მაიკ ბრედლი: მჯერა, გლოსტერელები მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნებს" უქომაგებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადების მეორე ეტაპს მალე დაასრულებს და 5 აგვისტოს პოლონეთში გაემგზავრება.

თბილისურ შეკრებაზე, რომელიც "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 27 ივლისს განახლდა, როგორც სამწვრთნელო შტაბი გვპირდებოდა, ვარჯიშების სირთულემ და ოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. თუმცა "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის განცხადებით, გუნდი ასეთ დატვირთვას თავს კარგად ართმევს, რაც 30 ივლისს ნაკრების ღია ვარჯიშზე ნათლად გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოიშუშა და გუნდს შეკრებაზე ლევან დათუნაშვილი დაუბრუნდა. მან თბილისის თასის წლევანდელი გათამაშების მესამე ტურში მუხლი დაიზიანა და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

მილტონ ჰეიგი,
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მოთამაშეები უკვე მიეჩვივნენ იმ ინტენსიურ ვარჯიშებს და მენტალურ მოთხოვნებს, რასაც ჩვენ მათთვის სავარჯიშო განრიგში ვგეგმავთ. ისინი დღეს ბევრად უფრო ხანგრძლივ და მძიმე ვარჯიშებს ასრულებენ, ვიდრე ხუთი კვირის წინათ და ამ ყველაფერს საკმაოდ ადვილად ართმევენ თავს.

ეს აშკარად ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ამჟამად ისინი ბევრად უკეთეს ფორმაში არიან, ბევრად უფრო ძლიერები და სწრაფები არიან, ვიდრე შეკრებამდე იყვნენ და ეს სწორედ ის შედეგია, რაც პოლონეთში წასვლამდე გვინდოდა მიგვეღო.

ის მოთამაშეები, რომლებსაც ტრავმები ჰქონდათ, საკმაოდ იოლად შეუერთდნენ გუნდს და ვარჯიშების შემდგომი ეტაპიდან ეს პროცესი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ინგლისში გამგზავრებამდე სამი კვირით ადრე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის ტექნიკური და ფიზიკური წინსვლა, ხოლო იქ უკვე ტაქტიკურ ვარჯიშებზე გადავალთ, რაც ჩვენთვის საკონტროლო მატჩებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება".

ამასობაში კი გლოსტერში, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ორ შეხვედრას გამართავს, ადგილობრივ გაზეთ "გლოსტერ სიტიზენში" საქართველოს ნაკრებზე წერილი გამოქვეყნდა. ავტორი, ვინმე მაიკ ბრაუნი ხაზს უსვამს ჩვენი ეროვნული გუნდის ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე გამალებულ მუშაობას.

სათაურიც ასეთია: "ორი მატჩის გამარჯვებისთვის ბრძოლაში საქართველო ისე იქნება მომზადებული, როგორც არასდროს".

ავტორი, ძირითადად, მილტონ ჰეიგის ასისტენტს, ირლანდიელ მაიკ ბრედლის ესაუბრება, რომელიც აქამდე "ქონოთისა" და "ედინბურგის" თავკაცი იყო. აი, რას ამბობს ის:

"ჩვენი მიზანია, მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი მოვიგოთ და მომდევნო, 2019 წლის გათამაშების საგზური ავტომატურად მოვიპოვოთ.

ამჟამად, იმ პროგრამით ვემზადებით, რომელიც მილტონ ჰეიგმა უელსის ნაკრებისა და ბრიტანელი ლომების ფიზმომზადების მწვრთნელ კრეიგ ვაითთან ერთად შეიმუშავა.

დიდად სასიხარულოა, რომ ჩვენს სამწვრთნელო შტაბში იმყოფება ინგლისელი ფიზმომზადების მწვრთნელი კელვინ მორისი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ის 2003, 2007 და 2011 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებებში ინგლისის ნაკრებთან მუშაობდა.

მან უკვე ძალიან დიდი სამუშაო გასწია და საკმაოდ სერიოზული ცოდნა გადასცა ადგილობრივ ფიზმომზადების მწვრთნელებს. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ისე იქნება მომზადებული, როგორც არასდროს. ამასთან ერთად, გუნდის ორი მოთამაშე, მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ჩხაიძე თავიანთ კარიერაში მეოთხე მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ.

ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ საქართველოს ნაკრებს ორი მატჩის გამართვა გლოსტერის "კინგსჰოლმზე" უწევს. აქაური ქომაგები საყოველთაოდ ცნობილნი არიან გულმხურვალე მხარდაჭერით. ქართველები მეგობრული ხალხია.

დარწმუნებული ვარ, გლოსტერელები ამას ადვილად შეამჩნევენ და "ბორჯღალოსნებს" უმძიმეს მატჩებში უქომაგებენ".

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე საქართველოს ნაკრები სამ საკონტროლო მატჩს გამართავს: 28 აგვისტოს მეტოქე "ნიუკასლი" იქნება, 2 ოქტომბერს კანადას დავუპირისპირდებით, სამი დღის შემდეგ კი - იაპონიის ეროვნულ გუნდს.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე), ლევან ჩილაჩავა (ტულონი)
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), ოთარ გიორგაძე (აია).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი ტალახაძე (ლელო).
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), მურაზ გიორგაძე (არმაზი), გიორგი ფრუიძე (აია).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), გიორგი აფციაური (აია), ირაკლი სვანიძე (ჯიქი).

მსოფლიოს თასი
19 სექტემბერი
საქართველო-ტონგა

25 სექტემბერი
საქართველო-არგენტინა

2 ოქტომბერი
საქართველო-ახალი ზელანდია

7 ოქტომბერი
საქართველო-ნამიბია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გლოსტერის ადგილობრივ გუნდში 2 ტონგოელი თამაშობს და არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივი მაყურებელმა უფრო ტონგას დაუჭიროს მხარი.

2 ოქტობრის მაგივრად, ალბათ 2 სექტემბერი უნდა იყოს!
საკონტროლო თამაშები საკმაოდ მძიმე იქნება, რამდენად გამართლებულია?
Iberia
17:14 04-08-2015
0
მთავარია ტრამვები არ მიიგონ,ამხანაგურ შეხვედრებში
Unknown
18:33 04-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული