მილტონ ჰეიგმა ოკეანეთის ტურნესთვის "ბორჯღალოსნების" რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისში ტურნეს ოკეანეთში გამართავს და ტესტ-მატჩებში სამოას, ტონგასა და ფიჯის დაუპირისპირდება. შეხვედრები შესაბამისად, 11, 18 და 24 ივნისს ჩატარდება.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისტორიული ტესტ-მატჩებისთვის ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეთა სია გამოაქვეყნა, რომელიც დიდად არ განსხვავდება ბოლო ევროპის ერთა თასზე მოასპარეზე შემადგენლობისგან. ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდში ამჯერად ორ ახალწვეულს უხმო - გიორგი მჭედლიშვილსა (ჯიქი) და ანზორ სიჭინავას (აკადემია).

საქართველოს ნაკრები
უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი, ბექა წიკლაური, სანდრო თოდუა, გიორგი ფრუიძე, ანზორ სიჭინავა, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, თამაზ
მჭედლიძე, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი.
შერკინება: ზურაბ ჟვანია, კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ანტონ ფეიქრიშვილი, ირაკლი მირცხულავა, ნიკა ხატიაშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე, ნოდარ ჭეიშვილი, შალვა სუთიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ბექა ბიწაძე, საბა შუბითიძე, გიორგი მჭედლიშვილი.

ივნისის ტესტები
მატჩების განრიგი საქართველო დროით:
11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა
სამოა - საქართველო

18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
საქართველო - ტონგა

24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი - საქართველო

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა რაგბის კავშირის ვებგვედრთან ნაკრების შემადგენლობაზე, მომავალი ტესტ-მატჩების მნიშვნელობასა და მეტოქეებზე ისაუბრა.

პირველად სამოას ვესტუმრებით
"ეს ჩვენი განვითარების უმნიშნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. გადამეტების გარეშე, ეს ისტორიული მოვლენაა ქართული რაგბისთვის, ვინაიდან აქამდე ოკეანეთში ტესტებზე არ ვყოფილვართ. შესაბამისად პირველად მოგვეცა საშუალება, ზღვისრეთის გუნდებს კუნძულებზე ვეთამაშოთ.

ძალიან აღფრთოვანებულნი ვართ ამით, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა, ურთულესია სამოას, ტონგასა და ფიჯის სტუმრად მოუგო, მაგრამ ეს ის გარემოა, რომელშიც აუცილებლად მუდმივად უნდა ვიმყოფებოდეთ, რათა განვითარება შევძლოთ".

აქამდე სამოას "ბორჯღალოსნები" ორჯერ ეთამაშნენ. პირველად 2003 წელს ავსტრალიაში, ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, სადაც მეტოქემ 46:9 გვაჯობა. მეორე მატჩში, რომელიც ათი წლის შემდეგ, 2013 წლის 23 ნოემბერს, თბილისში შედგა, 16:15 გავიმარჯვეთ.

"სამოელებმა საკმაოდ გამოცდილი გუნდი დაასახელეს, რომელშიც ბევრი ისეთი მორაგბეა, ბოლო მსოფლიო თასზე რომ ითამაშა. მიმაჩნია, რომ სამოას ერთ-ორ თამაშში ნამდვილად არ გაუმართლა მსოფლიოზე. ის, რომ მათ მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს, შეცდომაში ნუ შეგვიყვანთ. შეეძლოთ შოტლანდიასთან მოეგოთ და სამხრეთ აფრიკასთანაც ბრწყინვალედ ითამაშეს.

ეს იქნება ჩვენი პირველი მატჩი კუნძულებზე. გვექნება მცირე ლოგისტიკური და დიდ მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეები. შესაბამისად, ვეცდებით, რაც შეიძლება ადრე ჩავიდეთ ადგილზე", -  განაცხადა ჰეიგმა.

"ზღვის არწივები" რევანშის მოლოდინში
ბოლოს ტონგას სულ ახლახანს, 2015 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ და მათი და შემდგომ ნამიბიის დამარცხებით 2019 წლის მსოფლიო თასზე შესარჩევის გარეშე გავედით. სულ ტონგელებთან ოთხჯერ ვითამაშეთ - პირველად კუნძულელებს შინ 1999 წელს, მსოფლიოს რეპეშაჟისას ვესტუმრეთ. მატჩი მასპინძლელთა გამარჯვებით 37:6 დასრულდა. იმავე წელს განმეორებით შეხვედრაში ტონგა "დინამოზე" მივიღეთ და 28:27 გავიმარჯვეთ, თუმცა შინ უკეთესი სხვაობითი მოგების გამო, მაშინდელ მსოფლიოზე ტონგა გავიდა.

მესამედ "ზღვის არწივებს"’ 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე "მესხზე" ვეთამაშეთ - აქაც სტუმრებმა გვძლიეს (23:9), თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მეტოქე მსოფლიო თასზე დავამარცხეთ

"ერთი, რაშიც დარწმუნებულნი ვართ, არის ის, რომ მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას რევანში ენდომება - ამაში ეჭვიც არ გვეპარება! აქედან გამომდინარე, ისინი დიდად მოტივირებულნი იქნებიან.

გუნდს ახალი მწვრთნელი ყავს, რომელიც, სავარაუდოდ, ნაკლებად გამოცდილი სპეციალისტია, მაგრამ როგორც ყოველთვის, ტონგას წინააღმდეგ ურთულესი მატჩი გვექნება. კი, წინა მსოფლიო თასზე დავამარცხეთ ისინი, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს ჩვენ თავდაჯერებულობას შეგვმატებს", - თქვა ჰეიგმა.

ტურნეს დამაგვირგვინებელი რკენა - ფიჯი
ჰეიგის განცხადებით უდავოა, რომ 24 ივნისს ტურნეს ბოლო მატჩი ყველაზე რთული იქნება:

"მიმაჩნია, რომ ფიჯი ყველაზე რთული მეტოქე იქნება ამ ტესტებზე. მათ თამაშის უამრავი ჩამშლელი ჰყავთ. ფიჯისთან დაცვა ძალიან რთულია, ისინი თავისებურ რაგბის თამაშობენ, რაც ჩვენგან განსაკუთრებულ ტექნიკურ მომზადებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფიჯის სამწვრთნელო შტაბი არ შეუცვლია, რაც თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ბოლო 18 თვის განმავლობაში ისინი მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდს შორის არიან.

ვიმეორებ - ტურნეს ბოლო მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე დიდი იქნება".

"რაზმი მეტწილად თებერვალსა და მარტში ბოლო რაგბი ევროპაზე მოასპარეზე მორაგბეებისგან შედგება, რაშიც ნამდვილად გაგვიმართლა. გვყავს გამოცდილი მორკინალები და ასევე უკანახაზელები. გარდა ამისა, ავიყვანეთ რამდენიმე ახალგაზრდა ბრძოლაში გამოსაცდელად.

ზოგადად რომ შევხედოთ რაზმს, მოთამაშეთა გამოცდილება სახეზეა, რადგან ვითვალისწინებთ, რამდენად რთული ტურნე გველის".

პირველი ხაზი
გამოცდილ ბურჯებსაა და კვაჭებს - ზურაბ ჟვანიას, კარლენ ასიეშვილს, შალვა მამუკაშვილს, ჯაბა ბრეგვაძესა და ანტონ ფეიქრიშვილს ტურნეში ნიკოლოზ ხატიაშვილი და ირაკლი მირცხულავა დაემატებიან.

"პირველხაზელთა უმეტესობას მსოფლიოზე უთამაშიათ, თუმცა აქაც გვყავს რამდენიმე ახალბედა მორაგბე.

ასევე ვუხმეთ ირაკლი მირცხულავას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ნაკრებში არ უთამაშია.

ისინი ეროვნული ნაკრების თუნდაც გაფართოებულ შემადგენლობაში ყოფილან და კარგად იციან, რას ველით მათგან. ეს მათთვის ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება, ვინაიდან უფრო გამოცდილი მორაგბეები ფრანგული პლეი ოფების გამო არ გვეყოლება".

მეორე ხაზი
მეორე ხაზში ჰეიგმა გიორგი ნემსაძესთან და გიორგი ჩხაიძესთან ერთად, ახალბედა ნოდარ ჭეიშვილს უხმო, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს ერთა თასზე ესპანეთის წინააღმდეგ ჰქონდა.

"ჩემი აზრით გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე წინა ერთა თასზე უადოდ გამორჩეულნი იყვნენ. დიდი ხანია, რაც გუნდის ლიდერები არიან და გაგვიმართლა, რომ ორივე გვეყოლება ამ ტურნეში.

ნოდარ ჭეიშვილი ძირითად გუნდს ერთა თასზე შეუერთდა. კარგად ვარჯიშობდა და შეიძლება ითქვას, რომ არ გაუმართლა, თორემ რამდენიმე მატჩში სასტარტოშიც დაიწყებდა. მშვენიერი ფიზიკური მონაცემები აქვს, ორ მეტრზე მაღალია და ნაკრების სავარჯიშო რაზმში დიდი ხანია, რაც ირჯება, მაგრამ დიდი დრო დასჭირდა გუნდში მოსახვედრად. ახლა მშვენიერ ფორმაშია და საჭირო ფიზიკურობა შემოაქვს გუნდში", - აცხადებს ჰეიგი.

მესამე ხაზი
ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება ჯიქელ გიორგი მჭედლიშვილს. ეროვნულში ჰეიგმა ასევე უხმო ბექა ბიწაძეს, რომელსაც 2015 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობაში არ უთამაშია

"გიორგი მჭედლიშვილი ძალიან კარგად ირჯებოდა ვარჯიშებზე და საკმაოდ დიდი ხნის განავლობაში "აკაკუნებდა" ნაკრების კარზე. ახლა მას ეროვნულში თამაშის შესაძლებლობა ეძლევა და უნდა გვანახოს, რომ მისი ბოლო წლების შრომა დაფასდა. ჩვენ კი მოუთმენლად ველით, მისთვის შანსის მიცემას.

მესამე ხაზი საკმაოდ გამოცდილი გვყავს - შალვა სუთიაშვილი, ლაშა ლომიძე და გიორგი თხილაიშვილი, რომლებმაც წინა მსოფლიოზე იასპარეზეს. ასევე - საბა შუბითიძე, რომელსაც სამწუხაროდ, არ მოუწია შარშან ინგლისში გამგზავრება.

შევარჩიეთ ის მორაგბეები, რომლებიც სანაკრებო გარემოს კარგად იცნობენ და ამ გარემოში დიდ ხნის განმავლობაში არიან".

ჰავბექები
ნაკრებს ოკეანეთში არ ეყოლება ვასილ ლობჟანიძე, ვინაიდან იგი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკაპიტნებს "უმცროს ბორჯღალოსნებს". შესაბამისად, ტესტებზე 9 ნომერზე გიორგი ბეგაძესა და ვაჟა ხუციშვილს ვიხილავთ. მგეზავებად კი ლაშა ხმალაძესა და ლაშა მალაღურაძესთან ერთად, რეზი ჯინჭველაშვილი გაირჯება.

"ხუთივე ჰავბექი გამოცდილი "ბორჯღალოსანია", რეზი ჯინჭველაშვილიც ორი-სამი წელია, რაც ნაკრების გარემოცვაშია.

თუ კუნძულებზე ტესტების მოგება გვინდა, გამოცდილი ცხრა და ათი ნომრების ყოლა აუცილებელია. ტურნეში არ გვეყოლება ლობჟანიძე, რომელიც ახალგაზრდულ მსოფლიოზე ჩვენს 20-წლამდელებს უკაპიტნებს, რაც "უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მოცემულ მდგომარეობაში დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი "ცხრები" და "ათები" მოედანზე კარგად წაგვიძღვებიან".

შუამარბები
"კაჭარავამ და მჭედლიძემ მსოფლიოზე "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ ითამაშეს, მერაბ შარიქაძე კი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი შეუცვლელი 12 ნომერია. ამ ბიჭების გამოცდილებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს მორაგბეები შეკრავენ გუნდს და თავის როლს არა მარტო მინდორზე, არამედ მის გარეთაც შეასრულებენ.

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ცენტრებით, ისინი ჩვენი გუნდის უდაოდ ძლიერ მხარეს წარმოადგენენ".

გარემარბები
შარშან წარმატებული მსოფლიო ალაფის კამპანიის შემდეგ აკადემიელ ანზორ სიჭინავას პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭის შესაძლებლობა ეძლევა.

"ბოლო 8 თვეა, რაც ანზორ სიჭინავა ნაკრების სავარჯიშო რაზმს შემოუერთდა. ერთა თასის დროს მიგვაჩნდა, რომ ჯერ მზად არ იყო თამაშისთვის, მაგრამ ახლა იმსახურებს შანსს.

მოდი, ვთქვათ, რომ ის საკმაოდ გამორჩეული 20-წლამდელი იყო, რომელმაც შარშან ძალიან კარგი მსოფლიო ალაფის კამპანია ჩაატარა და ახლა მზად არის, შემდეგი ნაბიჯი გადადგას ეროვნული ნაკრებისკენ. იმედიანად ვართ განწყობილნი მის მიმართ.

ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილიცაა, რომ განვავითაროთ ახალგაზრდა მორაგბეები და მიმაჩნია, რომ სიჭინავას დიდი მომავალი აქვს".

ფულბეკები
ჰეიგმა მე-15-ე ნომრებად 92 სანაკრებო კეპის მომხვეჭი და ოთხი მსოფლიო თასის მონაწილე მერაბ კვირიკაშვილი, შარშანდელ მსოფლიო თასზე "ოლ ბლექსის" დამლელოვებელ ბექა წიკლაურთან ერთად იხმო.

"მერაბ კვირიკაშვილი "ბორჯღალოსნების" რიგებში მალე ალბათ, 100-მატჩიან ნიშნულსაც მიაღწევს. ეს ტურნე მისთვის მორიგი გამოცდაა. 92-მატჩიანი სანაკრებო კარიერის მანძილზე, მას არასდროს მოუწია ოკეანეთში ჩასვლამ და სამივე იქაური გუნდის წინააღმდეგ თამაშმა.

ბექა წიკლაურს, მსოფლიოზე "ოლ ბლექსისთვის" დადებული ლელოს შემდეგ, ყველგან კარგად იცნობენ; ბექას კლუბმაც წელს საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ორივე დამრტყმელისგან ივნისში ძალიან ბევრს ველით, რადგან ისინი საკმაოდ გამოცდილნი არიან".

ტოპ 14-ის პლეი ოფებში მოასპარეზე "ბორჯღალოსნებზე"
"ფრანგული ტოპ 14-ის პლეი ოფები ივნისის ტესტებს დაემთხვა და ის "ბორჯღალოსნები", რომლებიც "კლერმონში", "ტულონში", "მონპლეიესა" თუ "სტად ფრანსეში" თამაშობენ, ცხადია, ვერ მოიაზრებიან ტურნეს პირველი კვირისათვის, რომელშიც სამოას ვუპირისპირდებით.

ჩვენ განვიხილავთ ოკეანეთში იმ მორაგბეების გამოძახების საკითხს, რომელთა გუნდიც პლეი ოფის პირველ რაუნდში გავარდება. მაგრამ ისინი, ვინც პლეი იფების შემდეგ ეტაპზე გადავლენ, ცხადია ვერ დაგვეხმარებიან.

ეს მორგაბეებისთვის მნიშვნელოვანია - წარმოიდგინეთ, მთელი წელი კლუბთან ერთად შრომობენ, რომ ფინალში გავიდნენ. ჩვენ, ქვეყანამაც უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოთამაშეებს", - ამბობს "ბორჯღალოსნების" თავკაცი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
1) ა-ვ-ღნიშნავთ კი არა, ა-ღ-ვნიშნავთ; 2) "მოუწია თამაშმა" კი არა, მოუწია თამაში. კიდევ ერთხელ, მადლობა და არა გამოსაქვეყნებლად!
მადლობა, სტატიის ავტორს, მაგრამ :
17:20 28-05-2016
0
გორგაძე რატომ არ ყავს გამოძახებული? წელს საფრანგეთის Pრო2(მეორე ლიგა) კარგი სეზონი ჩაატრა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული