საფრანგეთის ქართული ლეგიონიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, მოულოდნელიც, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის, დავით ქუბრიაშვილის "ტულონიდან" პარიზულ "სტად ფრანსეში" გადაბარგება იყო.
"ტულონი" დღესდღეობით ფრანგულ რაგბიში ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია. წლეულს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, "ჰაინეკენის თასი" მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში "კასტრთან" მოულოდნელად დამარცხდა.
მიუხედავად ამისა, კლუბის მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი იხტიბარს არ იტეხს და გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ზრუნავს.
როგორც ჩანს,
საფრანგეთის ამ უძველესმა კლუბმა ფინანსური პრობლემები მოაგვარა და ისევ ფრანგული რაგბის ავანგარდში დაბრუნება სურს.
"დუდუს" გარდა, პარიზულ კლუბში მომავალი სეზონიდან კიდევ რამდენიმე ახალი, საკმაოდ ძლიერი მორაგბე ითამაშებს.
ესენია: პირველხაზელები ჰეინკე ფან დერ მერვე (სამხრეთ აფრიკა) და საკარია ტაულაფო (სამოა), მესამეხაზელი სილვენ ნიკოლასი (საფრანგეთი), მგეზავი მორნი სტეინი (სამხრეთ აფრიკა), შუამარბები რიჩარდ კინგი (ავსტრალია) და მეიერ ბოსმანი (სამხრეთ აფრიკა), გარემარბი დიგბი იოანი (ახალი ზელანდია).
შეგახსენებთ, რომ ქუბრიაშვილთან ერთად, "სტად ფრანსეში" კიდევ ერთი ქართველი შერკინების ბურჯი, ზურაბ ჟვანია თამაშობს.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი ფრანგული რაგბის ერთ-ერთმა გრანდმა "კლერმონმა" ერთი წლით ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ლიონში" გაანათხოვრა.
ლიონელები განვლილ სეზონში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ გუნდმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, პირველ დივიზიონში გადასვლა ვერ შეძლო, რასაც გუნდის მწვრთნელები შეეწირნენ.
"ლიონის" ხელმძღვანელებმა ხელშეკრულება საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ავსტრალიელ ტიმ ლეინს გაუფორმეს, რომელსაც ასისტენტობას ყოფილი პირველხაზელი ოლივიე აზამი გაუწევს.
ორივე მათგანი ქართველ მორაგბეებს ძალიან კარგად იცნობს. კოლელიშვილის გარდა, ლეინს და აზამის "ტულონის" პირველხაზელის, ლევან ჩილაჩავას მიწვევაც უნდოდათ, მაგრამ ჩვენებურმა კლუბის გამოცვლა არ ინება.
კოლელიშვილი კი მომავალ სეზონს "ლიონში" გაატარებს და გუნდს პირველ დივიზიონში გადასვლაში დაეხმარება.
ლიონელთა რიგებში რამდენიმე ცნობილი მორაგბე ირჯება. მათ შორის არიან საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი ლიონელ ნალე და მესამეხაზელი სებასტიან შაბალი, ასევე - არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ხუან მანუელ ლეგუსამონი. გასული სეზონი "ლიონში" გაატარა და ისევ ამ გუნდის ღირსებას დაიცავს ქართველი პირველხაზელი გურამ კავთიძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"