საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
კარგი იყო, "სივა ტაუს" რომ არ დავუსტვინეთ. თამაშიც შესანიშნავი გამოვიდა. კიდევ უფრო კარგი იყო, რომ მოვიგეთ. ბრძოლა დაძაბული, მოლოდინისამებრ, უშეღავათო გამოდგა. ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს ღონით აშკარად აჯობეს. სამი სამოელი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გახდა შესაცვლელი. მეოთხეს მატჩის ბოლო წამებზე ნეკნები ჩაუმტვრიეს და სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქომაგობაც კარგი იყო. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ აღნიშნა კიდეც - "სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ერთი სიტყვით, შაბათს, ვაკის სტადიონზე "ბორჯღალოსნებს" აუცილებლად უნდა მოეგოთ. იაპონიასთან დასანანი
მარცხის შემდეგ წაგება არაფრით არ შეიძლებოდა. ნათლად ჩანდა, თითოეულ მორაგბეს სრულად ჰქონდა გაცნობიერებული სამოასთან მატჩის მნიშვნელობა და დაცვაში უხეში შეცდომები, პირველ ტაიმში მიღებულ ლელოს თუ არ გავითვალისწინებთ, არ დაუშვიათ.

მატჩის წინ ჩვენი გუნდის მდგომარეობას ის ართულებდა, რომ წინა შეხვედრაში ორი წამყვანი მორაგბე, მგეზავი ლაშა ხმალაძე და შუამარბი დავით კაჭარავა დაშავდნენ. ცხადია, ორივე ძალზე დააკლდა გუნდს. კაჭარავას ადგილი ახალგაზრდა გიორგი კოშაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე რუსთავის "ხარების" მორაგბეა. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სადებიუტო მატჩში არაფერი დაუშავებია.

ხმალაძე ლაშა მალაღურაძემ შეცვალა. ეს ის მგეზავია, რომელმაც 2015 წლის მსოფლიოს თასზე ყველა შეხვედრაში უცვლელად ითამაშა. ლაშამ დაკისრებულ მოვალეობას ამჯერადაც გაართვა თავი. უფრო კი, პირველ ტაიმში. ფეხითაც კარგად ურტყა და ცდილობდა, უკანა ხაზიც ეთამაშებინა.

აღარაფერს ვამბობთ შერკინებაზე. უფრო სწორად კი, ყველაზე მეტი სწორედ მორკინალებზე უნდა ვილაპარაკოთ. უდავოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება გვყავს. ძალიან კარგად მოერგო რვა ნომრის, ანუ შერკინების შემკვრელის პოზიციას ბექა ბიწაძე, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში მეორე ხაზში თამაშობდა, კლუბში კი - ფლანკერად. ბექამ ორივე მატჩში გამოიჩინა თავი და თითო ლელოც მიითვალა.

პირველ, მეორე და დანარჩენ მესამეხაზელებზე, ალბათ, ლაპარაკი ზედმეტია. ეს ის მომენტია, როცა ნაამბობს ნამდვილად სჯობს უშუალოდ ნანახი. შერკინება ხუთჯერ დაინიშნა და ხუთივე ჩვენმა მორკინალებმა მოიგეს. დერეფანშიც ბურთი 13-ჯერ მოვაწოდეთ და ცამეტივე მოვიგეთ. ერთი სიტყვით, ამ კომპონენტში უპირატესობამ საბოლოოდ გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

თამაში ჩვენმა მორაგბეებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. "ბორჯღალოსნების" ძალისხმევამ შედეგი მალე გამოიღო. მრავალფაზიანი იერიშის აკინძვა ქართველმა მორაგბეებმა მე-6 წუთიდან დაიწყეს. ერთ-ერთ ეპიზოდში მალაღურაძემ სამოელთა მარცხენა ფრთაზე დაუცველი კუთხე შენიშნა, ფეხით ბურთი დიაგონალზე გადაკიდა, რომლის დაუფლებასაც გარემარბის პოზიციაზე მდგარი მამუკა გორგოძე ცდილობდა.

ბურთთან ყველაზე ადრე სტუმართა გუნდის გარემარბი გაჩნდა, რომელმაც ფეხით სცადა ბურთის სახიფათო ზონიდან გამოტანა, მაგრამ წინ მდგომ თანაგუნდელს გაარტყა. არბიტრმა მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში ჩვენ სასარგებლოდ შერკინება დანიშნა. ჩვენმა მორკინალებმა სამოელები გადათელეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ამჯერად არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილს არ გასჭირვებია.

სამოელები პირველი ტაიმის განმავლობაში ორჯერ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და ორივეჯერ შეძლეს ქულების აღება. მე-10 წუთზე მათმა მგეზავმა პატრიკ ფაჰაპალემ საჯარიმო გაიტანა, ათ წუთში კი სამოას ნაკრების მრავალფაზიანი შეტევა მარცხენა ფრთაზე განვითარდა და ლელოში შუამარბმა ჯორჯ პისიმ შეაღწია. ფაჰაპალემ გარდასახა და სამოა დაწინაურდა - 10:7.

ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობა ისევ მთლიანად საქართველოს ნაკრებმა იგდო ხელთ. 28-ე წუთზე მალაღურაძემ საჯარიმოდან, მოედნის საკუთარი ნახევრიდან აუტში შესანიშნავად დაარტყა და "ბორჯღალოსნებმა" დერეფანში ბურთი სამოელთა ლელოდან რვა მეტრში ააგდეს. ჯერ მოლით მიაწვნენ, მერე თამაში რაკში გადავიდა და ჩვენი მორკინალები აიღე-მიეძალეს წესით უტევდნენ, ბურთის ხაზზე ჩათამაშებაც სცადეს. ბოლოს მეტოქე ისევ დაჯარიმდა, ისევ აუტი, ისევ მოლი, ამჯერად ლელოში შევაღწიეთ, მაგრამ ბურთის დამიწება ვერ შევძელით.

სამოელთა ლელოდან ხუთ მეტრში ჩვენი შერკინება დაინიშნა. მეტოქე ისევ დავჯაბნეთ, უკან დავახევინეთ. ბიწაძემ ბურთი ცალი ხელით აიტაცა და ლელოში გადადო. კვირიკაშვილმა გარდასახა - 14:10. ტაიმის მიწურულს მანვე საჯარიმოც ზუსტად დაარტყა და შესვენებაზე "ბორჯღალოსნები" შვიდქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 17:10.

შესვენების შემდეგ სამოა საგრძნობლად გააქტიურდა. მათ 56-ე წუთისთვის ორი საჯარიმოთი ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს - 16:17.

ოთხ წუთში კვირიკაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო მიითვალა - 20:16.

ბოლო 20 წუთში სამოას ნაკრები მატჩის გადარჩენას ყველანაირად ეცადა, მაგრამ საქართველოს ნაკრები დაცვაში ამჯერად უშეცდომოდ გაისარჯა და გამარჯვების მომტანი ანგარიშის შენარჩუნება შეძლო.

მატჩის შემდეგ
ალამა იერემია, სამოას ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"თქვენი გუნდი დასკვნით 20 წუთში განსაკუთრებით კარგად იცავდა თავს. ჩვენმა მორაგბეებმა მოინდომეს და მათი გარჯით ამაყი ვარ. თუმცა, ამ დონეზე თამაშისას მეტია საჭირო და ეს გაკვეთილი იქნება ზოგიერთი მორაგბისთვის.

საქართველოში რაგბი სწორი გზით პროგრესირებს, სწრაფად ვითარდება და ეს შედეგებითაც ჩანს. ის გამორჩეული და სამაგალითოა მეორე დონის ქვეყნებს შორის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, საქართველოს რაგბის კავშირს ასეთი კარგი მასპინძლობისათვის და ვუსურვო წარმატება ქართულ რაგბის".

დევიდ ლემი, სამოას ნაკრების კაპიტანი:
"ვულოცავ საქართველოს ნაკრებს. როგორც მოედანზე მყოფი ადამიანი, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა შანსი, მატჩის მიწურულს გადამწყვეტი ლელო დაგვედო, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ, რაც მეტოქის კარგი დაცვის დამსახურებაა".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მეორე ტაიმში მეტოქის წნეხის ქვეშ მოვექეცით, თუმცა კარგი დაცვის წყალობით, სასურველი შედეგის შენარჩუნება შევძელით. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ბურთის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. დასკვნითი 20 წუთი ძალიან ჰგავდა 3 წლის წინანდელი მატჩის 20 წუთს, როდესაც სამოა პირველად დავამარცხეთ.

მორაგბეების მიმართ საქებარი სიტყვების მეტი არაფერი მეთქმის. ახალს არაფერს ვიტყვი და დღესდღეობით მთელ მსოფლიოშია ცნობილი, რომ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება გვყავს. ამავდროულად, ისიც არის ცნობილი, რომ ვმუშაობთ ხაზის თამაშის გაუმჯობესებაზე. ეს იმ ბიჭების ხარჯზე მოხდება, რომლებიც დღესდღეობით ჩვენთან არიან და რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

რა თქმა უნდა, ილუზიები არ გვაქვს იმისა, რომ შოტლანდიაში იოლი მატჩი გვექნება. შოტლანდია მსოფლიოს რეიტინგის ათეულის გუნდია, რომელიც კარგად თამაშობს და თავიანთი სიძლიერე მსოფლიო თასზეც დაადასტურეს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები. თუმცა, მოდი, ვთქვათ, რომ თამაშისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერია გამორიცხული".

მამუკა გორგოძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"იაპონიასთან ჩვენი შერკინება უფრო დომინირებდა, ვიდრე სამოასთან. სამწუხაროდ, ერთი კვირის წინ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ.

შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გვაქვს. ამ ქვეყნის ნაკრები ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და ჩვენთან ფავორიტები არიან. რთული მატჩი გველოდება, თუმცა არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ და სასურველი შედეგის მისაღებად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს. ამას მათი გულის მოსაგებად არ ვამბობ. ასეთი მატჩების დროს მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება. იაპონიასთან მარცხის მერე ქალაქში გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ - არა უშავს, ბიჭებოო. სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ".

- როგორ ერთობიან "ბორჯღალოსნები" და სამოელები მატჩის შემდეგ ერთად [VIDEO]

ნოემბრის ტესტები
19.11.16. "მიხეილ მესხი"
საქართველო-სამოა 20:16
საქართველო: 15 მერაბ კვირიკაშვილი. 14 თამაზ მჭედლიძე. 13 გიორგი კოშაძე (გიორგი აფციაური 66), 12 მერაბ შარიქაძე, 11 ალექსანდრე თოდუა, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე (გიორგი ბეგაძე 68), 1 მიხეილ ნარიაშვილი (კარლენ ასიეშვილი 52), 2 ჯაბა ბრეგვაძე (ბადრი ალხაზაშვილი 73), 3 ლევან ჩილაჩავა (დავით ქუბრიაშვილი 57), 4 კოტე მიქაუტაძე (შალვა სუთიაშვილი 61), 5 გიორგი ნემსაძე
6 ვიქტორ კოლელიშვილი (გიორგი თხილაიშვილი 57), 7 მამუკა გორგოძე, 8 ბექა ბიწაძე.
2ლ: საჯარიმო, ბიწაძე; 2გ,2ს: კვირიკაშვილი
სამოა: 15 ალბერთ ნიკორო, 14 პოლ პერესი, 13 ჯორჯ პისი (ლეუილა 33), 12 რეი ლი-ლო, 11 დევიდ ლემი, 10 პატრიკ ფაჰაპალე (დანჯელო ლეუილა 66), 9 კაენ ფოტუალიჰი, 1 ლონგოვიჰი მულიპოლა, 2 მანუ ლეიატაუა (ელია ელია 33), 3 ენთონი პერენისე (ჰისა სასანგი 52), 4 ჯეფ ლეპა, 5 ფილო პაულო (ტალანგა ალაფიპო 4), 6 ჯექ ლემი, 7 გრეგ ფოუი, 8 ალაფოტი ფაჰოსილივა (ჯენეზის მამეა-ლემალუ 66).
ლ: ჯ. პისი; 3ს,გ: ფაჰაპალე.

სხვა მატჩები
ირლანდია-ახ.ზელანდია 9:21
საფრანგეთი-ავსტრალია 23:25
შოტლანდია-არგენტინა 19:16
იტალია-სამ.აფრიკა 20:18
უელსი-იაპონია 33:30
ინგლისი-ფიჯი 58:15
ტონგა-აშშ 20:17
რუმინეთი-კანადა 21:16
ესპანეთი-ურუგვაი 33:16
გერმანია-ბრაზილია 16:6

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიწოლა რა შუაშია რაქის დროს ჩაუტყდა ნეკნები.ვიგაც დაახტებოდა ზემოდან და ჩაემტვრა კაცს.
giorgi
18:02 21-11-2016
0
რა თქმა უნდა, სატრაბახოა.. რაგბი მარტო მიწოლა არაა..მოქნილი თუ არა ხარ, ვერ დახვდები იმ მიწოლას და რამდენიმე ტონა რომ მოგაწვება, ჩაგიტყდება კაცს ნეკნები... ასე, რომ კლასი ვისაც აქვს არ ემტვრევა..
ყური მიგდე
17:15 21-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული