ფოტოზე: "ბორჯღალოსნების" ვარჯიში
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 30 სექტემბერს კარდიფის "მილენიუმზე" კაპიტნის ვარჯიში გამართა. "ბორჯღალოსნები" 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათზე, აქვე მსოფლიოს უძლიერეს გუნდს, ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
დილით მილტონ ჰეიგმა გუნდი ნიუპორტის კოლეჯის მინდორზე ავარჯიშა. მორკინალები დიდიე ბესიმ დაიმარტოხელა და ჯერ შერკინებაში, მერე კი დერეფანში თამაშში ამეცადინა. ამასობაში ჰეიგი მაიკ ბრედლისთან ერთად უკანახაზელებს ავარჯიშებდა.
გუნდი კარდიფში პირდაპირ კოლეჯის მოედნიდან გაემგზავრა. "მილენიუმი", რომელიც უელსური რაგბის მექაა, ჩვენ წინაშე მთელი ბრწყინვალებით წარდგა. მდინარის პირას აშენებული ეს ნაგებობა, ერთი შეხედვით, საზღვაო პორტის შთაბეჭდილებას ტოვებს. სინამდვილეში კი უნიკალური ნაგებობაა, რომელსაც მოძრავი სახურავი აქვს.
"მილენიუმზე" ჰეიგმა გუნდი გააერთიანა. ძირითადი შემადგენლობა ჯერ დაცვაზე ავარჯიშა, მერე შეტევაში თამაშის გაშლა დაავალა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის ახალზელანდიელმა მწვრთნელმა "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც რამდენიმე ცვლილება განახორციელა.
სამატჩო განაცხადში ოთხი ისეთი მორაგბეა, რომლებსაც მსოფლიოს თასზე დებიუტი აქვთ. ფულბეკი ბექა წიკლაური და მესამეხაზელი ლაშა ლომიძე ძირითად შემადგენლობაში იქნებიან, შერკინების კვაჭი სიმონ მაისურაძე და შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვებიან.
განაცხადში არ არიან მერაბ კვირიკაშვილი, დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ნემსაძე და გიორგი ფრუიძე, რომლებმაც განვლილ მატჩებში მიიღეს მონაწილეობა. უკანა ხაზში თამაზ მჭედლიძემ ფრთიდან შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლა, მისი ადგილი კი ალექსანდრე თოდუამ დაიკავა, რომელიც აქამდე ტრავმას იშუშებდა.
ფულბეკად კვირიკაშვილის ნაცვლად წიკლაური ითამაშებს. ცხრა ნომრის პოზიციაზე ძირითადში ამჯერად გიორგი ბეგაძე იქნება. ახალგაზრდა ვასილ ლობჟანიძემ კი თადარიგში გადაინაცვლა.
შერკინებაში ორი ისეთი მორაგბეა, რომლებსაც წინა მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ესენია: მესამეხაზელი ლაშა ლომიძე და მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე, რომელიც თავის მეოთხე მსოფლიოს თასს თამაშობს. წინა ორ შეხვედრაში სამი სათადარიგო პირველხაზელი ამჯერად ძირითად შემადგენლობაშია.
შემადგენლობა დაასახელა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმაც. აღსანიშნავია, რომ "ოლ ბლექსი" ჩვენს გუნდს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდება. ძირითად შემადგენლობაში არიან ახალზელანდიელთა ლიდერები: დენ კარტერი, რიჩი მაქოა, კირან რიდი, კონრად სმითი და სონი ბილ ვილიამსი.
ამასთან ერთად, "ოლ ბლექსს" დებიუტანტიც ჰყავს, გარემარბი ვაისაკე ნაჰოლო. ტრავმების გამო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ მაა ნონუ, კოლინ სლედი, ლიამ მესამი და ბოდენ ბარეტი.
სტივ ჰანსენი:
"ეს თამაში საშუალებას გვაძლევს, გამოვცადოთ ჩვენი ძალები იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელმაც განვლილ ორ მატჩში შესანიშნავი ფიზიკური კონდიციები გამოავლინა.
ჩვენ საქართველოს ნაკრებზე ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი დიდი მორაგბეები და კარგი სპორტსმენები არიან, რომლებმაც ხვალინდელი თამაში "მილენიუმზე" ზეიმად შეიძლება გადააქციონ. ვიცი, რომ ჩვენს გუნდში ამ ყოველივეს მოუთმენლად ელიან".
მილტონ ჰეიგი:
"ამჯერად თამაშის საშუალება და თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა რამდენიმე მორაგბეს მივეცით, რომლებსაც აქამდე არ უთამაშიათ.
არ ვიტყოდი, რომ ახალ ზელანდიასთან სათამაშოდ მეორე შემადგენლობით გავდივართ. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ საიმისოდ, რომ ნაკრებში კონკურენცია გაგვეზარდა და, ვფიქრობ, ჩვენს გუნდში პირველი და მეორე შემადგენლობა არ არსებობს. უბრალოდ, პირველ ორ მატჩში სხვა მორაგბეებს დავეყრდენით.
ამჯერად, შემადგენლობაში ბევრი სხვაც ითამაშებს. საბრძოლო რაზმი, გამორიცხული არ არის, ნამიბიის ნაკრებთან მატჩშიც შეიცვალოს.
ვფიქრობ, თამაში საინტერესო, ენერგიული და სანახაობრივად ლამაზი გამოვა. ჩვენი გუნდი, დარწმუნებული ვარ, რაც შეუძლია, მაქსიმუმს გაიღებს".
გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:
"მოხარული ვარ, რომ ჩემთვის მეოთხე მსოფლიოს თასზე, პლანეტის უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ მიწევს თამაში. ასეთ ძლიერ გუნდთან პირველად 2003 წლის მსოფლიოს თასზე ვითამაშეთ, რომელიც მაშინ ვებ ელისის თასის მფლობელი გახდა. ახალი ზელანდია კი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია.
ვეცდებით, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები, ვითამაშოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაც".
გიორგი ბეგაძე, საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი:
"ჩემი ვიზავი, ახალი ზელანდიის ნაკრების ცხრა ნომერი აარონ სმიტი მსოფლიოში საუკეთესოა ამ პოზიციაზე. ასევე უძლიერესი გუნდია ახალი ზელანდიის ნაკრებიც. ჩემთვის დიდი პატივია ამ ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კვართით თამაში.
გვინდა ისე ვიასპარეზოთ, ქართველ და უცხოელ რაგბის ქომაგებს თავი დავამახსოვროთ. იმედია, გამოგვივა".
შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ კარდიფში, "მილენიუმზე", თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
მსოფლიოს თასი 2015. C ჯგუფი. III ტური
საქართველო-ახალი ზელანდია
საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. კარლენ ასეიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ლაშა ლომიძე.
16. სიმონ მაისურაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ვიქტორ კოლელიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. მურაზ გიორგაძე.
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმიტი, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 13. კონრად სმიტი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი. 1. ვაით კროქეტი, 2. დენ კოლი, 3. ჩარლი ფაუმუნია, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. კევინ მეალამუ, 17. ტონი ვუდკოქი, 18. ოუენ ფრენქსი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კენი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. თი ჯეი პერენარა, 23. მალაკაი ფეკიტოა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ტონგა - 6, 3. არგენტინა - 5, 4. საქართველო - 4, 5. ნამიბია - 0.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
10:19 01-10-2015
"ოლ ბლექსი" უძლიერესი შემადგენლობით! [ბესიკ ჯანგავაძე ნიუპორტიდან]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გამარჯვებას გისურვებთ, ბიჭებო! ყველამ ვიცით, რო ცდას არ დააკლებთ. ღმერთი იყოს თქვენი შემწე!
0
0
ზელანდიამ ნამიბიასთან მეორე შემადგენლობით ითამაშა და ჩვენთან რამ გადარიათ ნეტა. ან ჩვენები მეორე სასტავით რატომ გადიან.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული