ეს სამყაროს დასასრული არ არის! - მილტონ ჰეიგისა და "ბორჯღალოსნების" კომენტარები

AutoSharing Option
25 სექტემბერს, მსოფლიოს თასზე გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინასთან დამარცხდა (9:54), "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს.


მილტონ ჰეიგი:
- მატჩის პირველი ნახევარი კარგი იყო. კარგადაც ვთამაშობდით. ბურთს ვფლობდით და რამდენიმეფაზიან შეტევებსაც ვაკეთებდით, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის ბედი მალევე გადაწყდა.

მიუხედავად წაგებული მატჩისა, მე ამ ბიჭებით ვამაყობ. ფაქტი კი ის არის, რომ მატჩი ისეთ გუნდთან გავმართეთ, რომელიც მოგებისთვის თავიდანვე "განწირული" იყო.

- რამხელა მნიშვნელობა იქონია
მეორე ნახევარში კაცნაკლულზე თამაშმა?

- მამუკა უდაოდ ჩვენი გუნდის ლიდერია. მატჩის პირველ ნახევარში უფრო თავისუფლად ვიყავით, მაგრამ მამუკას 10 წუთით დაკარგვამ საკმაოდ ცუდად იმოქმედა.

თუმცა ეს რაგბია - ერთ დღეს ვიგებთ და აღვნიშნავთ, მეორე დღეს შეიძლება დავმარცხდეთ. ახლა ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ და მორიგი მატჩისთვის მოვემზადოთ. ჩვენ ჯერ კიდევ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვართ.

- შემდეგი მატჩი ახალ ზელანდიასთან გაქვთ...
- მომავალ კვირას მსოფლიო ჩემპიონებს ვხვდებით, მსგავსი რამ ქართული რაგბის ისტორიაში არ ყოფილა. ამ მატჩისთვის ბიჭების მოტივირება საჭირო ნამდვილად არ არის, რადგანაც "ოლ ბლექსი" ის გუნდია, რომელიც ყველა მორაგბის საოცნებო მოწინააღმდეგეა.

მერაბ კვირიკაშვილი:
- მეორე ნახევრის დასაწყისიდან მატჩის შედეგი უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. ტაიმის დასაწყისში თამაშში სწრაფად ჩართვა ვერ მოვახერხეთ, მათ კი ეს შეძლეს. შემდეგ ყვითელი ბარათიც მივიღეთ, რამაც ჩვენზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ეს სამყაროს დასასრული არ არის. ვეცდებით თავი ხელში ავიყვანოთ და შემდეგი ორი მატჩი ისევ ისეთი შემართებით გავაგრძელოთ, როგორც აქამდე ვიყავით.

ვიტო კოლელიშვილი:
- ძალიან რთულია წაგება. ცუდად ვითამაშეთ და ამიტომაც დავმარცხდით. მოტივირებულები ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არ გაგვიმართლა. დღევანდელი მატჩიდან ბევრს ვისწავლით. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ კარგად მოვემზადებით, ნამიბიასთან მოგება კი აუცილებელია.

დავით ზირაქაშვილი:
- არ მინდა პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ერთი მატჩის მოსაგებად არ ჩამოვსულვართ. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ჩვენი შერკინების სიძლიერეში დარწმუნებული ვარ და მსოფლიოს თასი ჩვენთვის ამით არ დასრულებულა.

მეოცნებეები არ ვართ, რეალისტები ვართ. ვიცოდით, რომ არგენტინა ძლიერი გუნდი იყო და არც ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვაგებთ ოცნების კოშკებს, თუმცა მოლოდინები მაინც დიდი გვაქვს. ამ გამოწვევას კარგად გამოვიყენებთ და მოედანზე ყველაფერს დავდებთ.

წაგებულ თამაშში დადებითის დანახვა რთულია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შერკინება ძალიან კარგი იყო და ოთხჯერ დავაჯარიმეთ მოწინააღმდეგე. არგენტინას ჩვენთან შერკინებაში დადგომა უჭირდა და ამით ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის. ხვალ ჩვენს გამოსვლას შევაფასებთ და ვიდეოანალიზი საშუალებას მოგვცემს კარგი და ცუდი მხარეები დავინახოთ.

დავით კაჭარავა:
- ძალიან რთული თამაში იყო. ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ მაღლა დავფრინავდით, ახლა კი მიწაზე დავეშვით. არგენტინელებმა ძალიან მაგარი რაგბი ითამაშეს.

რაღაც დადებითი ამ მატჩშიც შეგვიძლია დავინახოთ. ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბევრი ვისწავლეთ და შემდეგ თამაშებში მთლიანად ჩავერთვებით. არაფერი დაგვიკარგავს. ჩვენთვის ჯერ კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წინ არის - თუ ჩვენ ნამიბიის დამარცხებას შევძლებთ, მიზანს მივაღწევთ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
გიზოსნაირი კლავიატურის..., რომ ილაპარაკებენ რაგბზე და ღირსებაზე, ბოღმიანი გიზო.
Gia
26 სექტემბერი 2015 11:40
0
გიზო საერთოდ რაგბი რა ხილია იცი? ერთი კაცის გუნდი იმიტომ უწოდე ალბათ რომ გორგოძის გაგდებამ დაღი დაასვა თამაშს. როცა შენზე ერთი თავით მაღლა მდგომ მოწინააღმდეგეს ეთამაშები და კარგავ წამყვან მოთამაშეს, ძალიან რთულია წონასწორობის შენარჩუნება. რაგბში ყველა მოთამაშეს თავისი პოზიცია აქვს და ნებისმიერი მათგანის გაძევება უდიდესი დანაკლისია. ახლა რაც შეეხება შენს უკბილო კომენტარს ზირაქას ნატქვამზე. ჩვენ შერკინებაში დავჯაბნეთ გუნდი, რომელმაც ახალ ზელანდიას ტოლი არ დაუდო შერკინებებსა და მოლებში და რიგ ეპიზოდებში აჯობა კიდეც. სად დაინახე ერთი ჩვენი ბიჭების აკანკალებული მუხლები. ანგარიშის მიხედვით რომ საზღვრავ თამაშ მაგიტომ ხარ უვიცი და არ გაქვს უფლება რაგბზე კომენტარი გააკეთო. ის რაც მეორე ტაიმში მოხდა იყო მხოლოდ ნერვების ბრალი და არა სათამაშო სტილის. პირველი და მეორე ტაიმები აბსოლუტურად კონტრასტული იყო, და კაცნაკლულობის გამო გაშვებულმა ლელომ მოშალა გუნდის ფსიქოლოგიური მექანიზმი. ასეთი რამ დიდ გუნდებსაც ემართებათ და არამარტო რაგბში, კარგი მაგალითია შარშანწინდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რეალი ბაიერნი, როცა მოსაგებად მოტივირებული ბაიერნი ერთმა გოლმა დაასამარა და შემდეგ რეალმა უბრალოდ გადაუარა. რას თხოვთ ამ ბიჭებს მეტს, ან რანაირად უნდა მოუგონ დიდ გუნდებს როცა მათი პირობების ნახევარიც კი არ აქვთ, და საქართველოში მათ თამაშებზე უფასო ბილეთის შემთხვვაშიც კი არ ივსება სტადიონი, (რუსეთთან თამაშს არ ვგულისხმობ, იმ თამაშში რაგბი არაფერ შუაშია, კრიკეტსაც რომ თამაშობდნენ მაინც გაივსება სტადიონი,) ისე თუ გაინტერესებს ჩვენი მორაგბეებით უნდა ამაყობდეს მთელი ქვეყანა და ისინი ბევრად მეტს იმსახურებენ ჩვენგან. ისინი იმსახურებენ გვერდში დგომას და არა უაზრო კრიტიკას წაგებული მატჩის შემდეგ. !!!!
beka
26 სექტემბერი 2015 11:18
0
საიდან ამდენი ბოგმა ამ ხალხს, გუნდის კლასი, ასეთ თამაშებში იზრდება, ბიჭებმა გასაკეთებელი გააკეთეს. ჰეიგი კარგი მწვრთნელია, რაგბი წინ მიდის, საჭიროა საკლუბო რაგბის განვითარება
miska 777
26 სექტემბერი 2015 10:56
0
გიზო შენ თუ კარგად გადახედავ ამ სტატიაში ბიჭების ნათქვამს სატრაბახო არაფერი უთქვამთ.. შენ არა მარტო აქ დარწმუნებული ვარ სხვა სტატიებშიდაც კლავიატურას ხარ მიწეპებული და ყველგან ასეთი ბოღმიანი კომენტარებით იფარგლები.. შენ გულგრძო ადამიანს არანაირიი უფლება არ გაგაჩნია ამ ბიჭების ღირსებაზე ილაპარაკო..მე და არამარტო მე დარწმუნებული ვარ მთელი საქართველო ამაყობს და იამაყებს ყოველთვის..მიუხედავად წაგებისა მე ამ ბიჭებს ვენაცვალე შემოვევლე იმ ღირსებაში იმ ქართველობაში და იმ ადამიანობაში რომელიც ყველა მათგანს გააჩნია..დედას გეფიცებით ყველა თქვენთაგანი მეამაყებით და ვიამაყეებ ყოველთვის.. წარმატებები კარგო ადამიანებო.. თქვენ ნამდვლიად არ იმსახურებთ იმას რომ გიზო თქვენს ღირსებაზე ლაპარაკობდეს!!!!
giorgi
26 სექტემბერი 2015 10:51
0
ვიცოდი რომ დავმარცხდებოდით და არც მიყურია, დასაწყვეტი ნერვები და გასახეთქი გული სადაა!
Niko
26 სექტემბერი 2015 10:46
0
''არაფერი დაგვიკარგავს. ჩვენთვის ჯერ კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წინ არის - თუ ჩვენ ნამიბიის დამარცხებას შევძლებთ, მიზანს მივაღწევთ''. დავითბატონო, როცა თითქმის მთელი თამაში, მეტოქის ხაზს ვერ არღვევ, როცა თამაშში, რომელიც 45 ქულით წააგე და ერთი ლელოც ვერ დადე და შეშინებული თამაშობდით, შეიძლება ითქვას დამფრთხალები, როგორღა ამბობთ არაფერი დაგვიკარგავსო? ჩემთვის პირველ რიგში ღირსეული კაცები იყავი და ეს უკანასკნელი ხომ არ დაკარგეთ? იმედს ვიტოვებ ზელანდიასთან ამას გამოასწორებთ. ფრთებზე გასასლელად სირბილი არ უნდა დაგეზაროთ, მხოლოდ მიწოლით რუსეთს კარგ სემთხვევასი რუმინეთს, თუ მოუგებთ, ისიც ჯერ-ჯერობით.
gizo
26 სექტემბერი 2015 10:26
0
ქართველების ტრაბახს უკვე მივეჩვიე, მაგრამ ჰეიგისა მიკვირს ერთი კაცის გუნდით მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის და დიდი იმედებს იძლევა, ვინც როგორ უნდა ისე მიიღოს მაგრამ მე ასე მგონია, რომ ვინც ღირსეული კაცები მეგონა, გუშინ ყოვლად უღირსოები იყვნენ მოედანზე. მუხლებ აკანკალებულები მაპატიეთ გამოთქმისთვის და ერთ ჯოგად დარბოდნენ, გაშლისა ეშინოდათ და ამიტომაც მოწინააღმდეგის თამაშის გაშლა ლელოთი მთავრდებოდა.წმინდა ანთიმოზის თასია ჩვენი დონე და იქნება კიდევ დიდ ხანს, როგორც ეტყობა.
gizo
26 სექტემბერი 2015 10:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული