"ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი გერმანიასთან შეხვედრისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გერმანიასა და პორტუგალიასთან, "რაგბი ევროპის" შეხვედრებისთვის, სამატჩო რაზმი გამოაცხადა. ჰეიგმა გაფართოებული შემადგენლობა 23 კაცამდე შეკვეცა. გუნდში რამდენიმე პოზიციაზე ცვლილებები მოხდა.

გერმანიასთან "ბორჯღალოსნებს" შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს. მას ეს პატივი და პასუხისგებლობა მერვედ ერგო. სუთიაშვილი ეროვნულ ნაკრებს მინდორზე ბოლოს 2015 წლის "რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე წარუძღვა.

შემადგენლობაში ერთი ახალბედაა - რუსთაველი ბურჯი, მსოფლიო რაგბის 2015 წლის 20-წლამდელთა ალაფის გამარჯვებული გიორგი მელიქიძე, რომელიც "სტად ფრანსეს" ესპუარებში თამაშობს და ხშირად ჩნდება პირველ გუნდშიც. დასაბამიდან იგი 237-ე "ბორჯღალოსანია".

"დიდი
ხანია, რაც მელიქიძეს ვაკვირდებით და მნიშვნელოვანად მიმაჩნია მისთვის შანსის მიცემა. იმედი მაქვს, იგი ისევე გამორჩეულად ითამაშებს, როგორც ალაფაზე.

მას, ასაკის მიხედვით, 20-წლამდელთა მსოფლიოზეც უწევს თამაში და ამ ტურნირისთვის უდიდეს გამოცდილებას დააგროვებს", - თქვა ჰეიგმა.

შერკინებაში 8 ნომრად თამაშს "მონ დე მარსანისა" და "20-წლამდე ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელი - ასევე რუსთაველი, ბექა გორგაძე დაიწყებს.

"მან შარშან უკვე ითამაშა "თბილისის თასზე" და მსოფლიოს თასის შეკრებაზეც ივარჯიშა გუნდთან ერთად. აქედან გამომდინარე, მისთვის ეს გარემო უცხო არაა.

ბექაზე დიდ იმედებს ვამყარებ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია და იმედიც მაქვს, რომ იგი გაითავისებს როლს და დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს თავს კარგად გაართმევს", - აღნიშნა ჰეიგმა.

გერმანიასთან დავით კაჭარავა 88-ე კეპს დააგროვებს და ამ მაჩვენებლით დაეწევა აქამდელ ლიდერს, მერაბ კვირიკაშვილს. "მეკო" ამ მატჩს გამოტოვებს, რადგან მაჯის ტრავმას იშუშებს.

"კვირიკაშვილს მაჯის ოპერაცია გაუკეთეს და ვგეგმავდით, რომ შაბათს ეთამაშა, მაგრამ მაინც არ გავრისკეთ, ვინაიდან ახლახანს განაახლა ვარჯიში. შემდეგ კვირაში მეკო მწყობრში უნდა იყოს", - განმარტა ახალზელანდიელმა სპეცილიასტმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდის მეორე ვეტერანი, მორკინალი გიორგი ჩხაიძე 87-ე კეპს მიითვლის.

სეზონის პირველ მატჩში გამოძახებულთაგან ვერ ვიხილავთ თამაზ მჭედლიძესა და მერაბ შარიქაძეს. ორივენი ტრავმებს იშუშებენ. მჭედლიძემ ტოპ 14-ის ბოლო ტურში ფეხის კუნთი გაიჭიმა, ხოლო შარიქაძეს კოჭი აწუხებს.

"მჭედლიძესა და შარიქაძეს მცირე ტრავმები აქვთ და ვამჯობინეთ მათი დასვენება. დღეის მდგომარეობით ისინი მინიმუმ ერთ კვირას გამოტოვებენ", - განაცხადა ჰეიგმა.

კაჭარავასთან ერთად უკანა ხაზის ცენტრში ლაშა მალაღურაძე ითამაშებს.

"მოცემულ მდგომარეობაში მალაღურაძე 12 ნომერზე იდეალურ კანდიდატად მიმაჩნია. გარდა ამისა, ჩვენ ადრეც მოვიაზრებდით მას ამ პოზიციაზე და ლაშასთან ბევრჯერ მისაუბრია ამის შესახებ. მან მსოფლიოზეც დაამტკიცა, რომ შეტევაში ბურთს მარჯვედ ანაწილებს და დაცვაშიც კარგად თამაშობს", - მიიჩნევს მილტონ ჰეიგი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-გერმანიის "რაგბი ევროპის" მატჩი ავჭალის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მატჩის ბილეთები ავჭალის სტადიონის სალაროებში 11:00-იდან 19:00 სთ-მდე იყიდება, ხოლო მატჩის დღეს - 12:00 სთ-იდან, თამაშის დაწყებამდე გაიყიდება.

საქართველოს ნაკრები:
უკანა ხაზი: 15 ბექა წიკლაური, 14 გიორგი ფრუიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 ლაშა მალაღურაძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება: 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ანტონ ფეიქრიშვილი, 4 გიორგი ჩხაიძე, 5 გიორგი ნემსაძე, 6
შალვა სუთიაშვილი (კაპ), 7 გიორგი თხილაიშვილი, 8  ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 23 გიორგი აფციაური, 22 რევაზ ჯინჭველაშვილი, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 კახა ასიეშვილი, 18 გიორგი მელიქიძე,  19 ლაშა ლომიძე, 20 საბა შუბითიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული