"ბორჯღალოსნებმა" ახალ ზელანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს

AutoSharing Option
გლოსთერში არგენტინასთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კარდიფთან ახლოს, ნიუპორტში დაბინავდნენ, სადაც C ჯგუფის მესამე მატჩისთვის გააგრძელებენ მზადებას.

გიორგი ნიჟარაძე: "ვფიქრობ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებთან მწვრთნელები შემადგენლობას გადაახალისებენ და ნამიბიისთვის სრული კონცენტრაციით მოვემზადებით, რათა შევასრულოთ ის ამოცანა, რისთვისაც აქ ჩამოვედით - მოვიგოთ ორი თამაში და მომდევნო მსოფლიოს თასზე ვითამაშოთ კვალიფიკაციის გარეშე. იქ კი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს".

არგენტინასთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მეცამეტედან ორი პოზიციით დაბლა, მეთხუთმეტე ადგილზე გადავიდნენ.

2 ოქტომბერს, მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში, "ბორჯღალოსნები"
მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ "მილენიუმ სთედიუმზე" შეხვდებიან. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პარასკევს, მგზავრობის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა გუნდი ორი დღით დაასვენა და ეს პერიოდი აღდგენასა და ვიდეოანალიზს დაუთმეს.

"არგენტინის შემდეგ აღდგენას ორი სრული დღე დავუთმეთ და ვარჯიშს დღეიდან ვანახლებთ. ცხადია "ოლ ბლექსთან" მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით, მოთამაშეებისთვის, რადგან პირველად ვხვდებით მსოფლიოში საუკეთესო გუნდს", - ნიუპორტში ჩასვლისას განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ბიჭები ფორმაში არიან და საბედნიეროდ, ბოლო მატჩისას ტრავმა არავის მიუღია.

"ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ტრავმებიც არავის აქვს. იმედით ვუყურებთ ამ თამაშს.

ნებისმიერი მოთამაშისთვის და განსაკუთრებით, ჩვენთვის დიდი პატივია და ოცნება იყო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ თამაში. რა თქმა უნდა, ჯერ არავინ ვიცით, "ოლ ბლექსთან" როგორი შემადგენლობა დასახელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მოხარული იქნება.

ალბათ, კარგი თამაში გამოვა. ვეცდებით, სანახაობრივად, ხელით ვითამაშოთ და შევუტიოთ, რადგან ზელანდიას რომ ბურთი მისცე, დაცვა ბევრად რთული იქნება მათ წინააღმდეგ", - განაცხადა დავით კაჭარავამ.

საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ ახალზელანდიელები "ბორჯღალოსნებთან" მომავალ მატჩზე:

"ქრუსეიდერსის" მეორეხაზელმა სემ ვაითლოქმა განაცხადა: "ვერ ვიტყოდი, რომ მათ კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ დერეფნებიდან მოწოლა უყვართ და ბევრი ასეთი ლელოც დაუდიათ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თამაში შესაბამისად ავაწყოთ. ჯობია, ამაზე მატჩის შემდეგ ვისაუბროთ".

"არცთუ ბევრი მასალა მოიპოვება მათზე, მაგრამ რაც ვნახეთ, შემიძლია ვთქვა, რომ ღონიერი მორკინალები ჰყავთ და რა თქმა უნდა, მაგრად დაგვიდგებიან შერკინებაში. მე ძალიან მიყვარს ასეთი თამაში და ამ მატჩის მოლოდინში ვარ", - განაცხადა "ოლ ბლექსისა" და ზე 15-ის "ბულზის" ვეტერანმა კვაჭმა ქევინ მეალამუმ.

"ქრუსეიდერსის" ბურჯმა ვაიეთ ქროქეთმა კი განაცხადა: "საქართველოსნაირი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის. ყველა გუნდს სხვებისგან განმასხვავებელი ძალა აქვს და ქართველები ძლიერი და ღონიერი მოთამაშეებით გამოირჩევიან. ვუყურე თამაშს არგენტინის წინააღმდეგ და მინდა გითხრათ, რომ მეტოქეს დიდ ჯაფად დაუჯდა გამარჯვება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მატჩი, რომელიც შერკინების გამოცდის უნიკალური შესაძლებლობა იქნება".

მუხლის ტრავმის გამო ბურჯი დავით ქუბრიაშვილი პირველი ორი შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა. სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბს იმედი ჰქონდა, რომ იგი მსოფლიოზე თამაშს შეძლებდა, რადგან რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას სრული რეაბილიტაციისთვის დამატებით 3 კვირა დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა მიიღო დავით ქუბრიაშვილის ჩანაცვლების გადაწყვეტილება და მის ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილი გამოიძახეს.

"სამწუხაროდ, მუხლის ტრავმის გამო, რომელიც მან "ფალკონზთან" საკონტროლო მატჩში მიიღო, იძულებულნი ვართ, დავით ქუბრიაშვილი ჩავანაცვლოდ. საბოლოო მაგნიტურ-რეზონანსულმა სკანირებამ გამოავლინა, რომ რეაბილიტაცია დიდხანს გასტანს და სამწუხაროდ, იგი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო თასზე. მის ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილს ვუხმეთ, რომელიც გუნდს ნიუპორტში შაბათს შეუერთდა", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯიგარი ხარ კობა გაიხარე მარტალს ამბობ ზმაო რაგბი მარტლა პროგრესირებადია ცინ მივიცევტ დაე გმერტმა ასე ქნას
manuchar
21:55 02-10-2015
0
კობას ვეთანხმები აბსოლუტურად!
ნიკოლოზ
11:40 29-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული