"ბორჯღალოსნები": შერკინება სხვაა, უკანა ხაზი - სხვა, გამოსავალი ერთია...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტები ერთი მოგებითა და ორი მარცხით დაასრულა. ბოლო შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად, კილმარნოკში წააგეს შოტლანდიის ნაკრებთან. ამ მატჩის შემდეგ ყველა თანხმდება ერთზე - რაც შეიძლება მეტი თამაში გვინდა ასეთი დონის გუნდებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვვითარდებით.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

არ გვინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, მალე უნდა შეიცვალოს მდგომარეობა.

განვლილი მატჩის შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი გორგასლიძეს ვთხოვეთ, რომელიც უშუალოდ კილმარნოკის "რაგბი პარკის" ტრიბუნიდან ადევნებდა
თამაშს თვალს.

"უწინარესად მინდა, კარგით დავიწყო. ეროვნული ნაკრებების თამაშამდე სამი დღით ადრე, ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ედინბურგში ითამაშეს. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ასეთი კარგი დაცვა, ქართული გუნდებისგან დიდი ხანია არ მინახავს. ძალიან კარგი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ლეგიონერი გვაკლდა. უკანა ხაზმაც და შერკინებამაც კარგად ითამაშა, მით უმეტეს, რომ დანიშნულ შერკინებაში მიწოლა არ იყო დაშვებული.

ძალიან არ მომეწონა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ნათამაშები პირველი ტაიმი. ჩანდა, რომ გუნდი სათანადოდ ვერ განეწყო. უკანა ხაზს უჭირს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაში. ძალიან ადვილად მივიღეთ ლელოები. ასე იყო იაპონიასთან და სამოასთანაც.

ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენს შერკინებასა და უკანა ხაზს შორის. ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ მორკინალები მაღალი დონის ფრანგულ კლუბებში ასპარეზობენ, მათ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება აქვთ. ასეთივე გამოცდილება არ აქვთ ჩვენს უკანახაზელებს, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

მერე, რაც ყველაზე მთავარია, შოტლანდიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ეს გამოჩნდა ამ ტესტებზე ავსტრალიასთან და არგენტინასთან მატჩებში. მომავალ ექვსი ერის გათამაშებაშიც ვნახავთ მათ ძალას.

გამოსავალი ერთია. რაც შეიძლება მეტი უნდა ვითამაშოთ ამ დონის გუნდებთან. არა მარტო სტუმრად, არამედ ჩვენთან, თბილისშიც. მხოლოდ მსოფლიოს თასზე ელიტურ გუნდებთან თამაში ჩვენი პროგრესისთვის საკმარისი არ არის.

ცხადია, ასეთ გუნდებთან მატჩებში თავიდან წავაგებთ. ამას უნდა შევეგუოთ. ეს არ ნიშნავს, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ. პირიქით, მათთან ბრძოლებში უნდა გავიზარდოთ. სხვა გზა არ არსებობს.

"მსოფლიოს რაგბის" ხელმძღვანელები უკვე ხვდებიან ამას. აგერ ტონგამ სტუმრად მოუგო იტალიას, იაპონიამ კინაღამ დაამარცხა უელსი, კარგი იყო ჩვენი გუნდის მეორე ტაიმი. ხედავენ, რომ სხვაობა პირველ და მეორე დონის გუნდებს შორის კატასტროფული აღარ არის.

ვფიქრობ, ამ კუთხით სერიოზული ცვლილებებია საჭირო და ამაზე მუშაობა უკვე მიდის."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ნუ წაიღეთ ამ იდიოტური რაგბით ტვინი ხო ხედავთ შოტლანდიამ რა გვიქნა.დღეს კლასიკოა.და კიდევ რაგბი ფეხბურთივით მასიური თემა ვერ იქნება ვერასოდეეეეს
Buxrika
13:44 03-12-2016
0
რასაკვირველია ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მოვახდინოთ ნატურალიზება იქამდე სანამ კარგი ბიჭები გაიზრდებიან ჩვენთან, და ისიც 100%-ით მართალია რომ 2 კარგი კლუბი გვჭირდება (სხვანაირად ვერ გავიზრდებით). რაც შეეხება ბუხრიკას, აქ "ჩვენი ქვეყნის" საკითხს განვიხილავთ და შენ წადი სხვისი არჩიე იქ. 13 წლის წინ რაც იყო რაგბი და რაც არი დღეს კი ხედავ, და ფეხბურთიც იგივენაირად 13 წლის რაც იყო და დღეს რაც არი იმასაც ხედავ. ასე რომ შენ აღარავინ შეგეკითხება კიდე ერთ 15 წელიწადში რა სპორტი იყოს საქართველოში ყველაზე პოპულარული. პატარა ბავშვები გიჟდებიან რაგბზე და ფეხბურთი დიდად არ ეპიტნავებათ
რაგბი ჩვენი თამაშია
14:33 03-12-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული