში აჯობეს და თამაშის სადავეების ხელში აღება შეძლეს, აქამდე თითქოს შეუძლებელის მიღწევა სრულიად რეალური გახდება.
ცოტა რამ ისტორიიდან
რაგბი ტონგაში მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანელმა მეზღვაურებმა და მისიონერებმა შეიტანეს. ამ ქვეყნის რაგბის კავშირი კი 1923 წელს შეიქმნა. პირველი ოფიციალური შეხვედრა ნაკრებმა მომდევნო წელს ფიჯისთან გამართა და 9:6 დაამარცხა. ტონგასა და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირება ასე დიდხანს გაგრძელდა. როგორც იმდროინდელი პრესა წერდა, ამ კუნძულებს შორის განუწყვეტელმა სისხლისმღვრელმა ომებმა მშვიდობიანი სახე მიიღო და რაგბის მოედანზე გადაინაცვლა.
პირველი ტური ტონგას ნაკრებმა დიდ ბრიტანეთში 1974 წელს მოაწყო და იქ 10 მატჩი გამართა. მერე მსოფლიოს თასის ყველა გათამაშებაში იასპარეზა და, ცხადია, საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა.
ყველაზე დიდი ანგარიშით ტონგელებმა 2003 წელს სამხრეთ კორეას მოუგეს - 119:0. ყველაზე დიდი სხვაობით კი 2000 წელს ახალი ზელანდიის ნაკრებთან წააგეს - 0:102.
სიპი ტაუ
მატჩის წინ ტონგელები ტრადიციულ სამხედრო ცეკვას, "სიპი ტაუს" ასრულებენ. ამ რიტუალს ტონგაში სახელმწიფო და სხვა კერძო ცერემონიალებზე იყენებენ. ყველაზე ეფექტური შემთხვევა 2003 წელს ავსტრალიაში გამართულ მსოფლიოს თასზე დაფიქსირდა: ტონგას ნაკრები "ოლ ბლექსს" ეთამაშებოდა. ახალზელანდიელებმა ტრადიციული "ჰაკას" შესრულება დაიწყეს. იმავდროულად, ტონგურმა "სიპი ტაუმაც" აიღო სტარტი.
საბრძოლო ცეკვების ერთდროულად შესრულებამ ქომაგებს წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა და ის სამუდამოდ დარჩა რაგბის ისტორიაში.
ტონგას ნაკრები
ალეკი ლუტუი, პაულ ნგუამო, ელვის ტაიონე, ალანი აულიკა, პაეა ფაანუნუ, სიუა ჰალანუკონუკა, სიონე ლეა, ტევიტა მაილაუ, სილა პუაფისი, სონა ტაუმალოლო, ტაიონე ვეა, ლისიატე ფააოსო, ტუკულუა ლოკოტუი, ჯოე ტუინეაუ, ჰალე ტიპოლე, სიონე კალამაფონი, ნილი ლატუ, მაამა ვაიპულუ, ვილიამი მააფუ, ტანიელა მაოა, ტომასი პალუ, სონატანე ტაკულუა, ლატიუმე ფოსიტა, კურტ მორატი, ლიუელი სიმოტე, ჰემენაი პაეა, სიონე პიუკულა, სიალე პიუტაუ, ოტუელა, კატოა, დანიელ კილიონი, ფეტაუ ვაინიკოლო, დავიდ ჰალაიფონუა, იუნგა ლილო. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"