ფიჯი-საქართველო 3:14 - ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები დაამარცხა და ისტორიული ტურნე "გამოაცხო". ერთი ფრე და ორი გამარჯვება - ეს ის შედეგია, რომლისაც საქართველოში, სავარაუდოდ, არავის სჯეროდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთხელ გაბრწყინებას, ცხადია, უცხოური პრესის გამოხმაურება მოჰყვა.

მსოფლიო მედია: ქართველებმა მფრინავი ფიჯელები ფრთების გარეშე დატოვეს

"დღევანდელი გამარჯვება, როგორც ცალკე აღებული შედეგი, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ეს ტურნე იმით იყო გამოსარჩევი, რომ ჩვენ შევძელით იმის გაკეთება,  რაც საქართველოს არც ერთ ნაკრებს არ გაუკეთებია აქამდე - ჩავედით
კუნძულებზე და გავიმარჯვეთ.

ამის თაობაზე ჯერ კიდევ მარტის თვეში ვსაუბრობდით და ყველანი უკვე მაშინ ვიყავით განწყობილნი იმისათვის, რომ ისტორია დაგვეწერა. ოკეანეთში ზაფხულის ტესტების დაუმარცხებლად დასრულება დიდი მიღწევაა, რომელიც ჩვენ თავდაჯერებულობას შეგვმატებს, რათა ზრდა და განვითარება გავაგრძელოთ.

ყველას, ჩვენს ბიჭებს, ვულოცავ წრფელი გულით, ვინაიდან ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში უკლებლივ ყველამ დღე და ღამე იმუშავა", - ეს სიტყვები ფიჯისთან ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თქვა, რომელიც ამ უდავოდ დიდი წარმატების მთავარი შემოქმედია.

ოკეანეთის ტურნეზე წარმატებული გამოსვლის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა დაამყარა რეკორდი და თუ აქამდე წაუგებელი მატჩების სერია შვიდი იყო, ახლა ის 9-მდე გაიზარდა.

ფიჯისთან მატჩი, რომელიც წყნარი ოკეანის აუზის გათამაშების წლევანდელი გამარჯვებულია, მასპინძლების შეტევებით დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა" იერიში მოიგერიეს და მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ, მეტოქეს ხელდახელ თამაშით არ გაელაღა, სივრცეები გადაუკეტეს და "მფრინავ ფიჯელებს" მართლაც ფრთები წააჭრეს.

ანგარიში მე-11 წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0. ფიჯელებს ანგარიშის გასათანაბრებლად ბევრი დრო არ დასჭირვებიათ. მასპინძლებმა საჯარიმოთი გვიპასუხეს - 3:3. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა დაწინაურება არაერთხელ შეგვეძლო.

შესვენების შემდეგ თამაში ის იყო, განახლდა, რომ პირველივე შეტევა "ბორჯღალოსნებმა" ლელოთი დაასრულეს. ცენტრიდან ბურთი ლაშა ხმალაძემ შეიტანა თამაშში. მისთვის ბრძოლა ჩვენმა მორაგბეებმა მოიგეს. კარლენ ასეიშვილმა ხაზი გაჭრა, 22-მეტრიან ზონაში შეიჭრა. მერე ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ შეტევის მიმართულება შეცვალა, ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშა. ხმალაძემ იერიშში შუამარბი მერაბ შარიქაძე ჩართო, ამან კიდევ უფრო მარცხნივ ხმალაძეს გადააწოდა, რომლის შეჩერებაც ფიჯელებმა ვეღარ შეძლეს. კვირიკაშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 8:3.

თამაშის დასრულებამდე კვირიკაშვილმა კიდევ ორი საჯარიმო გაუტანა, ფიჯიმ კი მოედანი ულელოოდ დატოვა.

14:3 "ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს და მას შემდეგ, რაც შოტლანდიამ იაპონიას მოუგო, მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-11 ადგილზე გადაბარგდნენ.

ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]

ივნისის ტესტები
ფიჯი-საქართველო 3:14
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, ფრუიძე, კაჭარავა, შარიქაძე, მჭედლიძე, ხმალაძე (მალაღურაძე 70), 9 ბეგაძე. (1-9) ასეიშვილი (ჟვანია 58), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 59), მირცხულავა (ხატიაშვილი 70), ჩხაიძე (ჭეიშვილი 75), ნემსაძე, სუთიაშვილი (ლომიძე 50)
თხილაიშვილი (შუბითიძე 64), ბიწაძე.
ლ: ხმალაძე; 3ს: კვირიკაშვილი
ფიჯი (15-9) მასილევუ, რავათა, ნდელაი (ნგონევა 59), ვასიტერი (მბაი 58), ოზბორნი, ვოლა'ვოლა, კენატალე (სენილოლი 80), რავაი (მაჰაფუ 55), კოტო (ვეიკოსო 70), კოროი (ნდონგე 55), კანალანგი (სონქეტა 41), თავუმბატი, ნდავაი, ვოკა, რანდრონდრო (რავულო 58)
ს: ვოლა'ვოლა
მსაჯი: ჯეი პი დოილი (ირლანდია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ ბიჭებო.
კახა
13:32 27-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული